ოთარ გაბელიას დიდი და საინტერესო გზა

810

ოთარ გაბელია დიდი “დინამოს” დიდი მეკარე იყო. გულშემატკივარს დღემდე კარგად ახსოვს მის მიერ ჩატარებული დაუვიწყარი მატჩები, მოგერიებული პენალტები… დღეს ბატონი ოთარი “ლელოს” მკითხველს თავისი განვლილი გზის თაობაზე უყვება…

მე კი არ მეთმობი, მაგრამ მაინც დინამოა, უნდა წახვიდეო…

– დავიბადე ზუგდიდში. ქალაქის შესასვლელში იყო მეურნეობა. იქ ვცხოვრობდით. მამა ამ მეურნეობის დირექტორი გახლდათ. ჩემს ბავშვობაში ყველა ბურთზე იყო გადარეული და რაღა მე ვიქნებოდი გამონაკლისი?! რაც თავი მახსოვს, სულ ფეხბურთს ვთამაშობ. ბავშვობაში წინ წასვლა მიყვარდა. მიშა მესხის საპატივსაცემოდ 11 ნომერი მეწერა ზურგზე, “ბრონზეთი” კი კაპიტნის სამკლავური დავიხატე…

მამამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ერთხელ ჟურნალი მოიტანა სახლში, სერგო კოტრიკაძე ეხატა გარეკანზე. მითხრა – ესაა მეკარე, აბა, შენ რა მეკარე ხარ, დაბორიალობ უთავბოლოდო!.. მოტივაცია გამიძლიერა…

მამაზე ვერ ვიტყვი, დედა კი თავგადაკლული ქომაგი იყო ჩემი და ძალიან უყვარდა ფეხბურთი. ერთხელაც, კინაღამ ძაღლებმა შემჭამეს სტადიონზე…

მაშინ ფეხბურთის ბუმი იყო, ტარდებოდა ქუჩის პირველობები. ჩემი ქუჩის გუნდში ვთამაშობდი, მარცხენა გარემარბი ვიყავი. ამხანაგურ მატჩებში ბლომად გოლი გამქონდა. არ დაგიმალავთ და, ბომბარდირობაზეც ვფიქრობდი. ჩემი მეზობელი იყო მეკარე. სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად და კარში დადგომამ მომიწია. შევხედე – ცუდად არ გამომივიდა. მერე მიყვა და მიყვა… 1963 წელი იყო, თუ არ ვცდები. ბავშვთა ზონალურ პირველობაზე საუკეთესო მეკარის პრიზი ავიღე. მერე აღარც მიფიქრია ამპლუის შეცვლაზე. ისე, პირველად რომ შემომთავაზეს მეკარეობა, მთელი ღამე არ დამეძინა, რა მინდა კარში-მეთქი?!.

პირველი მწვრთნელი გივი სართანია გახლდათ – ყოფილი მსაჯი, კარგი ადამიანი. ასევე მინდა გავიხსენო ვასილ ბუკია – ასევე ფეხბურთის ფანატიკოსი. ვარჯიშები არ იყო დამღლელი და აუტანელი, ისინი უბრალოდ გვაყვარებდნენ ფეხბურთს…

მე-10 კლასში ვიყავი, როცა ზუგდიდის “დინამოში” აღმოვჩნდი. ცხონებული ჯუბა ჩუხუას მამა, ჯუმბერ ჩუხუა იყო მწვრთნელი. მერე წამიყვანეს სოხუმის “დინამოში”. ეს სერიოზული გამოწვევა იყო. თან სოხუმის ინსტიტუტში ვსწავლობდი.

