მაგარი ტესტი ბორჯღალოსნებისთვის

465

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2020 წლის ნოემბრის ტესტების პირველ მატჩს 7 ნოემბერს საფრანგეთის ნაკრებთან, სენტ ეტიენში გამართავს.

„ბორჯღალოსნებს“ საფრანგეთის ნაკრებთან აქამდე ერთხელ უთამაშიათ. 12 წლის წინათ, საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიოს თასზე ჩვენი გუნდი „ლე ბლოს“ მარსელის „ველოდრომზე“ დაუპირისპირდა და დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს ივლისის ტესტებზე მეტოქედ მსოფლიოს თასის მფლობელი სამხრეთ აფრიკის ნაკრები გვეყოლება. საგულისხმოა, რომ ერთი წლის განმავლობაში ორი ასეთი მაღალი დონის გუნდს ერთად არასდროს შევხვედრივართ.

ამასთან ერთად, დასადგენია ივლისისა და ნოემბრის ტესტების კიდევ ოთხი გუნდის ვინაობა. ჩვენი ნაკრების სავარაუდო მეტოქეები არიან: ფიჯი, ტონგა, სამოა, კანადა, აშშ, ბრზილია, ურუგვაი, არგენტინა და ინგლისი.

„დეკემბრის ბოლომდე, იანვრის დასაწყისში, გულშემატკივრებისთვის კიდევ რამდენიმე სიახლე გვექნება და გვსურდა ყველა ამბავი ერთად მოგვეგროვებინა. საფრანგეთთან ნოემბრის ტესტი დაახლოებით იმავე პერიოდში დაიგეგმა, რა პერიოდშიც სამხრეთ აფრიკას შევუთანხმდით. თუმცა დასაზუსტებელი იყო მატჩის გამართვის თარიღი და სტადიონი. საფრანგეთში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს. იქ ჩასვლა ყველა ქვეყნიდან იოლია და, ვფიქრობ, „ბორჯღალოსნების“ თამაშის ხილვის შესაძლებლობა ბევრ ქომაგს ექნება“. – თქვა რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

წყარო: lelo.ge

SHARE