რას გადავურჩით ანუ იქნება თუ არა ბელარუსთან გიორგი ჩაკვეტაძე

410

გიორგი ჩაკვეტაძე მალე დაბრუნდება. დაახლოებით ათ დღეში. ეს დიდებული ამბავია მას შემდეგ, რაც ყველას გულები გადაგვიქანდა მაშინ, როცა ჩემპიონთა ლიგაზე „გენტისა“ და ვენის „რაპიდის“ თამაშს ვუცქერდით – გიორგიმ დიდებული რეიდის შემდეგ პენალტი მოინადირა, მაგრამ ტრავმა მიიღო და მინდორი ექიმების დახმარებით დატოვა.

ბელგიურმა მედიამ ძალიან იჩქარა: ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონის ბოლომდე უქმობა თითქმის ოფიციალურად გამოუწერა, მაგრამ დადგა შემდეგ ისეთი ინფორმაცია მივიღეთ, ძალაუნებურად ტაშს რომ დაგაკვრევინებს: გიორგი ათ დღეში უნდა დაბრუნდეს! პლუს-მინუს ორი დღე იქეთ იყოს და, მთავარია, რომ სეზონი არ ჩავარდა. ეს მართლაც დიდი დარტყმა იქნებოდა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის კარიერისათვის, რომელიც უკვე ისედაც გვარიანად შეაფერხა ტრავმებმა.

წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, ჩაკვეტაძეს ამ სეზონში რომ ვეღარ ეთამაშა – ჯერ ერთი, ის გამოტოვებდა უმნიშვნელოვანეს სანაკრებო მატჩებს და მეორეც, ჩააგდებდა მთელ სეზონს, რის შემდეგაც სრულფასოვნად დაბრუნება, მართლაც, ურთულესი საქმე იქნებოდა.

ვთქვათ ერთიც: ჩვენი დიდი სურვილია, რომ გიორგიმ ამ სეზონის დასრულების შემდეგ კარიერა „გენტზე“ უფრო ძლიერ კლუბში განაგრძოს და, თავისთავად, შეუძლებელი იქნებოდა ესეც – ტრავმირებული და ახალტრავმამოშუშებული კი არა, ამ პანდემიის პირობებში, ჯანმრთელი მოთამაშეების ტრანსფერები ჭირს.

მოკლედ, ბელგიური მედიის ერთი ვარაუდი გამტყუნდა და, ძალიან გვინდა, მეორეც გამტყუნდეს – ჩაკვეტაძეს ბელგიაში უკვე უწოდეს „შუშის კაცი“ და ცხადია, ეს არ გვესიამოვნა. ასე ეძახდნენ არიენ რობენს, ჰოლანდიელი გენიოსი მთელი კარიერის განმავლობაში ებრძოდა ტრავმებს. ის ამ ტრავმებთან ბრძოლამ უფრო დაღალა, ვიდრე მეტოქეებთან…

…საქართველოს ნაკრების ბოლო ორ შეხვედრაში გიორგიმ ისე თვალისმომჭრელად ვერ ითამაშა, როგორც სჩვევია, თუმცა მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო კი იყო. ქომაგი მისგან მუდამ მაგარ „ჰაი-ლაითებს“ ელის, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ყველა თამაშს ერთი კაცი ვერაფრით მოიგებს. ამის გაკეთება ჩაკვეტაძეს კი არა, უფრო დიდ ვარსკვლავებს უჭირთ.

„რაპიდთან“ მატჩმა აჩვენა, რომ გიორგი ახლა უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისას და ეს უკვე ძალიან კარგია. ცუდ ფორმაში მყოფი ფეხბურთელი ისე ვერ ითამაშებს და ისეთ სოლოს ვერ შეასრულებს, როგორიც ეს გიორგიმ „რაპიდთან“ გააკეთა. მეჩვენა, რომ მას დაძლეული აქვს ის ფსიქოლოგიური  შიში, რომელიც ნებისმიერ ფეხბურთელს რჩება ტრავმის შემდეგ. სხვანაირად ამდენი მეტოქის წინააღმდეგ ასე თამამად ვერ წახვალ და მითუმეტეს, ვერ მოატყუებ.

ეს პატარა ტრავმა კი მალე გაივლის და ვინძლო, სულ მალე აღარც არავის ახსოვდეს. გვჯერა, ბელარუსთან მატჩში ჩვენ ისეთ ჩაკვეტაძეს ვნახავთ, როგორიც გვახსოვს და გვიყვარს.

მთავარია გადავრჩით, მაგრად გადავრჩით!..

წყარო: lelo.ge

SHARE