ლევან მოსეშვილი და ლეგენდა მადრიდის „რეალის“ ძლევაზე

721

ლევან მოსეშვილი – თბილისის “დინამოს” კალათბურთელ ვაჟთა იმ გუნდის წევრი, რომელმაც 1962 წელს ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა. 13 წელიწადი (1960-1972) იცავდა მის ღირსებას.

მოხდენილი გარღვევების დიდოსტატმა ამ ხნის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია: სსრ კავშირის ჩემპიონატების ოქროს (1968), სამი ვერცხლისა (1960, 1961, 1969) და ერთი ბრინჯაოს (1965) მედალი მოიპოვა. გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონთა თასისა (1962) და საბჭოთა კავშირის თასის (1969) გათამაშებებში; ევროპის ჩემპიონთა თასისა (1960) და თასების მფლობელთა თასის (1969) ფინალისტია.

1972 წლიდან ორი ათეული წლის განმავლობაში მშობლიურ “დინამოს” ედგა სათავეში, როგორც მთავარი მწვრთნელი. ერთი წელიწადი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის (სდასუ) კალათბურთელებს წვრთნიდა და ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ხუთი წელიწადი “თბილავიამშენს” ავარჯიშებდა. ლევან მოსეშვილის ხელმძღვანელობით ავიატორებმა ერთხელ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვეს (2006), ორჯერ ვერცხლის მედლები დაიმსახურეს, 2007 წელს ქვეყნის თასს დაეუფლნენ.

ეს მხოლოდ სტატისტიკური მონაცემებია, რომლებიც ოქროს გულის, უსაზღვრო პატრიოტის, უდიდესი ვირტუოზისა და დამრიგებლის ბიოგრაფიას ამშვენებს.

ბატონ ლევანთან არაერთხელ მისაუბრია. ბევრი საინტერესო ამბავი მოუყოლია, განსაკუთრებული სიყვარულით ყმაწვილობის წლებს იხსენებდა.

– ბავშვობისას კალანდაძის ქუჩაზე ვცხოვრობდი, – მითხრა ერთხელ ვეტერანმა სპორტსმენმა. – ერთ საღამოს ვერის ბაღიდან ყიჟინის ხმა მოაწყდა ფანჯრებს. თანატოლებთან ერთად ღია მოედნებისკენ გავიქეცი. იქ კი იმდენი ხალხი შეჯგუფულიყო, ნემსიც არ ჩავარდებოდა, მატჩი რომ დამთავრდა, უფროსებისგან შევიტყვეთ, რომ კალათბურთელთა საკავშირო ჩემპიონატი დაიწყო. არცერთი შეხვედრა არ გაგვიცდენია. მაშინ ჩემპიონობა მოიპოვა თბილისის “დინამომ”, რომლის შემადგენლობაში ქართული კალათბურთის კორიფეები – ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, გურამ მინაშვილი, ვაჟა ჟღენტი, ვაჟა გვანცელაძე, ალექსანდრე კილაძე, ლევან ინწკირველი, ჯუმბერ ნიჟარაძე, გურამ და გივი აბაშიძეები გამოდიოდნენ…

იმ ჩემპიონატმა გადაწყვიტა ლევან მოსეშვილი სამომავლო კარიერა – 13 წლისა ცნობილ მწვრთნელ შალვა დიასამიძეთან კალათბურთის სექციაში ჩაეწერა და იმ დღიდან სხვა არჩევანზე არც უფიქრია… მერე მიხეილ კეკელიძე ავარჯიშებდა, მოგვიანებით კი გიორგი ავალიშვილის “დინამოში” აღმოჩნდა.

16 წლის ყმაწვილი უკვე 192 სანტიმეტრი სიმაღლის იყო. ახალგაზრდა კალათბურთელი ხშირად დინამოელთა ძირითადი შემადგენლობის გვერდით ვარჯიშობდა და ამ სახელოვან გუნდში მოხვედრაზე ოცნებობდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტში აპირებდა გამოცდების ჩაბარებას, ამიტომ “დინამოს” სტაჟიან ექიმს – ალექსანდრე კილაძეს ჰკითხა რჩევა. ერთდროულად კალათბურთელობა და ექიმობა გაგიჭირდება, უმჯობესია, სხვა სპეციალობა აირჩიოო, დამოძღვრა უფროსმა კოლეგამ. მანაც დაუჯერა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა. იქაურ კალათბურთელთა გუნდშიც მოხვდა. 1960 წელს გიორგი ავალიშვილმა თბილისის “დინამოში” მიიწვია და პირველად მოსკოველ თანაკლუბელთა წინააღმდეგ ათამაშა. დებიუტანტმა იმ დღეს გუნდს 30 ქულა შესძინა. იმავე წელს ლევან მოსეშვილმა გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაშიც მიიღო მონაწილეობა და ფინალსაც უწია.