“დინამოს” იური გრამატიკოპულო წვრთნიდა. ეს იყო მართლაც დიდებული სპეციალისტი, რომელიც თამამად ენდობოდა ახალგაზრდებს. არადა, გუნდში ძალიან დიდი კონკურენცია იყო – მურთაზ ვეკუა, თამაზ  კუჭუხიძე და გენო ახალაძე ძალიან ძლიერი მეკარეები იყვნენ…

სხვათა შორის, ვიტალი დარასელია სწორედ გრამატიკოპულომ შენიშნა პირველად. ერევნის “არარატს” ვეთამაშებოდით ამხანაგურ მატჩში, როცა სპეციალურად ჩამოიყვანა ოჩამჩირიდან. მაშინ სულ პატარა იყო ცხონებული… ის თამაში მოვუგეთ “არარატს”. მე კი პენალტი არ გავატანინე მარქაროვს…

ორი წელიწადი ვითამაშე სოხუმში. მერე გუნდი მეორე ლიგიდან გავარდა. ახლა უნდა მოგიყვეთ ნამდვილი სასწაული – სახლში, ზუგდიდში ვბრუნდები, ცუდ ხასიათზე ვარ. ჩერდება ავტობუსი, ჩემი მეგობარი ვოვა შელია ჩამოდის ავტობუსიდან და მეუბნება – გიგა ნორაკიძე გიბარებს ლესელიძეშიო. ბატონი გიგა ქუთაისის “ტორპედოს” მწვრთნელი იყო მაშინ…

ჩავედი სახლში. მშობლებმა არ დამიჯერეს – რას იგონებ, რა “ტორპედოო”… ბედნიერი ვარ, რომ ნორაკიძესთან ვიმუშავე. მასზე შეიძლება ცალკე და ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ. ამოუწურავი თემაა.

ძალიან კარგი გუნდი გვყავდა ქუთაისში – რამაზ შენგელია, თამაზ კოსტავა, ზაურ სვანაძე, ჯემალ ხერხაძე… არ მინდა, ვინმე გამომრჩეს… უმაღლეს ლიგაში გადასვლამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა.

1977 წლის დასაწყისში დავოჯახდი. ქორწილი მაქვს და გიგა ნორაკიძემ ერთი დღით დააგვიანა – გადაუდებელი საქმე ჰქონდა. ჩამოვიდა მეორე დღეს. ვეცით პატივი. ცოტა დალია და მეუბნება – “დინამოს” უნდა შენი წაყვანა, მაგრამ მე მინდა, რომ დარჩეო და… ცრემლები წამოსცვივდა.

ბოლოს მირჩია – მე კი არ მეთმობი, მაგრამ მაინც “დინამოა”, უნდა წახვიდეო. ასე მივედი საქართველოს პირველ გუნდში. მოვიგე თასების მფლობელთა თასი, ვითამაშე საჩემპიონო სეზონში, მოვიგე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, თასი, გავხდი საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარე!.. მოგიყვებით რამდენიმე საინტერესო ამბავს, რაც “დინამოში” გადამხდა.

ღმერთის ნება იყო, ასე კარგად რომ აეწყო ყველაფერი!..

1979 წელია. თასის ფინალი გვაქვს მოსკოვის “დინამოსთან”. ვემზადებით, ვცხოვრობთ სასტუმრო “მოსკვაში”. მეორე მეკარე ვარ. ძირითადში თამაშს არც ველოდები. ღამეა. დომინოს ვთამაშობთ მე, ნოდარ ხიზანიშვილი, ჩელე და ცხონებული ვიტალი. რეკავს ტელეფონი და მეუბნებიან, რომ ფინალისთვის უნდა მოვემზადო – ძირითადში მაყენებენ.

აბა, სასწრაფოდ დავიძინოთ-მეთქი, ბიჭებს ვუთხარი. დავწექი, მაგრამ რად გინდა – თვალი ვერ მოვხუჭე. ვფიქრობ – გადაჭედილი “ლუჟნიკები”, მსაჯი… თან მოსკოვის “დინამოც” მაგარი გუნდი იყო.

100-ათასიან სტადიონზე დაახლოებით 70 ათასი კაცი მოვიდა. ის მატჩი ალბათ ყველას ახსოვს. პენალტებში რომ მოვიგეთ, პირჯვარი გადავიწერე. დღემდე მწამს – ღმერთის ნება იყო, ასე კარგად რომ აეწყო ყველაფერი!..

