რამდენი ოქროს მედალი გვაქვს ევრობასკეტებზე

683

ევროპის 2021 წლის 15 ივლისი ქართული სპორტის ბოლოდროინდელი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო – სპორტის ისეთ მასობრივ სახეობაში, როგორიც კალათბურთია, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა მივიღეთ.

შეგახსენებთ, რომ 24 გუნდი ოთხ ჯგუფად გაიყოფა და თითო ჯგუფს ევროპის ოთხი ქვეყანა გაინაწილებს – საქართველო, გერმანია, ჩეხეთი და იტალია.

პირველ აბზაცში ასეთი რამ დავწერე: „ქართული სპორტის ბოლოდროინდელი ისტორიის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა“… აბა, წინა საუკუნეში ევროპის ჩემპიონატიც ჩატარებულა თბილისში და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ხან რომელი ქართველი იმშვენებდა გულს ევრობასკეტის ოქროს მედლით, ხან რომელი…

ქართველთა ევროოდისეა 1947 წელს დაიწყო. მოკლედ გადავავლოთ თვალი ევროპის ჩემპიონატებს და მოვიმარჯვოთ საანგარიშო ქართული მედლების დასათვლელად.

1947

1947 წელს საბჭოთა კავშირმა ევროპის ჩემპიონატში პირველად ითამაშა. მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქ პრაღაში დებიუტანტმა სსრკ-მ ექვსივე მატჩი მოიგო და ოქროს დაეუფლა.

საეჭვოა, ოთარ ქორქიას გარეშე „წითლებს“ წარმატებისთვის მიეღწიათ, – განაცხადა მოგვიანებით ლეგენდარულმა მწვრთნელმა ალექსანდრე გომელსკიმ. ქორქიასთან ერთად საბჭოთა ნაკრებში ნოდარ ჯორჯიკია თამაშობდა.
ოთარ ქორქია შეჯიბრების ბომბარდირი გახდა.

1949
არ გაგიკვირდეთ, მაგრამ ევროპის 1949 წლის ჩემპიონატი აფრიკაში გაიმართა. მას ეგვიპტის დედაქალაქმა ქაირომ უმასპინძლა. საბჭოთა ნაკრებს ამ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია.

1951
საფრანგეთში ჩატარებულ ევრობასკეტზე სსრკ-ს ოთარ ქორქია გაუძღვა და, ცხადია, ჩემპიონი გახდა. ნოდარ ჯორჯიკია მწვრთნელ სტეპან სპანდარიანს პარიზში არ წაუყვანია.

1953
ევროფორუმს მოსკოვმა უმასპინძლა. ოთარ ქორქიას (მეათე ნომერი იყო) გუნდმა ათივე მატჩი მოიგო.

1955
ყველასთვის მოულოდნელად სსრკ-მ ნახევარფინალში მასპინძელ უნგრეთთან წააგო და ლეგენდა ოთარ ქორქია ბრინჯაოს დასჯერდა.

1957
სამგზის ევროპის ჩემპიონმა, ოთარ ქორქიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა და „წითლებს“ ბულგარეთის ევრობასკეტზე აღარ გაჰყვა. თუმცა, ამ შეჯიბრებას ჩვენიანის გარეშე არ ჩაუვლია – საერთაშორისო კარიერა ევროპის ჩემპიონობით დაიწყო გურამ მინაშვილმა.

1959
სსრკ თურქეთშიც საუკეთესო იყო. მინაშვილმა მეორედ მოიპოვა ჩემპიონობა.

1961
იუგოსლავიის ევრობასკეტზე გურამ მინაშვილი ვლადიმერ უგრეხელიძემ შეცვალა. მანაც პირველი ადგილი დაისაკუთრა.

1963
მწვრთნელმა ალექსანდრე გომელსკიმ ნაკრებში მინაშვილი დააბრუნა, ხოლო უგრეხელიძისთვის ადგილი ვერ გამონახა. გურამ მინაშვილი ოთარ ქორქიას დაეწია – მესამედ მოიპოვა კონტინენტის ჩემპიონობა.

1965
საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამთამაშებლის პოზიციაზე მინაშვილი ზურაბ საკანდელიძემ შეცვალა. მასთან ერთად ოქროს მედალი ამირან სხიერელმა ჩამოიკიდა. 1965 წელს ევრობასკეტს საბჭოეთის ორმა ქალაქმა უმასპინძლა – მოსკოვმა და თბილისმა.

1967
ფინეთში ზურაბ საკანდელიძე მეორედ გახდა კონტინენტის ჩემპიონი.

1969
საკანდელიძეს ნაკრებში სერგეი კოვალენკო შეუამხანაგდა და სსრკ-მ მეათედ დაამტკიცა რომ ძველ კონტინენტზე ბადალი არ ჰყავდა.

