“გამარჯობა, მე მინო ვარ. არ დამიტოვოთ ხმოვანი შეტყობინება, ტექსტური ჯობია“, – მინო რაიოლას ეს ავტომოპასუხეც კი საკმარისია იმისთვის, რომ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი აგენტის პორტრეტისთვის რაღაც შტრიხები მოვხაზოთ…
რა გასაკვირია და, დღის განმავლობაში ის უამრავ ზარს იღებს. საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრი დრო არ აქვს და ურჩევნია, ფოსტა იკითხოს, ვიდრე ვინმეს უსმინოს… ისე, ამ ზაფხულს მის ტელეფონზე განსაკუთრებულად ხშირად რეკავენ…
ის იყო უშუალო მონაწილე მატიის დე ლიხტის „იუვენტუსში“ ტრანსფერის, რაც 75 მილიონი ევრო დაჯდა და 19 წლის ბიჭისთვის წარმოუდგენლად დიდი თანხაა…
მერე თავისი ძველი კლიენტი მარიო ბალოტელი დააბინავა „ბრეშაში“; მოიზეს კინი „იუვენტუსიდან“ 27.5 მილიონ ევროდ გაუშვა „ევერტონში“, ხოლო „ნაპოლის“ „პსვ ეინდჰოვენიდან“ 40 მილიონ ევროდ გაუჩარხა ირვინგ ლოსანოს ტრანსფერი…
* * *
51 წლის რაიოლას წარმატებულმა საქმიანობამ და სიტუაციის სწორად აღქმის გამორჩეულმა ნიჭმა ბევრ დამწყებ ფეხბურთელს შეუცვალა ცხოვრება და ვარსკვლავებად აქცია. ფაქტია, დღეს მას ლამის ისე ხვდებიან ფანები, როგორც მის სახელოვან კლიენტებს, სთხოვენ ავტოგრაფებს… ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო მისი ჩასვლა ტურინში მატიის დე ლიხტთან ერთად.
„იუვენტუსის“ სამედიცინო ცენტრთან, სადაც ახალგაზრდა ჰოლანდიელს კონტრაქტის გაფორმებამდე შემოწმება უნდა გაევლო, თაკარა მზეზე უამრავი გულშემატკივარი იყო შეკრებილი. გადმოვიდა თუ არა რაიოლა ავტომანქანიდან, ჟურნალისტებმა ვიდეოკამერები და მიკროფონები მოიმარჯვეს, ფანები კი ავტოგრაფებისთვის ეცნენ… წარმოიდგინეთ, ზოგიერთი მის სახელსაც კი სკანდირებდა…
მის სიტყვებს დიდი წონა აქვს საფეხბურთო წრეებში. ზოგადად, მინო უხეში ტიპია, მკვახე გამონათქვამები ახასიათებს, თუმცა ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობისას ზედმიწევნით არჩევს თითოეულ სიტყვასა თუ ფრაზას. ის ამბობს ზუსტად იმდენ სიტყვას, რამდენიც საქმისთვისაა საჭირო, რაც უნდა ვიცოდეთ კონკრეტული მომენტისთვის – არც მეტი, არც ნაკლები.
ის იშვიათად პასუხობს მედიის ზარებს, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტს, რომ აბეზარ ჟურნალისტებს უპასუხოს, ეგრევე აფრთხილებს – „იცოდეთ, საუბარს ვიწერ“. ამით ის თავს იზღვევს, რომ პრესაში გავრცელდეს ზუსტად ის ინფორმაცია, რაც მას ან მის კლიენტს სჭირდება, რაც საქმეს არ გააფუჭებს…
ის არ არის სტანდარტული ტიპი. თითქმის ვერასოდეს ნახავთ პიჯაკში. მოლაპარაკებებზეც კი ხშირად შორტებით დადის. ამჟამად ოჯახთან ერთად მონაკოში ცხოვრობს. 2014 წლიდან აქვს გვერდი „ტვიტერზე“, თუმცა იშვიათად პოსტავს. ამ დროის განმავლობაში მის გვერდზე მხოლოდ 46 „ტვიტია“ და ისიც მის კლიენტებზე გავრცელებული ინფორმაციების უარყოფას ეხება. ხანდახან ის პასუხობს იმ ხალხსაც, ვინც მის ფეხბურთელებს აკრიტიკებს.
