ვაგრძელებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის, თბილისის “დინამოს” ლეგენდარული მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის ინტერვიუს, რომელიც მის გარდაცვალებამდე 24 საათით ადრე, 1998 წლის იანვარშია ჩაწერილი და თავის დროზე პოპულარულ საფეხბურთო გაზეთ “11X11-ში” გამოქვეყნდა…
ნოდარ ახალკაცი: “საქართველოში, მგონი, ყველა პროფესიის ადამიანები გაიფიცნენ ფეხბურთელების გარდა. ეს იცით, რამხელა არმიაა? ამათ ახლა გულშემატკივრები დაუმატე და წალეკავენ ყველაფერს. არ ფიქრობენ ამაზე. სახელმწიფოს ფუნქციაა ქვეყნის პოლიტიკური მართვა და არა ორგანიზაციების საკადრო საქმეში ჩარევა.
იცით, რომ ჩვენთან უკანონოდ არიან შემოსულები შესამოწმებლად? საფუძვლად კი საპარლამენტო კომისიის გადაწყვეტილება აქვთ, რომ აქ კონტროლის პალატა შემოეყვანათ! ერთ უკანონობას მოჰყვა მეორე, მეორეს – მესამე და ამგვარად მთელი რგოლია ჩამოყალიბებული. მაგრამ გავუძლებთ როგორმე, 140 კილო მე ვარ, 90 – ანდრიაძე (ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი – რედ), გვყვანან კიდევ მძიმეწონოსნები. ასე რომ, არც ისე იოლია ჩვენი წაქცევა…
საქმე რაშია იცით? ყველას კარგად მოეხსენება რომ 8 წლის განმავლობაში ჩვენთან ქართულ ფულს არ უტრიალია. პირველ წელს რამდენიმე ორგანიზაციამ გადმოგვირიცხა თანხები. ძირითადად, ეს მშენებლები იყვნენ და, რა თქმა უნდა, კათოლიკოსი. როცა ანგარიში გავხსენით, მივედი პატრიარქთან, რომელთანაც დიდი მეგობრობა მაკავშირებს, ვუთხარი – ფედერაცია დაფუძნდა, დღეს ანგარიში გავხსენით და გთხოვთ, სიმბოლურად 1 მანეთი მაინც გადმოგვირიცხოთ-მეთქი. გაეღიმა, თანამშრომელს დაუძახა და უთხრა: ქაშუეთს დაუკავშირდი და ფეხბურთის ფედერაციას 150 ათასი რუბლი ჩაურიცხეთო.
ეს იმხელა ფული იყო, შეგვეძლო სამი თვე გაგვეტანა თავი. თვე-ნახევარში ჩემპიონატიც დავიწყეთ, შემდეგ ფინანსური მდგომარეობა შედარებით გაგვიუმჯობესდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კათოლიკოსის თანადგომას დიდი ძალა აქვს. ამიტომაცაა ძნელია ჩვენი წაქცევა.
დიუსელდორფში გუნდი სტადიონზე საათ-ნახევრით ადრე მივიყვანე. თამაშის დაწყებამდე გასახდელში ვიღაცამ დააკაკუნა. გავაღებინე კარი, ვხედავ შემოვიდა “ჰამბურგის” ყოფილი მენეჯერი, რომელთანაც კარგი დამოკიდებულება გვქონდა და სიამაყით გადმოგვცა დეპეშა.
გერმანულ ენაზე გამოგზავნილი ჩვენი კათოლიკოსის დეპეშა იყო. ამან თავისი დადებითი როლი ითამაშა იმ დიდ გამარჯვებაში, ისევე როგორც უწმინდესის მიერ ჩარიცხულმა თანხამ. აგერ, უკვე 8 წელია ფედერაცია ცოცხლობს, იქიდან დაწყებული თანხით. ღმერთი გვეხმარება. მინდა, ეს თქვენი გაზეთის საშუალებით ცნობილი გახდეს საზოგადოებისთვის…
…შეიცვალა დრო, ძმებო, დაკარგა თავისი დანიშნულება ზოგიერთმა სახელმწიფო სტრუქტურამ. ხომ ხედავთ, რომ არსებობს ძალიან დიდი ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც მართვას უშლის ხელს. ბევრ ასეთ დაწესებულებაში საერთოდ არ არის ამდენი ხალხი საჭირო. მაგალითად მოგიყვანთ, რომ იქმნება კომისია, რომელმაც უნდა გამოიმუშაოს პროგრამა და წარუდგინოს პრეზიდენტს. პრეზიდენტი ხომ ვერ მოითხოვს ყოველ წუთში მისი შემადგენლობის დაკომპლექტების ანგარიშს. ესე იგი, უნდა შეიყვანონ იქ ისეთი ხალხი, ვისაც მუშაობა შეუძლია. შეიძლება, ასკაციანმა კომისიამ ნაყოფიერად იმუშაოს?!.