1971
გფრ-ში გამართულ ევრობასკეტზე გამოჩნდა მიხეილ ქორქია. ზურაბ საკანდელიძემ კი რეკორდი დაამყარა – ქართველთაგან ყველაზე მეტჯერ (ოთხჯერ) მოიგო ევროპის ჩემპიონატი.

1973
ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… რვაჯერ?! დიახ, ზედიზედ რვაჯერ ევრობასკეტზე სსრკ-მ გაიმარჯვა. თუმცა ცხრამდე ვერ ავიდა – 1973 წელს მე-3 ადგილს დასჯერდა. ვლადიმირ კონდრაშინის გუნდში იყვნენ ზურაბ საკანდელიძე და სერგეი კოვალენკო.

1975
მიხეილ ქორქიასთან ერთად საბჭოთა კრებული ფინალში გავიდა, თუმცა მასპინძელ იუგოსლავიასთან 84:90 დამარცხდა.

1977
ბელგიაშიც ზუსტად ის განმეორდა, რაც ორი წლის წინათ: სსრკ-მ იუგოსლავიასთან წააგო, მიხეილ ქორქიამ ვერცხლის მედალი მიიღო.

1979
რვაწლიანი შესვენების მერე ევროპა კვლავ გაწითლდა – საბჭოთა ნაკრებმა მეთორმეტედ მოიგო ევრობასკეტი. სსრკ-მ პირველად ითამაშა ქართველების გარეშე.

1981
22 წლის ნიკოლოზ დერიუგინმა CCCP-ის წარწერიანი მაისურა პირველად ჩეხოსლოვაკიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ჩაიცვა და მეოთხე მატჩში თავიც გამოიჩინა – თურქეთს 25 ქულა ჩაუგდო. დერიუგინის გუნდმა პირველობა არავის დაუთმო.

1983
სსრკ-ის ნაკრები საფრანგეთში ფავორიტის სტატუსით ჩავიდა, მაგრამ ნახევარფინალში ესპანეთთან 94:95 წააგო და საბოლოოდ ბრინჯაოს დაეუფლა. ნიკოლოზ დერიუგინი საშუალოდ 6 ქულას აგროვებდა.

1985…

1985, 1987, 1989, 1991, 1993, 1995… ლიტვურ, ბერძნულ ან იუგოსლავიურ გაზეთში რომ ვწერდეთ, ამ წლებში გამართულ ევროპის ჩემპიონატებზე სათქმელი გვექნებოდა, მაგრამ ქართველებს არცერთგან უთამაშიათ.

ეს არც იყო გასაკვირი: საქართველო საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებლად შეუდგა ევროპის ჩემპიონატისკენ სავალ გზას. როგორც გითხარით, გზა ძალიან გაუგრძელდა…

2011

2011 წელი ქართული კალათბურთისთვის ისტორიული იყო – პირველად ითამაშა ერთბაშად 12-მა კალათბურთელმა ევრობასკეტზე. ჩვენმა ნაკრებმა სადებიუტო ჩემპიონატში ბევრი გააკვირვა, ჯგუფიდან გავიდა და საბოლოოდ ევროპის ტოპ-12-ში შევიდა.

2013
სლოვენიაში გამართულ ევრობასკეტზე ორი წამყვანი კალათბურთელი გვაკლდა – ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია. მათ გარეშე ჯგუფიდან გასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მიზანთან ახლოს ვიყავით – სლოვენიასთან და ხორვატიასთან ბოლო წამებზე დავთმეთ.

2015…
ასეთი გამოცდილი გუნდით არც ერთ ევრობასკეტზე არ გვითამაშია. შედეგიც შესაბამისი იყო: ქართველებმა ზაზა ფაჩულიას წინამძღოლობით ჯგუფური ეტაპი დაძლიეს და მერვედფინალში ითამაშეს. დაძაბულ საპლეიოფო ბრძოლაში ჩვენმა გუნდმა ბოლო წამებზე, ფაქტობრივად, მოგებული მატჩი 81:85 დათმო ლიეტუვასთან.

2017
ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული მატჩი მონტენეგროში ჩაატარა: 90:84 მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ გავიდა.
იქ კი ორი მოულოდნელობა შემოგვთავაზა – სადებიუტო მატჩში დაამარცხა ლიტვა, ხოლო მეორე მოულოდნელობა ჯგუფიდან ვერგასვლა იყო.

2021
ფიბა-ს გადაწყვეტილებით 2017 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატები ორის ნაცვლად ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება.
უახლოესი ევროპა 2021-შია. ოთხი ჯგუფის მისაღებად შვიდი ქვეყანა იბრძვის: იტალია, სლოვენია, უნგრეთი, გერმანია, ესტონეთი, ჩეხეთი და საქართველო.

წყარო: lelo.ge

SHARE