– გასული საუკუნის 50-60-იანი წლების მიჯნაზე თბილისის “დინამო” თამაშის კლასით აშკარად აღემატებოდა საკავშირო ჩემპიონატებში მონაწილე გუნდების უმრავლესობას. 1960 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალშიც რიგის არმიელებთან წაგების მიზეზი რა იყო? – ვკითხე მაშინ ბატონო ლევანს.

– ალბათ, ზედმეტი თავდაჯერებულობა. აი, ნახე, რას წერს ლატვიელთა მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ გომელსკი. – მითხრა ევროპის ჩემპიონმა და გაზეთ “ლელოს” 1960 წლის პირველი მაისის ნომერი გამომიწოდა.

“ჩვენ ადრეც, ჩემპიონატიც დაწყებამდეც, ვიცოდით, რომ ფინალში მოგვიწევდა თბილისის “დინამოსთან” თამაში. ეს გუნდი დღეს სამართლიანად ითვლება ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად. უკანასკნელი ორი სეზონის მანძილზე ჩვენს გუნდს არა აქვს სახარბიელო შედეგები თბილისის “დინამოსთან” შეხვედრებში. გასულ წელს რიგელი სპორტსმენები ორჯერ შეხვდნენ თბილისელებს და ორჯერვე დამარცხდნენ. ჩვენ წლეულსაც წავაგეთ თამაში თბილისის “დინამოსთან” და სწორედ ამიტომ შევეცდებით საპატიო რევანშის აღებას, თუმცა წინასწარ ვგრძნობ, რომ ეს არ იქნება იოლი საქმე… ეს ის გუნდია, რომელსაც შეუძლია კრიტიკულ მომენტში ძალების არაადამიანური მობილიზება და თითქმის შეუძლებლის შესრულება. საბჭოთა კალათბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა 1959 წლის “ლეგენდარული მატჩი”, სადაც სამმა ქართველმა უთანასწორო ბრძოლაში დაამარცხა საათის მექანიზმივით აწყობილი ლატვიელთა გუნდი. ეს ფაქტი კომენტარებს არ საჭიროებს”…

– მართალია, რიგელები არაერთხელ დაგვიმარცხებია, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ, რომ ბალტიისპირელთა გუნდი ევროპის ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი და საკმაოდ გამოცდილი კოლექტივი იყო, – განაგრძო საუბარი ლევან მოსეშვილმა, გაზეთი რომ ჩავიკითხე. – დავისაჯეთ კიდეც – შინ 51:61, სტუმრად კი 62:69 წავაგეთ. მეტი გულისყური რომ გამოგვეჩინა, თასი ჩვენი იქნებოდა.

– სამაგიეროდ, ორი წლის შემდეგ უფრო საამაყოდ ხომ აისრულეთ ოცნება!

– მაშინ “დინამოს” მთავარი მწვრთნელი ოთარ ქორქია იყო. მერვედფინალის პირველი მატჩი ბუქარესტში რუმინეთის “ზვეზდას” 77:76 მოვუგეთ, შინ კი 82:77 ვძლიეთ. მომდევნო მეტოქე იყო თურქეთის ჩემპიონი “დარუშაფაკი”. ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შინ გამარჯვებას გეგმავდნენ. ალბათ, ეს იყო მიზეზი, რომ “დარუშაფაკი” სტამბოლის სამხედრო-საზღვაო სასწავლებლის ორი მაღალი კლასის კალათბურთელით – ნედრეთ უიგუჩითა და ჰაშიმულქუ იაქინით გააძლიერეს. მასპინძლებს ამანაც ვერ უშველა – 76:80 დამარცხდნენ.

