ევროპულ ფეხბურთში შესვენების პერიოდი დაიწყო, ამის გამო გულშემატკივრებმა ცოტათი მოიწყინეს, თუმცა მათ კოპა ამერიკა ამის საშუალებას არ მისცემს. 14 ივნისს ბრაზილიაში სამხრეთ ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაიწყება, რომელიც 7 ივლისამდე გასტანს.
რა უნდა ვიცოდეთ ტურნირის შესახებ?
კოპა ამერიკა მსოფლიოს ყველაზე ძველი სანაკრებო ტურნირია, ის პირველად 1916 წელს ჩატარდა – იმაზე 14 წლით ადრე ვიდრე მუნდიალი და 44 წლით ადრე ვიდრე ევროპის ჩემპიონატი. უკვე ჩატარებულია 46 გათამაშება და ამან არ უნდა გაგვაკვირვოს, რადგან ერთი პერიოდი მას ყოველ წელს ატარებდნენ, თუმცა შემდეგ გადაწყვიტეს ერთი წლის გამოტოვებით გაემართათ.
ტურნირის რეკორდსმენი ბევრისთვის გასაკვირად არა ბრაზილია ან არგენტინა, არამედ ურუგვაია – რომელმაც მისი მოგება 15-ჯერ მოახერხა. გუნდმა კოპა ამერიკაზე წარმატებას 2011 წელს მოახერხა, ზოგადად ისინი აქ საკმაოდ კარგად გამოდიან, ჩავარდნა მხოლოდ 1970-იან და 2000-იან წლებში ჰქონდათ.
არგენტინამ მისი მოგება მხოლოდ 26 წლის წინ ახალგაზრდა გაბრიელ ბატისტუტას ლიდერობით მოახერხა, ამის შემდეგ მათ ბედი არ სწყალობთ. უკანასკნელ 5 გათამაშებაში ლეო მესიმ და მისმა გუნდმა 4-ში ფინალამდე მიაღწია, თუმცა ორჯერ ჩილესთან და ორჯერ ბრაზილიასთან (სამჯერ თერთმეტმეტრიანებით) დამარცხდა.
1997 წლამდე ბრაზილია გამარჯვებას მხოლოდ საკუთარ კედლებში ახერხებდა, თუმცა ამ წელს კაფუს, რობერტო კარლოსის, რონალდოს და რომარიოს გუნდმა ყველა თამაში მოიგო. ორი წლის შემდეგ რომარიო რივალდომ და რონალდინიომ შეცვალეს, შედეგი იგივე იყო – 6 თამაშში 6 გამარჯვება.
2001 წელს ბრაზილიამ მეორე შემადგენლობა გამოიყვანა და მოულოდნელად პლეი ოფში ჰონდურასთან დამარცხდა, თუმცა მომდევნო ორ ტურნირზე “სელესაო” კვლავ უკონკურენტო იყო.
როგორია ფორმატი?
ტურნირზე მონაწილეობს 12 ნაკრები, რომლებიც სამ ოთხგუნდიან ჯგუფს ქმნიან. მომდევნო ეტაპზე პირველ და მეორეადგილოსნები, პლუს ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის. ეს სქემა 1993 წლიდან მოქმედებს, ერთადერთი გამონაკლისი 2016 წელს დაუშვეს როცა არა მხოლოდ სამხრეთ, არამედ მთელი ამერიკის ჩემპიონატი ჩატარდა.
საინტერესოა, რომ მომდევნო კოპა ამერიკაზე წესები შეიცვლება, გუნდები ორ ექვსგუნდიან ჯგუფად განაწილდებიან და ეს 2020 წელს არის დაგეგმილი.
როგორ მოხვდნენ ტურნირზე იაპონია და ყატარი?
ლოგიკურია, რომ ადამიანები ცხრილში ჩახედვისთანავე ამ კითხვას სვამენ, ხოლო პასუხი მარტივია, ინტერესის გაზრდისთვის. სხვა კონტინენტის წარმომადგენლები პირველად ხსენებულ 1993 წელს დაპატიჟეს, ეს ნაკრებები მექსიკა და აშშ იყვნენ.
