საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი კარიერას „იბეროსტარ ტენერიფეში“ გააგრძელებს. აღნიშნული ცნობა ესპანური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. მხარეებს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
„გიორგი არის ძალიან გამოცდილი მოთამაშე, როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენს გუნდს მსგავსი მაღალი დონის კალათბურთელები დაეხმარებიან კონკურენტუნარიანობაში“, – აღნიშნა „იბეროსტარის“ სპორტულმა დირექტორმა ანიანო კაბრერამ.
„იბეროსტარ ტენერიფესთან“ კონტრაქტის გაფორმება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს არის ახალი გამოწვევა და გამოცდილება. ვიმედოვნებ გუნდთან ადაპტაციას მალე გავივლი და დავეხმარები გუნდს წარმატების მოპოვებაში. მე და ჩემი ოჯახი კუნძულზე პირველად ვიცხოვრებთ და ცოტა აღელვებული ვართ. მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას“, – აღნიშნა გიორგიმ.
გიორგი შერმადინის ესპანური კარიერა 2013 წელს „სარაგოსადან“ დაიწყო და მას შემდეგ „მორაბანკ ანდორასა“ (2015-2017) და „უნიკახაში“ (2017-2019) ითამაშა. ლიგა ენდესაში ქართველი ცენტრი ბოლო 5 წლის განმალობაში საშუალოდ 12.2 ქულასა და 5.8 მოხსნას აგროვებდა.
წყარო: worldsport.ge