ლევან მაისაშვილი: რუსეთთან მატჩი ჩემპიონობის გვირგვინი უნდა გახდეს

444
2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში “ბორჯღალოსნებმა” ოთხ შეხვედრაში 19 ქულა მოაგროვა და ნაადრევად გახდა ტურნირის გამარჯვებული – უკვე მე-12-ედ და პირველად ლევან მაისაშვილის თავკაცობით.

გუნდმა ტიტული გასულ შაბათს, “სტად ჟან ბუენზე” პორტუგალიის ბონუსით, 39:24 მოგებით დაიბევა, თუმცა წინ კიდევ ერთი მატჩია, 14 მარტს (16:00 საათზე) “მიხეილ მესხზე” რუსეთის ნაკრებთან. მაისაშვილი იმედოვნებს, რომ დასკვნით შეხვედრაში თამაშის ხარისხი უწინდელზე უკეთესი იქნება:

“სასიამოვნოა, როდესაც ჩემპიონი ხდები, თუმცა ჩემთვის ეს თვითმიზანი არ ყოფილა. მიზანი იყო ტურნირი ლაღი, შემტევი თამაშით მოგვეგო და ნაწილობრივ ეს მიღწეულია, რუსეთთან მატჩი კი ამ ყველაფრის გვირგვინი უნდა გახდეს. მეც და ბიჭებსაც გვაქვს ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და იმედს ვიტოვებთ, რომ დასკვნით შეხვედრაში საკუთარი მიზნების სრულყოფილად რეალიზებას მოვახერხებთ”.

განვლილ მატჩზე

პორტუგალიასთან მიღწეული შედეგით მაისაშვილი კმაყოფილი დარჩა, თუმცა ამბობს, რომ თამაშის ხარისხი ისეთი არ იყო, როგორი მოლოდინიც ჰქონდა:

“შედეგით კმაყოფილი ვარ – ვგეგმავდით ბონუს-ქულით მოგებას, რაც შევასრულეთ და ერთი ტურით ადრე გავხდით რაგბი ევროპის ჩემპიონები. თამაშის ხარისხი ისეთი არ იყო, როგორიც გვსურდა და ამას თავისი მიზეზები აქვს. თავიდანვე ვთქვით, რომ ამ ტურნირზე გაფართოებულ შემადგენლობაში გვექნებოდა როტაცია; ასევე, პოზიციების მონაცვლეობა და ა.შ. შემადგენლობაში ცვლილებები კი შეუთამაშებლობას იწვევს. გარდა ამისა, შეტევებში დავუშვით შეცდომები, რომლებიც არ უნდა დაგვეშვა, დავკარგეთ ბურთი და ორი ლელო კონტრშეტევებზე გავუშვით.

ამან ცოტა აგვრია და ქაოტური, ინდივიდუალური თამაში დავიწყეთ. იყო საკამათო მომენტები რაქებში, რაზეც მსაჯი არ რეაგირებდა და ბიჭებს ჰქონდათ დავალება, პასუხი თავად გაეცათ აგრესიული თამაშით. ეს თავიდან ვერ შევძელით და წნეხში მოვექეცით, თუმცა არც ერთ ეტაპზე არ გაგვჩენია იმის საფრთხე, რომ შეიძლებოდა ვერ მოგვეგო. ბოლომდე ვცდილობდით იმის შესრულებას, რაზეც ნამუშევარი გვქონდა და კარგი ლელოები გავიტანეთ. ჩემს თავს და გუნდს ყოველთვის კრიტიკული თვალით ვუყურებ, თუმცა მთავარი ისაა, რომ დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ყველა თამაშში გვყავს მოწინააღმდეგე, რომელსაც თავისი გეგმები აქვს და შესაძლოა, ყველაფერი ყოველთვის ისე არ გამოვიდეს, როგორც ჩვენ გვინდა”.