ორგანიზატორები წინასწარვე აანონსებდნენ, რომ ტურნირს აზიის ორი საუკეთესო გუნდი დაემატებოდა, ესენი კი ფინალისტები ყატარი და იაპონია აღმოჩნდნენ. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება 2022 წლის მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის ხილვა, ვნახავთ რას წარმოადგენს ეს გუნდი.
რომელ სტადიონებზე გაიმართება თამაშები
კოპა ამერიკას ბრაზილიის 5 ქალაქი უმასპინძლებს, აქედან 4 სტადიონზე 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა:
Arena Corinthians
Arena Fonte Nova
Mineirao Stadium
Maracana Stadium
ასევე ორი სტადიონი:
Arena Gremio
Arena Morumbi
საინტერესოა, რომ უკანასკნელი სტადიონი საკმაოდ მოძველებულია და მისი არჩევა ყველას გაუკვირდა, სპეციალისტების აზრით ორგანიზატორებს თუ სურდათ ორი სან პაულუს არენა, შეეძლოთ ალიანც პარკის არჩევა. ეს სტადიონი მანამდეც იყო არჩეული და ბოლოს ჩაანაცვლეს კორინთეანს არენით, მართალია პალმეირასის საშინაო მოედანი “მხოლოდ” 45 ათას მაყურებელს იტევს, თუმცა ვფიქრობთ, ჯგუფური ეტაპის სამ მატჩს ის ნამდვილად ეყოფოდა. თანაც ის სულ რაღაც 5, ხოლო მორუმბი 70 წლის წინ ააგეს.
ეს ბრაზილიისთვის კოპა ამერიკის მეხუთე მასპინძლობაა – მანამდე მათ სტუმრები 1919, 1922, 1949 და 1989 წლებში მიიღეს.
ფავორიტები
ბრაზილია:
მთავარი ფავორიტი ზემოთ არაერთხელ ნახსენები ბრაზილიაა. წინა ტურნირზე ჩავარდნისა (ჯგუფიდან ვერ გავიდა) და ტიტეს მოსვლის შემდეგ, გუნდი აშკარად გაზრდილია. უკანასკნელ 35 მატჩში გუნდმა მხოლოდ ორჯერ წააგო, რაც ფანტასტიკური შედეგია.
ტიტეს გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე 12 შეხვედრაში 32 ქულა დააგროვა და ბრწყინვალე ბურთების შეფარდებაც ჰქონდა 33:3-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელებს ლიდერი ნეიმარი დააკლდებათ, ეს შეიძლება მათთვის პირიქით უპირატესობადაც იქცეს, რადგან მათ შემადგენლობა ისედაც ძლიერი ჰყავთ.
არგენტინა:
არგენტინისგან მთელი მსოფლიო დიდი ხანია ელის, რომ გუნდი რამე ტიტულს მოიგებს, მით უმეტეს მათ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) ფეხბურთელი ლეო მესი ჰყავთ. თუმცა უკანასკნელი პერიოდისგან განსხვავებით, ამ ტურნირზე მათგან წარმატებას ყველაზე ნაკლებად ელიან, რადგან არც ისე ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ.
გუნდში გამოცდილი ფეხბურთელებიდან დარჩენილი არიან მესი, ოტამენდი, დი მარია და აგუერო, რომლებმაც უნდა წაიყვანონ თამაში. ასევე ძალიან საინტერესო მოთამაშეები არიან ტალიაფიკო და ლო სელსო, რომლებსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდათ.
ურუგვაი:
ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის გუნდს ჰყავს ორი გამორჩეული ფეხბურთელი (კავანი და სუარესი), თუმცა მათი მთავარი იარაღი გუნდური ერთსულოვნებაა.
შემადგენლობით ურუგვაი ნამდვილად არავის ჩამოუვარდება, მათ საკმაოდ მაღალი დონის მეკარე ფერნანდო მუსლერა ჰყავთ, ცენტრალური მცველების დუეტი გოდინისა და ხიმენესის სახით, ასევე ძალიან კარგი ცენტრალური ნახევარმცველები ბენტანკური და ლუკას ტორეირა.
ურუგვაელები 2011 წლის ტრიუმფის გამეორებას აპირებენ, თანაც მათ ლეგენდარული მწვრთნელისთვის საჩუქრის გაკეთებაც ენდომებათ, რადგან მისთვის ეს შესაძლოა ბოლო კოპა ამერიკა იყოს…
წყარო: croco.ge