როგორ გგონიათ, ჩვენ გეგმის გარეშე ვმუშაობთ? პირველივე ყრილობაზე ვთქვი, რომ თავიდან გაგვიჭირდებოდა, ფიფა და უეფა იმ დღესვე არ მიგვიღებდნენ თავიანთ რიგებში. არსებობს გარკვეული პროცედურა, რასაც დრო სჭირდება, ორი წლის შემდეგ მიგვიღებენ-მეთქი, ვთქვი. ზუსტად ორი წლის მერე გავხდით ამ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. მერე კიდევ უნდა რაღაც ეტაპები, რომ სათამაშოდ დაგიშვან. ჩამოვა კომისია, ნახავს სასტუმროს, აეროპორტს, სტადიონს, შეხვდება იმ ხალხს, რომელმაც უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს… კიდევ მილიონი წვრილმანია…
ჩვენს ნაკრებს 1991 წლის 21 ივლისამდე ოფიციალური თამაშების ჩატარების უფლება არ ჰქონდა. სპეციალური ტესტმატჩი მოეწყო მაშინ მალტის ნაკრებთან, რომლის ხარჯი – 800 ათასი შვეიცარული ფრანკი – უეფამ თავის თავზე აიღო, თხოვნით მიმართა მალტის ფეხბურთის ფედერაციას, დაუქირავა ჩარტერული რეისი, ჩამოიყვანა აქ და ჩაატარებინა თამაში, გამოგზავნა სპეციალისტები, გაკეთდა დასკვნა ტასკ-ფორსის კომიტეტის სხდომაზე და მისცეს ჩვენს ნაკრებს შინ მატჩების ჩატარების უფლება…
1993 წელს, როდესაც გვინდოდა, ჩვენი კლუბები დაეშვათ ევროტურნირებზე, საქართველოში სამოქალაქო ომი იყო. ჩავედით უეფაში და ვთხოვეთ სამი გუნდით წარდგენა, მერე ისე დადგა საკითხი, რომ ერთზეც თანახმა ვიყავით, მაგრამ თავიდან არცერთი არ დაუშვეს. ჩვენ ამას ველოდით.
აქედან წაღებული გვქონდა საელჩოების საშუამავლო წერილები, რომ საქართველოში თამაშების ჩატარებისთვის სტაბილური მდგომარეობა იყო. ამან იმუშავა და, პრაქტიკულად, გადაწყვიტეს ჩვენი გუნდების დაშვება, არადა არ გვქონდა არავითარი შანსი! გაშლილი ჰქონდათ მაგიდაზე რუკები, ატლასები, რასაც ვიტყოდით, ტელეფონებით და ფაქსებით ამოწმებდნენ. საელჩოების დასკვნებიც კი გადაამოწმეს, ყალბი ხომ არ არისო. მხოლოდ მერე მიიღეს დადებითი გადაწყვეტილება. აი, როგორ დგება ეს გეგმა. ისე კი არ არის, დერეფანში რომ ექსპრომტად აზრი მოუვა ვიღაცას და, მოდი, გავაკეთებო. გააკეთე რამდენიც გინდა, რამდენიც გინდა იხტუნე!..
მიფსუდი და იოჰანსონი ჩამოიყვანესო, დაგვცინოდნენ. მიფსუდი იურიდიული და სამსაჯო კომიტეტების თავმჯდომარეა – უეფას აღმასკომის წევრი. დიდი ხანია მალტის ფედერაციას უდგას სათავეში. ევროპის ერთ-ერთი წამყვანი იურისტია. მოგეხსენებათ, უეფა 32-დან 51-წევრიანი გახდა და რომ დასჭირდა ახალი წესდება, მან სამი თვე იმუშავა მის შესადგენად. ჩამოვიდა ეს კაცი და ეუბნება – ნუ ერევით სფფ-ის საქმიანობაში, თორემ დაისჯებითო. ვინ არის მიფსუდიო?!.
51-მა ქვეყანამ წარადგინა ლენარტ იოჰანსონი ფიფას პრეზიდენტობაზე. ყველა წესის მიხედვით, მისი საქართველოში ჩამოსვლა დიდი პატივი უნდა იყოს, განა მარტო საფეხბურთო წრეებისთვის, ეს სახელმწიფოსთვისაც დიდი პატივია.
ინგლისში რომ ჩადის, დედოფალი ხვდება, ესპანეთში – მეფე, საფრანგეთში – პრეზიდენტი. ასეთ დონეზე მიდის მასთან საფეხბურთო საკითხებზე მოლაპარაკება.
რა გააკეთა მან ცუდი აქ ჩამოსვლით? ნახა სტადიონი, რისთვისაც უეფამ 250 ათასი შვეიცარიული ფრანკი გადმორიცხა. ეს ხომ მათი ფულია და არა ჩვენი. უხაროდა კაცს – ნახეთ, როგორ მოწესრიგდება აქ ყველაფერი და ამაში ჩემი წვლილიც იქნებაო!.. გახსნა თბილისში პროგრეს-კურსები, ბავშვებს ჩააცვეს სპორტული ფორმები, როგორ ეხმარება ინვალიდებს “წითელი ჯვრის” ხაზით, მილიონი შვეიცარიული ფრანკი უნდა მიიღონ ინვალიდებმა. აქ კი დასცინიან, ვინ არის იოჰანსონი და რა უფლება აქვს, ჩვენს საშინაო საქმეებში რომ ერევაო?!.