ჰოდა, ატყდა ერთი ამბავი ამ პირჯვარის გამო. წერილს წერილზე აგზავნიან გადამდგარი პოლკოვნიკები თუ მოქმედი მაღალჩინოსნები – გაბელია რა შუაშია, მან პენალტები რაღაც ზებუნებრივი ძალის წყალობით აიღოო. მოკლედ, უხერხული სიტუაციაა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია არ ამცდება. სულმნათმა ჟიული შარტავამ გადამარჩინა მაშინ…

სხვათა შორის, ფინალში და სპარტაკიადაზე ნაჩვენები კარგი თამაში იყო ალბათ იმის მიზეზი, რომ საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარედ დამასახელეს. სასტუმროში მომიტანეს ის პრიზი… თავიდან არც ვიცოდი, მეზობელმა მითხრა, გადავირიე სიხარულით!..

ერთი ისტორიაც უნდა მოვყვე. ძალიან ემოციური ვიყავი. თამაშის წინ ბიჭებს ვეუბნებოდი კიდეც – უნდა მაპატიოთ, თუ მატჩის დროს რამე “ისეთი” წამომცდება-მეთქი. მათაც ესმოდათ ჩემი.

მუნჯი და თამაშის დროს თავის თავში ჩაკეტილი მეკარის არ მწამს. ხარკოვში ვეთამაშებით “მეტალისტს”. წვიმს, საშინელი ამინდია. არ მიგვდის თამაში… მესამე ბურთი რომ გავუშვი, მინდორზე ფოტორეპორტიორი შემოვარდა და სიტყვა-სიტყვით მითხრა: “ვინიმაი ტრეტიუ ბანკუ”. ჯერ ისედაც გაგიჟებული ვარ და ამან ხომ მთლად გადამრია კაცი. წიხლი ვუთავაზე და გავეკიდე. ფოტოაპარატი დაუვარდა და გაუტყდა, მე არ დამიმტვრევია. დისკვალიფიკაციას გადავრჩი – ფოტოგრაფს არ ჰქონდა მინდორზე შესვლის უფლება.

მომდევნო თამაში “დნეპრთან” გვქონდა, დნეპროპეტროვსკში. არ დამაყენა ნოდარ ახალკაცმა, გართულებებს მოერიდა. მოდის ხალხი, მთხოვს ავტოგრაფებს… უცებ, ფოტოგრაფი გამოჩნდა. ვიღაც ენაკვიმატმა დაუძახა – გამოეცალე, მაგას ფოტოგრაფები არ უყვარს, თავზე დაგამტვრევს აპარატსო…

პენალტი თუ კარგადაა დარტყმული, მეკარეს შანსი ცოტა აქვს

– თასის ფინალშიც მოვიგერიე პენალტი და მერეც ყოფილა ასეთი შემთხვევები. მე მაინც მგონია, რომ თუ 11-მეტრიანი კარგადაა დარტყმული, მისი მოგერიება ურთულესი საქმეა. მაშინ წინასწარ უნდა წახვიდე, აირჩიო კუთხე და ამასთან ერთად, ძალიანაც უნდა გაგიმართლოს.

ყველამ ძალიან კარგად იცოდა, როგორ ურტყამდა პენალტს სლავა მეტრეველი. თუ სწორად მახსოვს, მხოლოდ ერთი 11-მეტრიანი აქვს კარიერაში გაფუჭებული…

რითი იყო ახალკაცი განსაკუთრებული?

– რითი იყო ნოდარ ახალკაცი განსაკუთრებული? პირველ რიგში, უზადო განათლებით. მედიცინაც კი უმაღლეს დონეზე იცოდა. შემთხვევითი არ არის, რომ “დინამომ” მის ხელში მიაღწია ყველაზე დიდ წარმატებებს.

