მოულოდნელი ამბავი ისტორიული მატჩის წინ

398

23 ოქტომბერსსაქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალურ მატჩები გაიმართება. ორივე მათგანი დიდ ინტერესს იწვევს – რას იზამს ფინანსური კრიზისით გაწამებული ქუთაისის “ტორპედო” სტუმრად “საბურთალოსთან” და შეძლებს თუ არა საგარეჯოს “არსენ მეკოკიშვილზე” მეოთხელიგელი “გარეჯი 1960” თბილისის “ლოკომოტივთან” მორიგი სასწაულის მოხდენას?

საგარეჯოელებმა ისტორია უკვე დაწერეს – “გარეჯი 1960” მეოთხე ლიგის პირველი გუნდია, რომელმაც  საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალამდე მიაღწია. ამას გარდა, ეს გუნდი ლიგა 4-ში “სპაერთან” ერთად ლიდერობს და აღზევების გადასვლის რეალური კანდიდატია.

ეს ახალგაზრდა მწვრთნელის, დავით ქოქიაშვილის დამსახურებაა. 36 წლის სპეციალისტმა საკმაოდ კარგი გუნდ შეკრა და შეთამაშა.

მას თამაშისწინა ინტერვიუს ჩასაწერად დავუკავშირდით, მაგრამ… ჩვენი საუბარი თავიდანვე მოულოდნელი მიმართულებით წავიდა

– ოთხშაბათს მნიშვნელოვანი მატჩია და საინტერესოა, ნახევარფინალს რა მდგომარეობაში ხვდებით...

– არ ვიცი, გუნდი ამ თამაშს როგორ ხვდება, მე კი აღარ ვხდები.

– ?!

– დიახ, ამ თამაშზე გუნდს სხვა მწვრთნელი გაიყვანს.

– რატომ?

– გუნდიდან წამოვედი და იმიტომ.

– ახლა უკვე გასაგებია, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვან მატჩის წინ რა მოხდა ისეთი, რომ დიდი წვალებით აშენებული გუნდი მიატოვეთ?

– ასეთი გადაწყვეტილება მივიღე…

– ანუ თავად წამოხვედით?

– დიახ, ასეა. მიზეზებს ნუ მკითხავთ, არ მინდა დაკონკრეტება და იმაზე ლაპარაკი, რა მოხდა. მაგრამ ფაქტია, ჩემი იქ დარჩენა აღარ გამოდიოდა.

– გუნდს მოედანზე ვინ გაიყვანს?

– ზუსტად ვერ გეტყვით. ჩემი ასისტენტი მანუჩარ მანჯავიძე იყო, რომელიც წლებია, ჩემთან ერთად მუშაობს და “გარეჯიც” ჩემთან ერთად დატოვა. დარჩნენ ადგილობრივი მწვრთნელები და, ალბათ, გუნდს დათო მაისურაძე გაიყვანს…

– გულდასაწყვეტია არადა, დიდი ინტრიგა ჰქონდა ამ ნახევარფინალს…

– რას ვიზამთ, ეს საქართველოა!.. თავისთავად ცხადია, რომ გული უზომოდ დამწყდა, რადგან დიდი სენსაცია მოვახდინეთ და მეოთხე ლიგის გუნდი თასის ნახევარფინალში გავიყვანეთ. მსგავსი რამ საგარეჯოში გუნდის არსებობის ისტორიაში არ მომხდარა, მაგრამ… სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ მქონდა.

– ფეხბურთელებიც ხომ არ წამოვიდინენ?

– ყველანი დარჩნენ და ითამაშებენ. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, წამოსვლის უფლებას არც მივცემდი. ჩემი გადაწყვეტილება კი სწორი იყო.

– საერთოდ, აქამდე როგორ მოხვედით?

– გუნდში ძალიან დიდი შრომა გავწიეთ და ლიგა 3-ში გადასასვლელად მთელი წელი ვემზადებოდით, თასზე კი ბოლომდე ვიბრძოლეთ. მიხარია, რომ ფეხბურთელებმა ჩვენი იმედები გაამართლეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინათ. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ თასის წილისყრაში გაგვიმართლა, მაგრამ ასეც არ ყოფილა. ჯერ ერთი, ლიგით მაღლა მყოფი ჩოხატაურის “ბახმარო” დავამარცხეთ, მერე ჩვენი ლიგის კლუბი – “ჭათურა”, მერვედფინალში კი – “თბილისი სიტი”, ხოლო მეოთხედფინალში – “სპაერი”, რომელიც ლიგა 4-ში ჩვენთან ერთად ლიდერობს.

– ნახევარფინალს “გარეჯი” ისედაც ბევრად ძლიერ გუნდს, ეროვნული ლიგის ბინადარ “ლოკომოტივს” შეხვდება და ასეთ მდგომარეობაში მისი წარმატების შანსი, ფაქტობრივად, ნულის ტოლი გახდა...

– რა თქმა უნდა, “ლოკომოტივი” უფრო ძლიერი გუნდია და ფავორიტად ითვლება – ეს საკამათო არც არის. ახლა რა იქნება, ამის თქმა გამიჭირდება – ყველაფერს თამაში გვაჩვენებს, გუნდს კი წარმატებას ვუსურვებ.

– შესაძლოა, უადგილო კითხვაა, მაგრამ სხვაგან მუშაობა ხომ არ შემოგთავაზეს?

– ჯერ ეს ამბავი არავინ იცის, გუნდი გუშინ დავტოვე და აქედან გამომდინარე, არანაირი წიანდადება არ მიმიღია. ახლა არც არავინ მიმიწვევს, რადგან სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურია დარჩენილი…

წყარო: lelo.ge

SHARE