მსოფლიოს ჩემპიონატი გადაწყდა

545

ახლახან მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებულმა ფედერაციამ (UVVმნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა და საბოლოოდ დაადგინარომ მსოფლიოს ჩემპიონატი წლეულსაც ჩატარდება და მას 12-20 დეკემბერს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი უმასპინძლებსმანამდე იქვე  4-10 დეკემბერს მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორისაც ჩატარდებაერთი სიტყვითბელგრადი სეზონის ბოლოს მსოფლიოს საჭიდაო ცენტრი ხდება.

მოგეხსენებათ, წლეულს ოლიმპიადის გამო მსოფლიოს პირველობა არ უნდა გამართულიყო, თუმცა, რადგან პანდემიის გამო ოლიმპიადა საგაისოდ გადაიდო, ამიტომ დღის წესრიგში მსოფლიოს ჩემპიონატის წლეულს ჩატარება დადგა. ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ უცნაური ისაა, რომ უვვ პლანეტის პირველობას… გაისადაც გეგმავს… საგაისო ჩემპიონატი 2-10 ოქტომბერს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში იყო დაგეგმილი და კვლავაც იქვე, იმავე ვადებში ჩატარდება. ცხადია, პანდემიამ თუ დააცალათ.

თუმცა მსოფლიოს წლევანდელი პირველობის გამართვაც პანდემიაზეა დამოკიდებული. უვვ-მ ადრევე, კორექტირებული საერთაშორისო კალენდრის გამოქვეყნებისას განაცხადა, რომ ამ საკითხს აგვისტოში კიდევ გადახედავდნენ და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებდნენ იქიდან გამომდინარე, რა ვითარება იქნებოდა მსოფლიოში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით. ერთი სიტყვით, მსოფლიო თუ შეძლებს პანდემიის ლოკალიზებას, პლანეტის პირველობაც ჩატარდება, თუ არადა, ისევ ისე ჩაიშლება, როგორც არაერთი მაღალი რანგის შეჯიბრება ჩაიშალა.

ბარემ აქვე გეტყვით, რომ უვვ-მ ცოტა ხნის წინ ეროვნულ ფედერაციებს მიმართა, ვის სურდა მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის მასპინძლობა. საინტერესოა, რომ მსოფლიოს საჭიდაო სამყაროს გარკვეულ ნაწილში ერთ-ერთ მასპინძლად თურმე საქართველოსაც განიხილავდნენ, როგორც კოვიდ-19-თან წარმატებით გამკლავებულ ქვეყანას, სადაც ჩასვლა ბევრად უსაფრთხო იქნებოდა. ცხადია, ჩვენს ფედერაციას საამისო სურვილი არც გამოუვლენია, რადგან ეს დიდ ფინანსებთანაც იყო დაკავშირებული და თანაც, ამდენი უცხოელის ჩამოსვლა ვირუსის გავრცელების დიდ საშიშროებასაც შეიცავდა. ასე მოიქცნენ სხვა ეროვნული ფედერაციებიც და პლანეტის წლევანდელი პირველობის მასპინძლად სერბეთი დარჩა. ეს გასაკვირი არცაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ უვვ-ს პრეზიდენტი სერბი ნენად ლალოვიჩია. აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი უფროსებში სამივე საჭიდაო სტილში გაიმართება: ქალებშიც და ვაჟებშიც, როგორც თავისუფალ, ასევე ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში.

როგორც გითხარით, წლევანდელი სეზონის ბედ-იღბალი მაინც ვირუსის გავრცელებაზეა დამოკიდებული, თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა, საერთაშორისო კალენდარში სხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრებებიცაა შეტანილი. საუკეთესო შემთხვევაში, წლევანდელი სეზონი სექტემბერში უნდა განახლდეს, მაგრამ შემოდგომის პირველი თვე ნამდვილად არაა დატვირთული ტურნირებით  მასში მხოლოდ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდრ მედვედის სახელობის შეჯიბრებაა შეტანილი, რომელიც 16-18 სექტემბერს მინსკში უნდა ჩატარდეს. თუ გავითვალისწინებთ, არაორდინალური პრეზიდენტის ხელში ბელარუსი ვირუსის თვალსაზრისით რა საშიშროების წინაშეცაა, დიდია ალბათობა, ეს ტურნირი არც ჩატარდეს.

საერთაშორისო კალენდარში ასევეა შეტანილია ევროპის ჩემპიონატები, ოღონდ  მხოლოდ ასაკობრივები, რადგან უფროსებმა პანდემიას დაასწრეს მისი გამართვა. ჭაბუკებში კონტინენტის პირველობა 5-11 ოქტომბერს პოლონურ სპალაშია დანიშნული, ხოლო ახალგაზრდებში  იმავე თვის 19-25 რიცხვებში ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში. ნოემბრის კალენდარში საერთაშორისო შეჯიბრებები ბლომადაა შეტანილი, თუმცა მათ შორის რანგით ყველაზე დიდია მსოფლიოს ჩემპიონატი 23-წლიანთა შორის, რომელიც 23-29 ნოემბერს ფინურ ტამპერეში უნდა გაიმართოს.

რაც შეეხება დეკემბრის კალენდარს, მასში სულ ოთხი შეჯიბრებაა შეტანილი, რომლებიც ორ ქვეყანაში  სერბეთსა და რუსეთში ჩატარდება: ბელგრადში გასამართავ ახალგაზრდებისა და უფროსების მსოფლიოს პირველობებზე უკვე გითხარით, თვე კი ვლადიკავკაზში გაიხსნება საერთაშორისო ტურნირ “ალანებით”, ხოლო დაიხურება მოსკოვში ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირით.

დასასრულს, ჩვენს გუნდებზეც ვთქვათ, რომლებიც ჯერ მაინც ინდივიდუალურად ემზადებიან, შეკრებებს კი ოდნავ მოგვიანებით დაიწყებენ. ცხადია, მსოფლიოს პირველობამდე ისინი რომელიმე საერთაშორისო ტურნირშიც გამოვლენ, ოღონდ რომელი იქნება ის, ან სად და როდის დაიწყებენ შეკრებას, ეს ახლო მომავალში გაირკვევა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი თუ ნამდვილად ჩატარდება, ჩვენები მხოლოდ ვაჟებში გამოვლენ.

წყარო: lelo.ge

SHARE