ფრანკფურტის “აინტრახტის” აქციონერი კაზიმ არიფოვი ქუთაისის მერიაში იმყოფებოდა და “ტორპედოს” გამოსყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებდა.
უზბეკი ბიზნესმენის ვიზიტისა და მოლაპარაკების შესახებ “ტორპედოს” არაოფიციალურმა ფეისბუქგვერდმა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ამტკიცებენ, რომ “აინტრახტის” აქციონერმა ქუთაისის მერიასთან მოსალაპარაკებლად შემდეგი პირობები წამოაყენა:
- რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი გადავა მის საკუთრებაში;
- ქუთაისის “ტორპედოს” საღორიას ბაზა გადავა მის საკუთრებაში;
- ინვესტორს სურს ქუთაისის “ტორპედოს” მინიმუმ 20-წლიანი იჯარა;
- ამ პერიოდის განმავლობაში, ქუთაისური კლუბის მაისურას ფრანკფურტის “აინტრახტის” აკადემიისა და საფეხბურთო სკოლის აღზრდილებიც მოირგებენ.
ამ ინფორმაციამ სოციალურ ქსელში დიდი დაინტერესება და მსჯელობა გამოიწვია:
…”თვითონ რა ვალდებულებებს იღებენ“?..
…”მერია ფიქრობს ხო? უხელფასო გუნდი, რომლის შენახვა მერიას არ შეუძლია და რომელსაც პატრონი არ ჰყავს ამდენი ხანია! – პრინციპში დასაფიქრებელია, რამე არ მოგვატყუონ“…
…”თვითონ რას გააკეთებენ, ეს დააკონკრეტონ. კონტრაქტში უნდა ჩაიდოს, რამდენს დახარჯავენ და თუ არ დახარჯავენ ან რამეს არ შეასრულებენ, კონტრაქტი ავტომატურად უნდა წყდებოდეს. აბა, ასე ოცნებებით იყიდა ჩაჩავამ და ვხედავთ, რაც მოხდა“...
…”იმედია, ჩვენი ნაცარქექია მერი უარს არ ეტყვის, იქნება ცხოვრებაში ერთხელ ქალაქისთვის რამე ჭკვიანური საქმე გააკეთონ“...
…”ახლა უნდა გავიდეთ გარეთ და მერიას კლუბის დროულად გადაცემა მოვთხოვოთ – ჯიბეზე ყურება არ დაიწყონ, დიდი გეგმები აქვთ ამ ხალხს და მიეცით გუნდს საშუალება, გავიდეთ ევროპაში. გეყოთ ამდენი ჭამა – ახლა შეგიძლიათ, ყველაფერი გუნდის საკეთილდღეოდ მოაბრუნოთ. ახლა გამოჩნდება, სინამდვილეში მერიაში რანი ხართ“…
…”ახლა ვნახავთ, გულით უყვართ თუ არა ფეხბურთი ქალაქის ჯიგიტ მესვეურებს“...
რაც შეეხება ჩვენს ინფორმაციას, შევიტყვეთ, რომ ვითარება და პირობები ოდნავ სხვაგვარია – უზბეკ ბიზნესმენს, რომელიც “აინტრახტის” აქციათა 30,5 პროცენტის მფლობელია, “ტორპედოს” უფრო ხანგრძლივი იჯარით აყვანა სურს.
ქალაქის მერთან შეხვედრის მეორე დღეს ის გერმანიაში გაემგზავრა და ელოდება საბუთებს, რომ კლუბის ფინანსურ ვითარებას გაეცნოს. მაგრამ ფაქტია, ის დაინტერესებულია და თუ დამაბრკოლებელი ფაქტორი არ გამოჩნდა, მზად იქნება, “ტორპედოს” მიხედოს…
წყარო: lelo.ge