…მას მერე მე ვურტყამ პენალტებს – გიორგი ხარაიშვილი

383

გეტებორგი შვედეთის დასავლეთში მდებარეობს, თუმცა განედს თუ გავყვებით, ვორკუტასა და სალეხარდის დონეზეა და რომ არა გოლფსტრიმის თბილი დინება, ციმბირივით ყინვიანი იქნებოდა. თეთრი დათვების რა მოგახსენოთ და ეს ქალაქი კი ივლისის შუა კვირაში მსოფლიო ახალგაზრდული საფეხბურთო ცენტრი ხდება, რადგან “გოტია ქაფი” იმდენად პოპულარულია დუნიაზე, რომ “თურქიშ აირლაინის”, “მაკდონალდსის”, “კოკა კოლას”, “ფოლკსვაგენის” სამიზნეა სასპონსორედ…

ჰოდა ამ ქალაქში დადის ერთი მარნეულელი ბიჭი, რომელზეც გეტებორგელი ფანები გიჟდებიან, რადგან ოდესღაც ძლევამოსილ “იფკ გეტებორგის” კლუბში ახალი სისხლი შემოიტანა და კლუბის გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა.

ოლიმპისა და საბურთალოს აღზრდილი 22 წლის გიორგი ხარაიშვილს სიმაღლის, წონისა და ათლეტიზმის გარდა, ნახევარმცველისთვის შესაშური მონაცემები აქვს – საბურთალოს მაისურით ჩატარებულ 112 მატჩში 55 გოლი გაიტანა, ანუ 1 გოლი ყოველ მეორე თამაშში! გიორგი “ორფეხა” ფეხბურთელია, თანაც პენალტივით ურტყამს ჯარიმებს და კუთხურებს კი ილია დათუნაშვილივით აწვდის, აკი ჩაახვია კიდეც რამდენჯერმე საგოლედ. მოკლედ, შვედეთში გადავიდა და იქაც უმალ გახდა კერპი – სეზონში 9 გოლი შეაგდო, ამდენივე საგოლე გააკეთა და გუნდი უმაღლეს ლიგაში დატოვა!

მისი კაცობა კი მაშინ გამოჩნდა, როცა “გოთია ქაფზე” ჩასული “ვიტ ჯორჯიას” ახალგაზრდული გუნდის ჩასვლის შესახებ შეიტყო – მყის მოვიდა “კატერინელუნდის” სკოლაში, სადაც ქართველები იყვნენ დაბანაკებული და “გეტებორგის” საშინაო მატჩზე ბილეთები მოუტანა….

– გიორგი, ასე უცებ როგორ შეეწყვე გუნდს, რომ ადაპტაციაც არ გაგჭირვებია?

– მთლად მასე არაა, თავიდან გამიჭირდა, თუმცა უფრო ტრავმის ბრალი იყო, როცა მოვირჩინე, ავთამაშდი და იმდენად კარგ ბიჭებთან მოვხვდი, უცებ გამოვნახეთ საერთო ენა.

– შვედური ისწავლე?

– შვედური საკმაოდ რთული ენაა, ინგლისური ვიცი და ფეხბურთელებიც და მწვრთნელიც ამ ენაზე მესაუბრებიან.

– შტატიანი პენალტისტიც ასე უცებ როგორ გახდი?

– ჩვენმა პენალტისტმა, სოლომონსონმა პენალტი გააცუდა და რიგში მეორე მე ვიყავი. იმის მერე მე ვურტყამ პენალტებს…

– ჯარიმები ასე კარგად როგორ გამოგდის? საგანგებოდ ვარჯიშობ?

– რა თქმა უნდა, გუნდის ვარჯიშის მერე ვრჩები და საგანგებოდ ვხვეწ ამ კომპონენტს.

– გუნდი შარშან გავარდნას გადაურჩა, ამ სეზონში რა მიზნები გაქვთ?

– რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება ჩემპიონატში. 16 გუნდიან შეჯიბრებაში ჯერჯერობით მეხუთე ადგილზე ვართ 29 ქულით, თუმცა მესამე ადგილისთვის ბრძოლა შეგვიძლია, სულ 1 ქულაა სხვაობა ჩვენსა და თანაქალაქელ “ჰეკენს” შორის. 16 ტურში 15 მატჩი ვითამაშე და 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა ჩემს ანგარიშზე (ამ მაჩვენებლით გიორგი შვედეთის ჩემპიონატში ლიდერია! ლ.ც.).

– დაოჯახებული ხარ?

– კი, ჩემი მეუღლე ნინიკო სირაძე ილიაუნის სტუდენტია, ფსიქოლოგიურზე სწავლობს. სხვათა შორის, ფუტზალის ლიცენზირებული მწვრთნელია, ჯერჯერობით ბავშვი არ გვყავს…

– შარშანდელი კარგი სეზონის შემდეგ “აიაქსი” იყო დაინტერესებული, პრესაშიც დაიწერა ამის შესახებ…

– მეც პრესიდან გავიგე, ჩემი საქმე ფეხბურის თამაშია და რომელ გუნდშიც უნდა ვიყო, შევეცდები საუკეთესოდ წარმოვაჩინო თავი…

– მსოფლიოს უდიდეს ბავშვთა ტურნირს, “გოტია ქაფს” თუ ესწრები ხოლმე?

– სამწუხაროდ დრო არ მრჩება, ვარჯიშები და თამაშები… თუმცა ეს ტურნირი ძალიან პოულარულია შვედეთში და მეტიც: ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის თავის გამოჩენის ჩინებული საშუალებაა – ტურნირზე ერთი კვირის განმავლობაში ასამდე სკაუტი გაკვირდება! კარგად ითამაშებ და შესაძლოა კარგ კონტრაქტსაც გამოჰკრა ხელი – აგერ ჩემი ნიგერიელი თანაგუნდელის, 19 წლის ალჰასან იუსუფ აბდულას მაგალითიც კმარა: იგი შარშან იყო ჩამოსული “გოტია ქაფზე” ნიგერიის ერთ-ერთი გუნდის, “აბუჯა ჰართსის” შემადგენლობაში და ყველა მატჩი ისე მაგრად ითამაშა, რომ ტურნირის შემდეგ მყისვე გაუფორმეს კონტრაქტი და წელს ლამის ყველა მატჩი ითამაშა ძირითადში ნახევარდაცვაში.

…”გეტებორგის” ბოლო მატჩს “აფკ იუნაიტედთან” “გამლა ულევის” მედია ლოჟიდან ვუყურე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენებური გუნდის საუკეთესო მოთამაშეა – ყველა შეტევა მისგან იწყებოდა და აკი საგოლე გადაცემაც მან გაუკეთა რობინ სოდერს, თუმცა სამჯერ შეეძლო გატანა და ამას მხოლოდ გაუმართლებლობას თუ დავარქმევთ, ისეთი გოლები არ გავიდა, თორემ ღმერთმა ტექნიკა უხვად დააბერტყა გიორგის…

კიდევ ერთი ციფრი მინდა აღვნიშნო, რაშიც გიორგი ლიდერია შვედეთში – ე.წ. “ქი პასები”, ანუ საგოლე გადაცემები, რომლებიც გოლით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვერ გაიტანეს. გიორგის 15 მატჩში უკვე 35 ასეთი გადაცემა აქვს, მაშინ, როცა სხვა გუნდის “ფლეიმეიქერები” 20 საგოლე გადაცემას ვერ ასცდნენ 16 ტურში.. საოცრად უყვართ ხარაიშვილი გეტებორგში და ფანებმა ყველაზე თბილად ის გააცილეს…

თამაშს დაესწრნენ ვიტ ჯორჯიას პატარა ფეხბურთელები, რომლებიც “გოტია ქაფზე” სათამაშიდ არიან ჩამოსულები. ისინი მთელი მატჩი სკანდირებდნენ – გიორგი, გიორგი!

მოკლედ, ამ თბილმა ბიჭმა ცივ გეტებორგში თავი საკმაოდ გამოიჩინა და იმედია მალე ცივი შვედეთიდან უფრო თბილ ქვეყნებში გადავა და უკეთეს ჩემპიონატში ითამაშებს!

წყარო: lelo.ge

SHARE