ცხადია, თურქებს უჭირდათ იმის აღიარება, რომ ჩემპიონთა თასის გათამაშებას გამოეთიშნენ, ამიტომ გვთხოვეს, მეორე დღეს სამხედრო-საზღვაო სკოლის გუნდთან გვეთამაშა. ის პაექრობაც წააგეს. ეს იყო პირველი ქართული სასპორტო დელეგაცია თურქეთში. მატჩის შემდეგ რამდენიმე კაცი მოგვიახლოვდა და ქართულად გამოგველაპარაკა: “ჩვენ აქაური ქართველები ვართ. ადრეც გვინდოდა თქვენთან მოსვლა, მაგრამ გვეშინოდა, რომ თამაშს წააგებდით, თავსაც შეირცხვენდით და ჩვენც შეგვარცხვენდით. ჩვენთვის ყველაფერი ქართული წმინდაა”… ეჰ, იყო ასეთი მომენტიც.

– ბატონო ლევან, ვიცი, რომ განმეორებითი შეხვედრა შინ 84:49 მოიგეთ. მერე იყო ნახევარფინალური ორთაბრძოლები მოსკოველ არმიელებთან…

– დიახ, ნახევარფინალში ცსკას დავუპირისპირდით. არმიელებმა 1961 წელს მოიპოვეს “ვერცხლის კალათა” და დიდი სურვილი ჰქონდათ, ზედიზედ მეორედ დაესაკუთრებინათ ეს პრიზი. არც უსაფუძვლოდ – მაშინ მათს რიგებში გამოდიოდნენ ცნობილი კალათბურთელები – ზუბკოვი, ტრავინი, ვოლნოვი, ასტახოვი, ხარიტონოვი, კორნევი, ლიპსო, ბოჩკარიოვი. თბილისის “დინამოს” ღირსებას კი ჩემთან ერთად იცავდნენ გურამ მინაშვილი, ანზორ ლეჟავა, ვლადიმერ უგრეხელიძე, ვალერი ალთაბაევი, ალექსანდრე კალაძე, ამირან სხიერელი, ლევან ინწკირველი, ილარიონ ხაზარაძე, რეზო გოგელია. პირველ მატჩში მოსკოველებს სტუმრად 75:71 ვაჯობეთ.

საკავშირო სპორტკომიტეტში ატყდა ერთი ამბავი – განმეორებითი პაექრობა დათმეთ, რადგან ცსკა თასის მფლობელია, უფრო გამოცდილი გუნდია და ფინალშიც საბჭოეთის ღირსებას უკეთ დაიცავსო. ყურადღება არაფრისთვის მიგვიქცევია – ჩვენ ვიცოდით, რომ უნდა გვეთამაშა და მოგვეგო. სხვა შედეგს გულშემატკივარი არ გვაპატიებდა. ვითამაშეთ მთელი სულით და გულით, 74:66 გავიმარჯვეთ და ფინალში გავედით, სადაც მადრიდის “რეალს” შევხვდით. რადგანაც ფრანკოს მთავრობამ სამეფო კლუბს საბჭოთა კავშირში ჩამოსვლის უფლება არ მისცა და დინამოელთა მასპინძლობაზეც უარი თქვა, გადამწყვეტი ორთაბრძოლა ნეიტრალურ მოედანზე – 1962 წლის 29 ივნისს ჟენევაში გაიმართა. იმ პაექრობის პერიპეტიები ცნობილია, ამიტომ მატჩის მსვლელობაზე არაფერს ვიტყვი. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ “დინამო” თავიდან ალთაბაევის ორი ზუსტი ტყორცნის შემდეგ დაწინაურდა. ბოლო ორი ბურთი კი მე და ინწკირველმა ჩავაგდეთ. 90:83 – ასეთი ანგარიშით მივაღწიეთ წარმატებას და ევროპის ჩემპიონთა თასიც მოვიპოვეთ…

“ოცდაათი წელიწადია, თვალს ვადევნებ ევროპის კალათბურთელთა თამაშს, მაგრამ ასეთი საინტერესო ბრძოლა ჯერ არ მინახავს. “რეალი” ქარიშხალი და ტექნიკა იყო, “დინამო” – ქარიშხალი, ტექნიკა და სათამაშო დისციპლინა”, – უთქვამს მატჩის შემდეგ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივან უილიამ ჯონსს.