მაგალითად, ყველამ იცის მისი არცთუ მეგობრული დამოკიდებულების შესახებ პოლ სქოულზთან. „მანჩესტერის“ ლეგენდა ხშირად აკრიტიკებს იმ გუნდის მოთამაშეებს, სადაც რაიოლას კლიენტები თამაშობდნენ (ზლატან იბრაჰიმოვიჩი) და დღესაც თამაშობენ (პოლ პროგბა). ცხადია, მინო ამას გულგრილად ვერ აუვლის გვერდს. „გამარჯობა, პოლ სქოულზ“, – ეს მისი საფირმო მიმართვაა და ამით უკვე ყველა ხვდება, რომ ეს არ არის გულთბილი მოკითხვა…
ურთიერთობის უხეშმა სტილმა ის ბევრ ცნობილ მწვრთნელთან დააპირისპირა. მან „მშიშარა“ და „ძაღლი“ უწოდა პეპ გვარდიოლას, როცა „ბარსელონაში“ არ ათამაშებდა ზლატან იბრაჰიმოვიჩს…
„განავლის ნაჭრად“ მოიხსენია იურგენ კლოპი, რომელიც „ლივერპულში“ არ სწყალობდა მარიო ბალოტელის, ხოლო „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მის თვალში პირწავარდნილი „ბენიტო მუსოლინი“ იყო…
რა თქმა უნდა, მასთან პრობლემები ჰქონდათ თავად მწვრთნელებსაც. სერ ალექს ფერგიუსონმა რაიოლას „განავლის ტომარა“ უწოდა და „იუნაიტედის“ ოფისსა და ბაზაზე „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა. ფერგი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ახსენებს რაიოლას და წერს: „მე მას არ ვენდობოდი იმ დღიდან, რაც შევხვდი“.
რაიოლას ცუდი ურთიერთობა აქვს საფეხბურთო ჩინოსნებთანაც. გაზაფხულზე ფიფამ ის 3 თვით მოკვეთა (რაც ჯერ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაუწესა) მათ მიმართ კრიტიკის გამო, თუმცა სასამართლომ ვადაზე ადრე მოუხსნა აკრძალვა, რაკი მასში „პოლიტიკური მოტივები“ დაინახა…
რაიოლა 1967 წლის ნოემბერში იტალიის ქალაქ სალერნოში დაიბადა. 70-იანი წლების ბოლოს მისი ოჯახი საცხოვრებლად ჰოლანდიის ქალაქ ჰაარლემში გადავიდა, სადაც პიცერია გახსნა. მოზარდი მინო დედას და მამას ყველანაირ შავ სამუშაოში ეხმარებოდა…
მოგვიანებით ის ყვებოდა, რომ ჰაარლემის პიცერიაში გატარებულმა პერიოდმა ბიზნესის უნარ-ჩვევები ჩამოუყალიბა, რაც შემდეგ დიდი საფეხბურთო გარიგებებისთვის გამოიყენა.
„ჩემი ოჯახი ყოველთვის ბევრს მუშაობდა. ჩვეულებრივი მომენტია, რომ ამაში მეც ვეხმარებოდი“, – ამბობს შვიდ(!) ენაზე მოლაპარაკე რაიოლა გერმანულ ჟურნალ 11 FREUNDE-სთან ინტერვიუში და იქვე დასძენს:
„მე უფროსი ვაჟი ვიყავი ოჯახში. ჰოლანდიური მამაჩემზე უკეთ ვიცოდი და ამიტომაც გავხდი მისი კონსულტანტი, მისი მენეჯერი. ბიზნესმოლაპარაკება იქნებოდა, თუ რაიმე საქმის ორგანიზება, ეს ყველაფერი ჩემზე იყო. რესტორანში მუშაობით ბევრი რამ ვისწავლე, ეს ძალიან დიდი სკოლა იყო ჩემთვის“.
მუდმივმა თვლამ რაიოლას გონებრივი არითმეტიკის საოცარი უნარიც გამოუმუშავა. Bleacher Report-ის ჟურნალისტი ტიის სლეგერსი ყვება:
„რაც მე მოვისმინე იმ ადამიანებისგან, ვინც მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან მჯდარა, რაიოლას შეუძლია უფრო სწრაფად გამოთვალოს თავში რაღაც არითმეტიკული ოპერაცია, ვიდრე კალკულატორმა“.
სწორედ სლეგერსი იყო ის ადამიანი, ვინც რაიოლა და იბრაჰიმოვიჩი ერთმანეთს შეახვედრა. შვედმა მეგობარ ჟურნალისტს (თურმე, იქაც მოსულა ჟურნალისტისა და ფეხბურთელის მეგობრობა) დახმარება სთხოვა ახალი აგენტის პოვნაში. სლეგერსი მაშინ ჰოლანდიური საფეხბურთო ჟურნალის Voetbal International-ში მუშაობდა.