პორტუგალიასთან მატჩში ორი დებიუტი შედგა – თორნიკე ჯალაღონიამ და ლაშა ლომიძემ “ბორჯღალოსანთა” კვართით პირველად ითამაშეს. დაგეგმილი იყო, რომ მათ მოედანზე მეტი დრო უნდა გაეტარებინათ, თუმცა ტრავმებმა მწვრთნელების გეგმები შეცვალა:

“დაგეგმილი გვქონდა, რომ მათთვის მეტი სათამაშო დრო მიგვეცა. სამწუხაროდ, ეს არ მოხერხდა, რადგან მატჩის დებიუტში დაუგეგმავი ტრავმები მივიღეთ. ჯალაღონია ადრე რომ ჩაგვერთო თამაშში, შემდგომი ტრავმის შემთხვევაში რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით, რადგან მე-11 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა გიგაური. საწყის წუთებში დაშავდა კაჭარავაც და არ ვიცოდით, როდის გახდებოდა საჭირო მისი შეცვლა. ჯალაღონიასთან და ლომიძესთან ნდობის ნაკლებობის ფაქტორი არ ყოფილა, რადგან ისინი კარგი სარაგბო უნარ-ჩვევების მქონე მოთამაშეები არიან”.

მომავალი მატჩის შესახებ

საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ “ბორჯღალოსნები” შეკრებაზე “შევარდენზე” შევიდა და რუსეთთან მატჩისთვის ინტენსიურად ემზადება. ტრავმები მოიშუშეს და გუნდთან ერთად არიან აკაკი ტაბუცაძე და ლაშა ტაბიძე. ასევე გაფართოებულ შემადგენლობაში დაბრუნდა ბურჯი ლაშა ტაბიძე:

“რაგბი ევროპის ჩემპიონატზე თავიდანვე გვქონდა გათვლილი, რომ იქნებოდა როტაცია შემადგენლობაში. ამას ტრავმებიც დაემატა – კვესელაძე, მოდებაძე, ნარიაშვილი, გიგაშვილი, მიქაუტაძე, გიგაური… როტაციას თან ახლავს ის, რომ გუნდს შესათამაშებლად გარკვეული დრო სჭირდება და გარკვეულ პრობლემებს ესეც ქმნის. ტაბუცაძემ პირველი ორი თამაში ბრწყინვალედ ჩაატარა, მაგრამ ტრავმა მიიღო და პორტუგალიასთან ვერ ვათამაშეთ. ახლა მას ვაკვირდებით და ვნახოთ, შეძლებს თუ ვერა რუსეთთან მოედანზე გასვლას. ტაბიძე გაფართოებულ შემადგენლობაში თავიდანვე იყო და ისევ შემოგვიერთდა. გაჩეჩილაძეს ტრავმა ჰქონდა, ახლა მწყობრშია და სრული დატვირთვით ემზადება”.

მომავალმა მეტოქემ ტურნირის პირველი ორი მატჩი დათმო – შინ ესპანეთთან 12:31 ა სტუმრად ბელგიასთან 12:38. სამაგიეროდ, მოიგეს მომდევნო ორი შეხვედრა – პორტუგალიასთან 19:18 და რუმინეთთან 32:25:

“რუსეთმა პირველი ორი შეხვედრა საკუთარი შეცდომების გამო დათმო, რაც ბოლო ორ მატჩში მკვეთრად გამოასწორა. მეტოქის დაუფასებლობა არ იქნება, მით უმეტეს, ეს თამაში ჩვენთვის ყოველთვის პრინციპულია. რუსები შეტევაში აგრესიულები არიან და ეცდებიან, დაარღვიონ ის უსიამოვნო ტრადიცია, რასაც ჩვენთან წაგებების სერია ჰქვია, მაგრამ მთავარია, ჩვენ არ დავუშვათ ისეთი შეცდომები, რომლებიც მეტოქეს სწრაფი კონტრშეტევის შესაძლებლობებს მისცემს, რაც მათ კარგად ეხერხებათ. ჩვენი მიზანი ამჯერადაც აგრესიული, შემტევი რაგბის თამაში იქნება, რაც პორტუგალიასთან რიგ შემთხვევებში გამოგვდიოდა, თუმცა იყო ეპიზოდები, როდესაც ამას ვერ ვახერხებდით. ვეცდებით, მოწინააღმდეგეს ბურთის შენელების საშუალება არ მივცეთ და დაცვაში უფრო ხისტები ვიყოთ”.

“ბორჯღალოსნებს” “დათვებთან” აქამდე 23-ჯერ უთამაშია და მეტოქემ მოიგო მხოლოდ ერთი, სულ პირველი მატჩი 1993 წელს (9:15), ერთხელ კი ფრე დაფიქსირდა (12:12 2002 წელს). დანარჩენ 21 შემთხვევაში გამარჯვებული საქართველო იყო, აქედან ბოლო 18 შეხვედრაში ზედიზედ.
წყარო: sportall.ge
SHARE