ცნობილია, რომ ჟენევაში “რეალთან” მატჩს ესწრებოდა 82 წლის ქართველი ემიგრანტი, მწერალი გრიგოლ რობაქიძე, რომელმაც თბილისში თავის დას – ლიდას მოსწერა: “მე ძალიან ვღელავდი. გასაგებია, სისხლი! ეს გამარჯვება ქართველების დიდად მნიშვნელოვანია. დავინახე ყამირითგან ამოხეთქილი ძალა ქართული: მაგარი”…

ჟენევის წარმატებიდან ორი წელიწადი გავიდა. ამ მცირე დროის განმავლობაში ლევან მოსეშვილმა არაერთელ მოხიბლა ქომაგები, რაც საკავშირო პრესასაც არ გამოპარვია მხედველობიდან. “თავისი 196 სანტიმეტრი სიმაღლის მიუხედავად, შესაძლოა, იგი მძლეოსანიც გამოსულიყო, უფრო, ალბათ, ათჭიდელი, რადგან ძლიერია, როგორც მტყორცნელი და სწრაფი, როგორც სპრინტერი. მან კი კალათბურთი არჩია. ვფიქრობთ, არც შემცდარა. სხვა დადებით თვისებებთან ერთად ახასიათებს რაღაცნაირი “საკალათბურთო” სიმსუბუქე და მოძრაობისას გასაოცარი კოორდინაცია, კატისებური სიმჩატის ნაბიჯები, რომლის მსგავსიც წლების წინათ მხოლოდ ამერიკელ კალათბურთელებში შეგვიმჩნევია”, – ასე ახასიათებს ლევან მოსეშვილს ტოკიოს ოლიმპიადის წინ გაზეთი “სოვეტსკი სპორტი”.

“მოხდენილი გარღვევების დიდოსტატი”, 24 წლის ჭაბუკი მწვრთნელებმაც “შეამჩნიეს” და საკავშირო ნაკრებში მიიწვიეს.

– რუს კალათბურთელებს მთელი თავით თუ ვერ აჯობებდი, საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხვედრაზე ოცნებაც ზედმეტი იყო. 1963-1964 წლების სეზონში მართლაც შესანიშნავ სპორტულ ფორმაში ვიყავი და საოლიმპიადე გუნდშიც აღმოვჩნდი, რომელსაც ალექსანდრ გომელსკი და იური ოზეროვი ხელმძღვანელობდნენ. მაშინ ნაკრების ღირსებას იცავდნენ იაკ ლიპსო, ალექსანდრ ტრავინი, გენადი ვოლნოვი, ვალდის მუიჟნიეკსი, იანის კრუმინში, ნიკოლაი ბაგლეი, არმენაკ ალაჩაჩიანი, ვიაჩესლავ ხრინინი, იური კორნეევი, იურის კალნინში და ალექსანდრ პეტროვი. ჩემდა სამწუხაროდ, კანადელებთან მატჩში მძიმე ტრავმა მივიღე და გუნდის ექიმის – ზოია მირონოვას მრავალმხრივი მცდელობის მიუხედავად, სრული გამოჯანმრთელება ვერ შევძელი. თუმცა, ფინალურ მატჩში ვოლნოვმა ცუდად ითამაშა. მწვრთნელებმა მოუშუშებელი იარით მოედანზე შემიშვეს. გადამწყვეტი პაექრობა 12 ქულით დავთმეთ და მეორე ადგილი დავიკავეთ.

– იაპონური ბატალიებიდან, ვერცხლის მედლის გარდა, რა დაგამახსოვრდათ?

– ერთ საღამოს ვარჯიშიდან დაბრუნებულებს საცხოვრებელი კორპუსის წინ ჟურნალისტები დაგვხვდნენ. გამოჩენისთანავე გარს შემოგვეხვივნენ. ნიკიტა სერგეევიჩ ხრუშჩოვზე რას იტყვითო, გვკითხეს. “იგი ყოფილი კალათბურთელი და საბჭოთა ხალხის დიდი ბელადიაო”, – სხვებს პასუხი ტრავინმა დაასწრო. “მაშინ ცეკას პირველი მდივნობიდან რატომ მოხსნეს?” – იკითხა ამერიკელმა ჟურნალისტმა. პირი დავაღეთ – სტუმრებისგან შევიტყვეთ “ბელადის” გათავისუფლებისა და ხელმძღვანელ პოსტებზე ბრეჟნევისა და კოსიგინის დანიშვნის ამბავი.

ტოკიოში ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის იყო, რომ საბჭოთა დელეგაციის წევრი ქართველი სპორტსმენებიდან ფრენბურთელი ვაჟა კაჭარავა და მოფარიკავე ნუგზარ ასათიანი ჩემპიონები გახდნენ, სამს ოლიმპიური ვერცხლი, ხუთს კი ბრინჯაო ერგო.

სამწუხარო ის არის, რომ ამიერიდან კალათბურთის მაესტროზე მხოლოდ წარსულში ვილაპარაკებთ.

წყარო: lelo.ge

SHARE