ლევან ყენია: ვერ ვიტყვი, რომ თავს იდეალურად ვგრძნობ, მაგრამ…

351

გუნდთან ერთად ხორვატიაში “საბურთალოს” ახალწვეული ლევან ყენია იმყოფებდა. მას ახალ გუნდზე და ხვალინდელი მატჩის შესახებ მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

– ერთთვიანი მოლოდინის შემდეგ, “საბურთალოში” თამაშის უფლება მიიღეთ და გუნდთან ერთად პირველი ოფიციალური მატჩისთვის ემზადებით. როგორია მოლოდინი?

– პირველ რიგში, ძალიან გამიხარდა, “საბურთალოში” ოფიციალურად რომ ჩავირიცხე და თამაშის უფლება მივიღე. მთავარი კი ისაა, რომ ჯანმრთელად ვარ და შემიძლია, გუნდს დავეხმარო.

– ლუქსემბურგის “დუდელანჟი” მაისში დატოვეთ და მას შემდეგ როგორ ემზადებოდით?

– ინდივიდუალურად, სანამ “საბურთალოში” არ მიმიწვიეს. უთამაშებელი ვარ, მაგრამ არა – უვარჯიშებელი. გუნდში ტირასპოლის “შერიფთან” მატჩამდეც ვვარჯიშობდი.

– რას ფიქრობთ, სათამაშოდ მზად ხართ?

– როცა მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ, გუნდს მაშინ დავეხმარები.

– თავს როგორ გრძნობთ?

– როგორც ყველა ფეხბურთელმა, საზაფხულო პაუზის დროს მეც დავისვენე. მაგრამ ვგრძნობ, რომ “საბურთალოსთან” ერთად ვარჯიშით ფორმაში შევდივარ. ვერ ვიტყვი, რომ თავს იდეალურად ვგრძნობ, მაგრამ ამისკენ მივდივარ. ყოველდღიურად იმისთვის ვინდომებ და ვვარჯიშობ, რომ კონდიციები აღვიდგინო და საპასუხო მატჩში, თუკი ამას მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ, “საბურთალოს” დავეხმარო.

წყარო: lelo.ge

SHARE