იტალიურ სოლარინოში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომლის ერთეულთა შეჯიბრებაში წარმატებით თამაშობს მეორე ნომრად განთესილი მარიამ ბოლქვაძე. გუშინ მერვედფინალში იგი ესპანელ ხულია პაიოლას დაუპირისპირდა. შეხვედრა 2 საათსა და 51 წუთს გაგრძელდა. მეტოქეებმა თითო ეისი მიითვალეს და 5-5 ორმაგი შეცდომა დაუშვეს. ჩვენებურმა 21-დან მხოლოდ 10 ბრეიკპოინტის რეალიზება შეძლო, ესპანელმა 8-დან ოთხი შანსი გამოიყენა.
მატჩში განსაკუთრებით დაძაბული და დრამატული პირველი ხელი აღმოჩნდა. თავიდან პაიოლა დაწინაურდა 5:3, შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა პირენეელს ზედიზედ სამი გეიმი აართვა და თავად გავიდა წინ – 6:5, მაგრამ უპირატესობის ბოლომდე რეალიზება ვერ მოახერხა და სეტი ტაიბრეიკზე დათმო – 6:7. მეორე და მესამე სეტებში კორტის ბატონ-პატრონი ბოლქვაძე იყო და იოლადაც გაიმარჯვა – 6:1, 6:0.
მეოთხედფინალში მარიამი ურთიერთობას ხორვატ იანა პეტთან გაარკვევს. ამ უკანასკნელმა შვეიცარიელი სუსან ბანდეჩი ჩამოიშორა გზიდან – 6:2, 7:6.
წყვილებში ბოლქვაძე მონიკა კილნაროვასთან (ჩეხეთი) იყო შეამხანაგებული. ქართულ-ჩეხური დუეტი გუშინ მეოთხედფინალში ასპარეზობის მეოთხე ნომრებს – კლაუდია ჯოვანისა (იტალია) და ტერეზა მდრეზას (ხორვატია) დაუპირისპირდა და ორ სეტში 4:6, 2:6 დამარცხდა.
იტალიური ტურნირის საბოლოო შედეგის მიუხედავად, ბოლქვაძე სოლარინოში დარჩება და მომდევნო კვირასაც აქაურ ახალ 25.000-იან შეჯიბრებაში მოსინჯავს ძალებს.
შარმ ელ შეიხის 15.000-იან ტურნირს გამოეთიშა მარიამ დალაქიშვილი. მეორე წრეში ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელი მესამე ნომრად განთესილ კორეელ ეუნჰი ლის ვერ გაუმკლავდა – 2:6, 3:6.
წყარო: lelo.ge