მან ზლატანისთვის 3 პერსპექტიული აგენტი შეარჩია. რა თქმა უნდა, შეხვედრები ცალ-ცალკე დაიგეგმა. პირველი შეხვედრა რაიოლასთან იყო. იბრაჰიმოვიჩი და მისი მეგობარი ჟურნალისტი მინოს სუშის რესტორანში ელოდნენ…
ზლატანი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში იმ დღეს იხსენებს და ამბობს, რომ შოკში ჩააგდო რაიოლას დანახვამ. ეტყობა, კოსტუმში გამოწყობილ ქეისიან ტიპს ელოდა. შემდეგ საინტერესოა ჟურნალიტ სლეგერსის მონაყოლი:
„მინო შემოვიდა, როგორც მინო, როგორც მას ახასიათებდა ყოველთვის. მას არასოდეს აინტერესებდა მოდური კოსტუმები… მოკლედ, ვსხედვართ სუშის რესტორანში და ვცდილობთ დავიწყოთ საუბარი… და უცებ მინო ეკითხება ზლატანს – „საათი, რომელიც გიკეთია, საკმაოდ ძვირია, არა?“ „კი, საკმაოდ ძვირია“, – პასუხობს ზლატანი…
მეორე კითხვა – „რამდენი გოლი გაიტანე?“ დაახლოებით თებერვალი იყო. იბრამ უთხრა რომ 6 გოლი ჰქონდა გატანილი. მოულოდნელი იყო მინოს პასუხი: „6 გოლი გაქვს გატანილი და ასეთ საათს ატარებ?! შენ ამ საათის ღირსი არ ხარ“…
…ამ დროს მინოს ვიღაცამ დაურეკა, წამოდგა და გვერდით გავიდა. ზლატანმა მეუბნება – შეგიძლია, იმ ორ აგენტს აღარ დაურეკო, რაიოლა არის ის, ვინც მე მჭირდება“.
ამ ავტობიოგრაფიული წიგნის გამოქვეყნებიდან ორ კვირაში, სლეგერსს, რომელიც მაშინ უკვე „პსვ ეინდჰოვენის“ პრეს-ოფიცრად მუშაობდა, 15 პროფესიონალი ფეხბურთელი დაუკავშირდა რაიოლას გაცნობის თხოვნით.
„ის არ ამბობს იმას, რაც მოთამაშეს სურს, რომ მოისმინოს. ის ამბობს ის, რასაც ფიქრობს. მე ვფიქრობ, ეს გადამწყვეტი ფაქტორია მისი კლიენტების კარიერისთვის. მან იცის, როგორ გააღვივოს მათში უმაღლესი ამბიციები. ის მზად არის, წავიდეს ომში თავისი კლიენტებისთვის“, – ესეც სლეგერსის სიტვებია.
რაიოლას წარმოუდგენელი პოპულარობისა და წარმატებების გზაზე პირველი იყო პაველ ნედვედის ტრანსფერი პრაღის „სპარტიდან“ „ლაციოში“. ეს მოხდა 1996 წელს. ხუთ წელიწადში ნედვედი გადავიდა „იუვენტუსში“, რომლის მაისურითაც 2003 წელს „ოქროს ბურთი“ მოიგო.
ნედვედთან ურთიერთობამ და მის მიერ განვლილმა გზამ რაიოლა, როგორც საფეხბურთო აგენტი, ახალ განზომილებაში გადაიყვანა. ქერათმიანი ჩეხის წარმატებებმა მას თავდაჯერება შემატა. მინოს სჯერა, რომ ნედვედის გზას გაივლის დე ლიხტიც, შესაძლოა, გადააჭარბოს კიდეც…
კიდევ ერთი ჟურნალისტი, ტაკო ვან დე ველდე, რაიოლაზე ამბობს: „მისი წარმატების მიზეზი რამდენიმეა. პირველ რიგში, ის ძალიან შრომისმოყვარეა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ აგენტის ცხოვრება მარტო მოლაპარაკებები და ფულის კეთებაა, ძალიან ცდება.
ასე არ არის. სწორედ ეს საქმე რომ გააკეთო უმაღლეს დონეზე, ამისთვისაა საჭირო თავდაუზოგავი შრომა. ის არის ინტელექტუალი და ძალიან კარგად იცნობს საფეხბურთო ბაზარს. მისი მოთამაშეები ძალიან დიდ ფულს იღებენ და ეს ბუნებრივად სტიმულს აძლევს სხვა ფეხბურთელებსაც…
…ბევრ აგენტს ეშინია ფეხბურთელისთვის ბრძოლა, გაურბიან კლუბებთან ურთიერთობის გაფუჭებას და ამას სწირავენ ფეხბურთელის ინტერესს. მინო კი პირიქით იქცევა – პირველ რიგში ფეხბურთელების ინტერესს იცავს და ამიტომაც გადაიმტერა ბევრი კლუბის ხელმძღვანელი თუ მწვრთნელი“.
…და სწორედ ამიტომ, ისეთი მოთამაშეებისთვის, როგორებიც არიან პოგბა, ბალოტელი, დე ლიხტი… მათთვის ის ყველაზე სანდო მოკავშირეა.
წყარო: lelo.ge