საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯერ სამხრეთ კორეასთან ითამაშებს ამხანაგურშეხვედრას, მერე კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში გაეჯიბრება დანიას. ამთამაშების წინ აზრი ვკითხეთ ლეგენდარულ რევაზ ძოძუაშვილს, ვინც “ლელოსთან” მართლაც საინტერესო იდეა გაახმოვანა…
– თავდაპირველად, სამხრეთ კორეასა და დანიასთან მატჩებზე გკითხავთ. როგორიათქვენი განწყობა და მოლოდინი?
– ჩემი განწყობა ოპტიმისტურია. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? ქართული კლუბების თამაში რომ განვიხილოთ ევროთასებზე, მართალია, ჯგუფში ვერცერთი ვერ შევიდა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ასე თუ ისე მაინც მივყვებით ევროპულ დინებას. ჩემი აზრით, ქართული საკლუბო ფეხბურთი წინ მიდის.
რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომელიმე შესულიყო ჯგუფში… სხვა თუ არაფერი, ეს დიდ ფინანსებს უკავშირდება, მაგრამ პროგრესი მაინც ჩანს. საკლუბო ფეხბურთის პროგრესი კი თავისთავად ნიშნავს სანაკრებო პროგრესს. ეს ყველა ქვეყანაში ასეა.
ჩვენ ვნახეთ, რომ ქართულ გუნდებში არიან საინტერესო ფეხბურთელები. ახლაც, ნაკრებს რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე ჰყავს და ეს შანსია ახალი ფეხბურთელებისთვის. თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ კონკურენცია გაზრდილია საქართველოს ნაკრებში. ჩვენი ფეხბურთელები თანდათან იკიდებენ ფეხს კარგ ჩემპიონატებში, თუნდაც რუსეთში, სადაც იოლი სათამაშო ჩემპიონატი ნამდვილად არ არის.
რა თქმა უნდა, კორეას ძლიერი გუნდი ჰყავს და, მით უმეტეს, ყველამ ვიცით, რას წარმოადგენს დანია, მაგრამ იმასაც ვუყურებთ, რა ხდება დღეს ევროპულ ფეხბურთში. შორს წასვლა რად გვინდა – “ბარსელონა” და “რეალი” ვეღარ იგებენ თამაშებს, ვეღარ იგებენ მათზე გაცილებით სუსტ გუნდებთან. რა თქმა უნდა, ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბი აკვირდება, თუ რა გზებით და როგორ ახერხებენ ამას შედარებით სუსტი კლუბები.
– ბევრი ითქვა სანაკრებო სიაზე. სიტყვა საქართველოს ჩემპიონატზე ჩამოვარდა და, როგორ ფიქრობთ, ჩვენს პირველობაზე არ არიან სანაკრებოდ საინტერესოფეხბურთელები?
– საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში “საბურთალოსა” და “ჩიხურას” შეხვედრას ვუყურე და ძალიან მომეწონა გიორგი კოხრეიძე. ზოგადად, შესანიშნავი თამაში იყო ორივე გუნდის მხრიდან – შეტევა, დაცვა, გადასვლა, გადმოსვლა, ზონების ჩაკეტვა, სივრცეების ათვისება… გიორგი კოხრეიძეზე მოგახსენეთ… მესმის, რომ ასე პირდაპირ, შეიძლება, რთული იყოს ნაკრებში თავის დამკვიდრება.
მე ნაფიქრი მაქვს ამაზე და მინდა, ასე ვთქვათ, საგოლე პასი მივაწოდო საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს. ფაქტია, ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრები დადიან საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე. სასიამოვნოა ისიც, რომ თუნდაც შესვენებისას გვეძლევა ვეტერანებს მათთან აზრთა გაცვლა-გამოცვლის საშუალება…
– და რას გულისხმობთ “საგოლე პასში”?
– ვგულისხმობ იმას, რომ შეიქმნას საქართველოს მეორე ნაკრები. ასეთი პრაქტიკა ბევრ ქვეყანაშია მიღებული. ახლა რომ ეს ნაკრები გვყავდეს, შეიძლება გაგვეყო ორად და გვეთამაშებინა იმ ტაქტიკით, რაზეც ვფიქრობთ ჩვენ და რაზეც ჩვენი გათვლით იფიქრებენ დანიელები…
სხვა თუ არაფერი, ეს ეროვნულ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების ადაპტაციას შეუწყობს ხელს და კიდევ უფრო გაზრდის კონკურენციას. თუნდაც იმავე კოხრეიძის მაგალითი რომ ავიღოთ… კიდევ არიან სხვა ნიჭიერი ფეხბურთელები. ჩვენ თუ შევხედავთ თანამედროვე ტენდენციას, წამყვან ქვეყნებში ახალგაზრდებზეა აქცენტი გაკეთებული – გერმანიაშიც, ჰოლანდიაშიც… სხვაგანაც…
– ვინ უნდა უხელმძღვანელოს ამ ნაკრებს? ალბათ, უპრიანია, მწვრთნელი ქართველი იყოს…
– იყოს, ვთქვათ, ქართველი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისის სამწვრთნელო შტაბიდან… ყოველ შემთხვევაში, იყოს ეს იდეად. ალბათ, ღირს ეს განხილვად მაინც…
წყარო: lelo.ge