ჩვენი თაობა ვერაფერს იზამდა, რომ არა მიშა მესხი, სლავა მეტრეველი, სერგო კოტრიკაძე… ჩვენ მყარი საძირკველი დაგვხვდა. თან ერთად შეიკრიბა ბევრი კარგი ფეხბურთელი. “ტორპედომ” დიდი შევსება მისცა მაშინ “დინამოს”.

…სიტყვა გამექცა. ახალკაცზე ვსაუბრობთ. იცით, როგორი ფსიქოლოგი იყო? ზოგჯერ, იმას უყვირებდა, ვინც ნაკლებად იმსახურებდა. ვინც იმსახურებდა, ის შედარებით იოლად გადარჩებოდა ხოლმე. მერე მივხვდი, ამას შეგნებულად აკეთებდა – თითოეული ჩვენგანის ხასიათი ზუსტად იცოდა!..

ერთ ძალიან საინტერესო ამბავს გავიხსენებ ახალკაცთან დაკავშირებით. დანიაში ვართ, ვეთამაშებით “კოპენჰაგენს”. ნოდარ ახალკაცი და დათო ქლიბაძე ადრე წავიდნენ, რათა მეტოქის თამაში ფირზე ჩაეწერათ და მერე ეჩვენებინათ ჩვენთვის.

ჩავედით დანიაში და უნდა ვნახოთ მეტოქე. ჩაირთო ფირი, “კოპენჰაგენი” დგას მინდვრის ცენტრში. ახალკაცი გვეუბნება, ნახეთ, ერთი ფეხბურთელი “აინტრახტს” მიჰყავს, მეორე “ჰამბურგს” და ასე შემდეგო…

იწყება თამაში და გაქრა ფირი. გაბრაზდა ნოდარი – არ ჩაგვიწერეს თამაში, მოგვატყუესო. მოკლედ, ვერ ვნახეთ “კოპენჰაგენის” საქმეში. გავედით მეორე დღეს ბოლომდე მობილიზებულები და 4:1 მოვიგეთ. თურმე, შეუხედავს თავიდანვე ნოდარს, რომ სუსტი გუნდია ძალიან და აღარ გვანახა ფირი, მობილიზებულები რომ გავსულიყავით მინდორზე.

და კიდევ: ზუსტად იცოდა თითოეული მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები. ამას მაშინ ბევრი არ აკეთებდა. 1981 წელს გუნდი მზად იყო ტრიუმფისთვის. ყველაფერი მოგებული გვქონდა და რაღაც უფრო დიდისკენ მიიწევდა მწვრთნელიც და გუნდიც…

ბესკოვს ოლიმპიადაზე მივყავდი, მაგრამ…

– საბჭოთა კავშირის ნაკრებში 2 მატჩი ჩავატარე. ორივე გერმანელებთან – ერთი დემოკრატიული, მეორე კი ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების წინააღმდეგ. კონკურენტები ისეთები მყავდა, რომ შეიძლება კაცი დამფრთხალიყო – თუნდაც რინატ დასაევი.

თბილისში ვითამაშე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების წინააღმდეგ. ფიშერი, შუსტერი, რუმენიგე… გერმანიას დიდებული შემადგენლობა ჰყავდა. 3:1 მოგვიგეს. გაშვებული გოლები ჩემთვის არავის დაუბრალებია, თუმცა ფაქტია, იქ დასრულდა ჩემი სანაკრებო კარიერა.

არც ვიცი, რას დავაბრალო, ასე ცოტა რომ ვითამაშე ნაკრებში. მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ისე, ერთმა პიროვნებამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მითხრა – ბესკოვს შენი წაყვანა უნდოდა ოლიმპიადაზე, მაგრამ გადაიფიქრა, რაც იმით ახსნა, რომ დასაევს ანერვიულებდა ძლიერი კონკურენტი და წაიყვანეს პილგუი, რომელსაც ძლიერ კონკურენტად არ მიიჩნევდა და დარწმუნებული იყო, რომ პირველი ნომერი იქნებოდა. ისე, წავსულიყავი ოლიმპადაზე და ვყოფილიყავი სათადარიგო…

წყარო: lelo.ge

SHARE