რას გვაძლევს ხორვატია ბელარუსისთვის

276

დღეს, ჩვენი დროით 21 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ხორვატიის უპირველეს გუნდს დაუპირისპირდება. რა თქმა უნდა, ეს თამაში ბელარუსთან სამარტო მატჩის პრიზმაში უნდა განვიხილოთ. ამასთან, კარგი იქნებოდა სანაკრებო სეზონის მაჟორულ ნოტზე დასრულებაც

შანსი ყველას

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომპეტენციაა, როგორ ათამაშებს გუნდს და ვის დააყენებს. ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ ჩვენი აზრი უნდა გამოვთქვათ. მიგვაჩნია, რომ შანსი უნდა მიეცეს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც აქამდე, ასე თუ ისე, უკანა პლანზე არიან გადასულები.

ასეთი ფეხბურთელები კი საქართველოს ნაკრებში საკმაოდ არიან – გიორგი მაკარიძე, გიორგი პაპუნაშვილი, ბუბა დაუშვილი, ბაჩანა არაბული, გუჯა ლობჯანიძე… ამასთან ერთად, უნდა დაიტვირთონ ის მოთამაშეები, რომლებმაც ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ მიიღეს სათამაშო პრაქტიკა შვეიცარიასთან მატჩში – ვაკო გვილია, გიორგი აბურჯანია, ნიკა კვეკვესკირი

არ იქნება ზურიკო დავითაშვილი, რომელიც ვლადიმირ ვაისმა ახალგაზრდულ ნაკრებს დაუთმო.

ველით მინიმუმ ორ სქემას

ნებისმიერ გუნდსა თუ ნაკრებს გადამწყვეტი შეხვედრის წინ მარაგში, სულ მცირე, ორი ტაქტიკური გეგმა მაინც უნდა ჰქონდეს. ველით, რომ ხორვატებთან მატჩში ვაისი დატესტავს ორივე მათგანს, მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ბელარუსებმა არ გაგვშიფრონ. რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი მეტოქე ახლა გამადიდებელი შუშით გვაკვირდება…

ცხადია ისიც, რომ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიასთან თამაში დიდი პატივია, მაგრამ მაინც არ მასვენებს კითხვა – რამდენად სწორად შეირჩა მეტოქე კონკრეტულად ბელარუსთან მატჩის წინ? ფაქტია, ექსსაბჭოელებთან თბილისურ ჯახში ჩვენ დომინანტები უნდა ვიყოთ, ხორვატებთან გასვლით შეხვედრაში კი “პირველ ნომრად” ვერ ვითამაშებთ…

დალიჩი და კომპანია კარგ ხასიათზეა

ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზლატკო დალიჩი და მისი ფეხბურთელები კარგ ხასიათზე არიან – ბოლო ოფიციალურ შეხვედრაში დამაჯერებლად დაამარცხეს (3:1) სლოვაკეთი და ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ.

მადლობა ჩემს ფეხბურთელებს! დამსახურებულად მივაღწიეთ მიზანს. ახლა საქართველოსთან ამხანაგური მატჩი გვაქვს ჩასატარებელი. მეტოქე კარგი გუნდია და ეს დადასტურდა შვეიცარიასთან შეხვედრაშიც, რომელიც ქართველებმა კარგად ჩაატარეს”, – თქვა დალიჩმა.

ხორვატული მედია მიიჩნევს, რომ დალიჩი საქართველოსთან მატჩში იმ ფეხბურთელებს მისცემს თავის გამოჩენის შანსს, ვინც სლოვაკეთთან ოფიციალურ შეხვედრაში ბოლომდე ვერ დაიტვირთა. მათი ჩამონათვალი ისევე შთამბეჭდავია, როგორც ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა.

დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრებთან მატჩში თავიდანვე ითამაშებენ ბარტოლეკი, პერიჩი, კოვაჩიჩი, ბადელი, როგი და ორშიჩი. ამ ფეხბურთელებს გულშემატკივართა წარდგენა ნამდვილად არ სჭირდებათ.

მოდრიჩის გარეშე

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩი საქართველოსთან ამხანაგურ შეხვედრაში არ ითამაშებს. ხორვატული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

ლუკა მოდრიჩს “რეალში” აქვს რთული პერიოდი. არის გადაღლილობის ფაქტორიც. სლოვაკეთთან შეხვედრაში მოდრიჩმა შესანიშნავად ითამაშა. ზლატკო დალიჩი ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ლუკა ნაკრებიდან “რეალში” ორჯერ დაბრუნდა ტრავმირებული”.

ხორვატიის ნაკრები

მეკარეები – ლოვრე კალინიჩი (ასტონ ვილა, ინგლისი), დომინიკ ლივაკოვიჩი (დინამო ზაგრები), სიმონ სლუგა (ლუტონი, ინგლისი);
მცველები – ტინ იედვაი (აუგსბურგი, გერმანია), ბორნა ბარიშიჩი (რეინჯერსი, შოტლანდია), კარლო ბარტოლეკი (კოპენჰაგენი, დანია), დუჟე კალეტა-კარი (მარსელი, საფრანგეთი), მილე შკორიჩი (ოსიეკი), დარიო მელნიაკი (რიზესფორი, თურქეთი), დინო პერიჩი (დინამო ზაგრები), იოზიპ იურანოვიჩი (ჰაიდუკი);
ნახევარმცველები – მატეო კოვაჩიჩი (ჩელსი, ინგლისი), მარსელო ბროზოვიჩი (ინტერი, იტალია), მილან ბადელი (ფიორენტინა, იტალია), მარიო პაშალიჩი (ატალანტა, იტალია), ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა, რუსეთი), მარკო როგი (კალიარი, იტალია);
თავდამსხმელები – ივან პერიშიჩი (ბაიერნი, გერმანია), ანტე რებიჩი (მილანი, იტალია), ბრუნო პეტკოვიჩი, მიროსლავ ორშიჩი (ორივე – დინამო ზაგრები).

საქართველოს ნაკრები

მეკარეები – გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო);
მცველები – ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო ბთ);
ნახევარმცველები – ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასფორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბთ), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი);
თავდამსხმელები – გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონიოსი, საბერძნეთი).

წყარო: lelo.ge

SHARE