ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) ერთ კვირაში ჩინეთში მსოფლიოს მასტერსზე ნამდვილად იჭიდავებს, მაგრამ თურმე მისი ფეხი, საბოლოო ჯამში, მაინც საოპერაციოა. ოღონდ ოპერაცია საჩქარო არააო. ამის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში გვითხრეს.
მოგეხსენებათ, შავდათუაშვილმა ტრავმა ოსაკაში, „დიდ მუზარადზე“ გამოსვლისას პირველივე შეხვედრაში მიიღო, რის გამოც ის პაექრობა იაპონელ არატა ტაცუკავასთან ვერ დაასრულა და ტატამი კოჭლობით დატოვა. უფრო სწორად, იმ მომენტში მას ძველი ტრავმა გაუმიზეზდა…
ბუნებრივია, ის მაშინვე ანახეს იაპონელ ექიმებს და ზემოაღნიშნული არცთუ კარგი ვერდიქტიც მათ გამოუტანიათ. თან ისიც დაუმატებიათ, ამგვარი ოპერაციის რეაბილიტაციას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება და, შეიძლება, ტოკიოს ოლიმპიადაზეც ვერ იჭიდავოო. ამიტომ შავდათუაშვილმაც ოპერაცია ოლიმპიადის შემდგომი პერიოდისთვის გადადო, მანამდე კი სპეციალური სახვევებით იჭიდავებს.
შავდათუაშვილი ახლაც იაპონიაშია, სადაც ჯერ ოსაკაში, ტურნირის დასრულების შემდეგ გაიარა ერთობლივი საწვრთნელი ვარჯიშები, ახლა კი თანაგუნდელებთან ერთად შეკრებას გადის. კემპზე მასთან ერთად ტურნირში მოჭიდავე დანარჩენი სამი სპორტსმენიც ვარჯიშობდა: ოსაკას „მუზარადის“ მომგები ევროპის მესამე პრიზიორი ბექა ღვინიაშვილი, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (ორივე – 90) და ევროპის ასევე სამგზის გამარჯვებული, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი (100), შეკრებისთვის კი მათ თბილისიდან მსოფლიოსა და ევროპული თამაშების ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი (60) და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილიც (66) შეუერთდნენ. ეს ექვსეული იაპონიაში ორ ჯგუფად გაყოფილი ვარჯიშობს, 10 დეკემბერს კი ჩინურ ქინგდაოში გადავლენ და 12-14 დეკემბერს მსოფლიოს მასტერსში იასპარეზებენ. ჩინეთში მათ კიდევ ექვსი ქართველი ძიუდოისტი შეუერთდება, ვინც რეიტინგით მოიპოვა მასტერში გამოსვლის უფლება. ესენია ევროპის მესამე პრიზიორი ბაგრატ ნინიაშვილი (66), ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, უფროსებში რამდენიმე პრესტიჟული შეჯიბრების გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი (81), საქართველოს ჩემპიონი გიორგი პაპუნაშვილი (90), ასევე ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, უფროსებში კი პრესტიჟული ტურნირების მომგები გელა ზაალიშვილი, ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი ლევან მატიაშვილი (ორივე – +100) და ახალგაზრდა გოგონებში წლევანდელი სეზონის ტრიუმფატორი, 20-წლიანებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, 23-იანებში კი ევროპის პირველობის გამარჯვებული ეთერ ლიპარტელიანი (57).
წყარო: lelo.ge