მჭედლიძეს სერია B-ში იწვევენ… ნაკრებს შეტევაში პრობლემები აქვს

327

ლევან მჭედლიძით სერია B-ს გუნდი „ტრაპანი“ დაინტერესდა, – ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა „პალერმო კალჩო“ ავრცელებს და ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრების 29 წლის თავდამსხმელი ამ გუნდისთვის სასურველ მოთამაშეთა სიაშია.

„ტრაპანის“ სპორტული დირექტორი რაფაელ რუბინო სატრანსფერო ბაზარზე მუშაობს, რათა გუნდი სერია B-ს ახალ ჩემპიონატში გაძლიერდეს და კონკურენტუნარიანი იყოს. ფორვარდი ლევან მჭედლიძე ბოლოს სიცილიურ კლუბ „ემპოლიში“ თამაშობდა, ხოლო 2008-დან 2010 წლამდე „პალერმოში“ გამოდიოდა“, – წერს გამოცემა.

გასულ სეზონში „ტრაპანი“ სერია C-ში თამაშობდა. ეს რეგიონული ჩემპიონატია, რომელიც სამ ზონაში ტარდება, სერია B-ში კი გუნდები პლეი ოფების საშუალებით ხვდებიან. „ტრაპანიმ“ თავის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და სწორედ პლეი ოფის ფინალურ ეტაპზე მოხვდა, სადაც ორი მატჩის ჯამში  „პიაჩენცა“ დაამარცხა (0:0, 2:0) და სერია B-ში აღზევდა.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძეს წინა სეზონის დასრულებისთანავე „ემპოლისთან“ კონტრაქტის ვადა ამოეწურა, თავისუფალი აგენტი გახდა და ამჟამად უგუნდოდაა. აგვისტოს დასაწყისში გამოცემა „კალაბრიასპორტ24“ ამტკიცებდა, რომ მჭედლიძეს „კოზენცა“ იწვევდა…

ამ ყველაფერში ჯერჯერობით კარგი მხოლოდ ის არის, რომ მჭედლიძე ჯანმრთელადაა, მაგრამ თუ ადრე მას ტრავმები და მწირი სათამაშო პრაქტიკა სტანჯავდა, ახლა პრობლემად უგუნდობა ექცა. არადა, სანაკრებო მატჩები კარს მოგვადგა, „ჯვაროსნებს“ კი შეტევის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვთ – გიორგი ქვილითაიას „გენტში“ არ ათამაშებენ, გიორგი ჩაკვეტაძე ჯერ კიდევ მკურნალობს, ჯანო ანანიძეც სათადარიგოებშია და ცხადია, სანაკრებო გადასახედიდან ესეც არასასიამოვნო ამბავია.

ამ დროს, სეზონი დაიწყო კვიპროსში, სადაც ფამაგუსტის „ანორთოსისი“ პირველ ტურში ლიმასოლის აელ-ს შეხვდა და უგოლო ფრეს დასჯერდა. სამწუხაროდ, ნიკა კაჭარავა სათადარიგოებში იყო, მეორე მხრივ, სასიხარულო გახლდათ ის, რომ „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში თორნიკე ოქრიაშვილი ვიხილეთ, ისევე, როგორც მეკარე გიორგი ლორია და საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი. „ანორთოსისი“ ამ მხრივ ქართველებისთვის შვებაა, რადგან თემურ ქეცბაია კვიპროსში ყოველთვის ქართულ საქმეს აკეთებდა და ახლაც ასეა.

შემტევების პრობლემები ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს მათ ალტერნატივებზე დააფიქრებდა. საინტერესოა, იქნება თუ არა მის სიაში თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი ლევან შენგელია, რომელმაც ქართული ლიგის დონეს გადააჭარბა?

ან რომელიმე – ყაზანის „რუბინის“ ქართული „მაფიიდან“ (ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე), საიდანაც კვარაცხელიამ უკვე ითამაშა ნაკრებში. „რუბინში“ განსაკუთრებით გამოირჩევა დავითაშვილი, რომელმაც რუსეთის მიმდინარე პრემიერლიგაში აქამდე გამართული შვიდი ტურიდან ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საუკეთესო პრესაც აქვს.

წყარო: lelo.ge

SHARE