წინა ორი კვირის შედეგების გათვალისწინებით ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციებმა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს. ამერიკის ღია პირველობაზე მიღწეული წარმატებით მარიამ ბოლქვაძე 46 საფეხურით დაწინაურდა და ახლა 156-ე ადგილზეა. ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მხოლოდ ერთი ადგილით გადაინაცვლა წინ და 1895 ქულით მე-17 ადგილზეა. წყვილებში კი 5 საფეხურით ჩამოქვეითდა და 174-ეა.
ქალები
ერთეულები. 156 (202). მარიამ ბოლქვაძე (398), 234 (211). ეკატერინე გორგოძე (252), 433 (439). სოფიო შაფათავა (93), 821 (815). მარიამ დალაქიშვილი (21), 962 (948). სალომე დევიძე (13), 1130 (1111). ოქსანა კალაშნიკოვა (6), 1199. ზოზია ქარდავა (4), 1229 (1218). ანა მაქაცარია (4).
წყვილები. 59 (60). ოქსანა კალაშნიკოვა (1395), 166 (171). სოფიო შაფათავა (446), 249 (252). ეკატერინე გორგოძე (298), 371 (341). მარიამ ბოლქვაძე (183), 1239 (1233). მარიამ დალაქიშვილი (9).
* * *
მიმდინარე კვირას რამდენიმე ქართველი ჩოგბურთელი უცხოურ ტურნირებში ცდის ძალებს. თბილისელი სოფიო შაფათავა ჩინური ნანჩანის ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე ხორვატ იანა ფეტთან დამარცხდა, მაგრამ წყვილებში გუშინ ინგლისელ ემილი ვებლი-სმითთან ერთად პირველი გამარჯვება იზეიმა: ამერიკელებს – ჟაკლინ კაკოსა და ინგრიდ ნიილს 64 წუთში აჯობა – 6:3, 6:3. სოფიომ და ემილიმ 3 ორმაგი შეცდომა დაუშვეს და 4-დან 2 ბრეიკპოინტი გამოიყენეს, ოკეანისგაღმელები ოთხჯერ შეცდნენ და 9 ბრეიკპოინტიდან 4 შანსის რეალიზება შეძლეს.
ქართულ-ბრიტანული დუეტის მეოთხედფინალური მეტოქე დღეს გამოვლინდება: ერთმანეთს დალილა იაკუპოვიჩი (სლოვენია)-ჯესიკა მურისა (ავსტრალია) და ქსიუ ლიუ სანი-ვუშუან ჩჟენის (ორივე – ჩინეთი) ტანდემები დაუპირისპირდებიან.
ჩეხეთის 25.000-იან ტურნირში მესამე ნომრადაა განთესილი ეკატერინე გორგოძე. იგი მეტოქეს კვალიფიკაციიდან ელის.
კაიროს (ეგვიპტე) ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 15.000 დოლარი) ითამაშებს ზოზია ქარდავა. სტარზე იგი კამილა დიეზს (იტალია) დაუპირისპირდება. წყვილებში ქარდავა და რუსი ირინა შჩეტინინა მეოთხე ნომრად განთესილ მინამი აკიამასა (იაპონია) და მარგარიტა ლაზარევასთან (რუსეთი) გაარკვევენ ურთიერთობას.
* * *
ქართველ ჩოგბურთელ ვაჟებს მიმდინარე კვირას ტურნირებისთვის არ სცხელათ – ისინი საქართველოს ნაკრების (კაპიტანი დავით კვერნაძე) შემადგენლობაში ნორვეგიასთან დევისის თასის მე-2 ევრო-აფრიკული ზონის მატჩისთვის ემზადებიან. ამ პაექრობას 13-14 სექტემბერს ოსლო უმასპინძლებს. დევისის თასის ოფიციალურ ვებგვერდის მიხედვით, საქართველოს ნაკრებში არ იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილი. ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავენ ალექსანდრე მეტრეველი (რეიტინგით 720-ე), გიორგი ცივაძე (933-ე), საბა ფურცელაძე (1876-ე), ალექსანდრე ბაკში (ურეიტინგო) და ნიკოლოზ დავლიანიძე (ურეიტინგო).
ორდღიან პაექრობებში უპირობო ფავორიტია მასპინძელთა გუნდი (კაპიტანი ანდრეს ჰასეტი) პირველი ასეულის მოთამაშე კასპერ რუდის მეთაურობით. ეს უკანასკნელი მსოფლიოს კლასიფიკაციაში 955 ქულით მე-60 ადგილზეა. მასთან ერთად საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზებენ ვიქტორ დურაშოვიჩი (323-ე), ლუკას ლილენგენი (1534-ე), სიმენ ბრატჰოლმი (ურეიტინგო) და ანდრეა პეტროვიჩი (ურეიტინგო).
წყვილში უძლიერესის გამოსავლენად ნაკრებმა ხუთიდან სამი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს.
წყარო: lelo.ge