თქვე კაი ხალხო, თუ საპარლამენტო კომისია ხართ, ორი ახალგაზრდა ბიჭი რომ გაიტანა ჩაის სახლთან “წითელი ჯვრის” მანქანამ, იმის დაკითხვა ვერ უნდა მოახერხოთ?!. როგორ უნდა წავიდეს საქართველოს საქმე წინ, როცა ამხელა პიროვნების ჩამოსვლას ასეთი შეფასება ეძლევა? სულ არ სჭირდება საქართველო ფიფას და უეფას, ჩვენ გვჭირდება ერთიც და მეორეც, მივდივართ და ვთხოვთ დამარებას. ის კი გვეუბნება: აი, ჩემი კანონები, ემორჩილები? კი ბატონო, არადა წადი აქედან!..
ამათ რომ თავისი გაეტანათ, გენტში წილისყრაზე გერჰარდ აიგნერი იტყოდა, რომ საქართველო, თავისი პოლიტიკური ნომენკლატურის მიერ ფედერაციის საქმიანობაში ჩარევის გამო, გარიცხულია ჩვენი რიგებიდან და არ მიიღებს მონაწილეობას წილისყრაშიო. ამაზე დიდი სირცხვილი შეიძლება შენს ქვეყანას მიაყენო?! მითხარით, ხალხო!..
მსგავსი რამეები სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებშიც ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. იგივე მოხდა ბელარუსში, ლატვიაში, ორჯერ – მოლდოვაში, აზერბაიჯანში. ახლა იყო დემარში სახელმწიფოსა და ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან ვიაჩესლავ კოლოსკოვზე. ვერ გამოსულა მათი აზროვნება იქიდან, რომ დამთავრდა “ცეკა კაპეესეს” (ЦК КПСС – საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი – რედ). ხომ უნდა არსებობდეს ელემენტარული ცივილიზებული თანამშრომლობა?! წარმომიდგენია, მაგათ რომ კაპიკი ჰქოდეთ მოცემული, რას გვიზამდნენ?!.
ნელ-ნელა ცხოვრება დალაგდება, უტვინო ხალხი წავა. აბა, როგორ, ძმებო, ამხელა ამბიციებითა და ბოღმით სავსე ხალხი უნდა წავიდეს. უნდა მოვიდნენ სათავეში ისეთები, ვისაც მუშაობა შეუძლია და შედეგს მოიტანს მათი სამსახური. ვისაც არ ეზარებოდა, ყველამ მაკრიტიკა. ჩემგან სადმე გაგიგიათ, მეთქვა – ხახალეიშვილი ვერ აწონეს-თქო?! ან საერთოდ ოდესმე ვინმეზე რამე მითქვამს?! არ არის ეს ჩემი საქმე და არც მივცემ ჩემს თავს უფლებას, სხვის საქმეში შევიჭრა და შევაფასო. შე კაი კაცო, შენ რომ გავალია რაღაც და ვერ აკეთებ, მე რომ მავალია და ვაკეთებ, ამასთან ჩემი სწავლებაც გინდა… მომრავლდა საქართველოში უვიცი ხალხი. ამიტომაა, პროგრესი რომ არ არის. ყველამ თავისი საქმე რომ აკეთოს, წინ წავა საქმეც და ქვეყანაც…
სფფ არავის მისცემს თავის საქმიანობაში ჩარევის უფლებას. ჩვენც ხომ ნელ-ნელა მოვიპოვეთ ავტორიტეტი ევროპაში. არავის არაფერს დავუთმობთ. ყრილობაზე ჩვენზე ძლიერები ვინც მოვლენ, ჩვენზე უკეთ ვინც გააკეთებს საქმეს, ყველას დავეხმარებით. სკამს არ ვებღაუჭები, არც ჯანმრთელობის მდგომარეობა მიწყობს ხელს და აღარც ახალგაზრდა ვარ. დგება გარკვეული მომენტი, როცა უნდა წახვიდე. ხომ იცით რაც გააკეთა ალგირდას ბრაზაუსკასმა ლიტვაში? მისი მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებენ – არჩევნებში მონაწილეობა რომ მიეღო, გაიმარჯვებდაო…
მაგრამ იმ კაცმა ქვეყნის სიყვარულით მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი კომუნისტური წარსული ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასა და სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებას. აი, ასეთი მამულიშვილობა უნდა იყოს სამაგალითო და არა ის, ვიღაცას ვიღაცის ადგილი რომ უნდა. პოლიციის ძალით სურდათ ჩვენი შენობიდან გაყრა. ჯერ აზროვნება, მსჯელობის დონე ნახე და მერე დაიკავე სხვისი ადგილი!..
II ნაწილის დასასრული
წყარო: lelo.ge