ქართველი სპორტსმენების მთავარი მიზანი არის გამარჯვება და ვიბრძვით, რომ ქვეყანას გავუთქვათ სახელი, – ამის შესახებ ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მსოფლიო ჩემპიონი გამოეხმაურა ბოლო პერიოდში ქართველი სპორტსმენების, მათ შორის ქართველი მორაგბეების, მიმართ პოლიტიკურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. ერთ-ერთი ასეთი განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გუშინ გააკეთა.
ლაშა ტალახაძის თქმით, შეეცდება, მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებას. იგი ასევე წარმატებებს უსურვებს ქართველ მორაგბეებს, რომელთაც მომდევნო მატჩები ბელგიასა და რუსეთის ნაკრებებთან აქვთ.
„ჩვენ ვართ პოლიტიკისგან ძალიან შორს. ჩვენი მთავარი მიზანი არის გამარჯვება და ვიბრძვით, რომ ჩვენ ქვეყანას გავუთქვათ სახელი ჩვენი წარმატებით და გამარჯვებით. ჩემი აზრით, სპორტი საქართველოში ძალიან მაღალ დონეზე დგას და ყველას მინდა ვუთხრა, რომ თითოეული ჩვენგანი იბრძვის მხოლოდ გამარჯვებისთვის და საქართველოს სახელის საზღვრებს გარეთ გატანისთვის. ვიმარჯვებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ჰიმნი აჟღერდეს მსოფლიოს ყველა წერტილში.
მინდა, წარმატებები ვუსურვო ქართველ მორაგბეებს, რომლებსაც თამაში აქვთ ბელგიასთან და შემდეგ რუსეთის ნაკრებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მოიპოვებენ გამარჯვებას. ასევე, წელს ჩვენც რუსეთში გვაქვს ევროპის ჩემპიონატი, სადაც მივიღებთ მონაწილეობას. შევეცდები, რომ მოსკოვში საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო და ალბათ, ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში. წარმატებები ქართველ მორაგბეებს. აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
წყარო: lelo.ge