საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დროებით შეწყდა. ერთადერთი, რაც ახლა ქართველ გულშემატკივარს ძალიან აღელვებს, ეს არის – ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩი ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაივლის თუ სულაც გადაიდება?
სანამ ეს გაირკვევა, უფლება არ გვაქვს, გავაჩეროთ ფიქრი მომავალ მატჩზე, მით უმეტეს, თუ ჯერ კიდევ რჩება მატჩის თუნდაც უმაყურებლოდ გამართვის შანსი…
ამ ყველაფერთან დაკავშირებით აზრი ვკითხეთ ქართველი ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, რევაზ ძოძუაშვილს.
– თავდაპირველად, ზოგად მოლოდინზე გკითხავთ. როგორია თქვენი გულისთქმა ბელარუსთან მატჩის წინ?
– თავისთავად, ყველამ ვიცით, რა მნიშვნელობის თამაში გველის. ეს უნდა იყოს დიდი ნაბიჯი ქართული ფეხბურთის კიდევ უფრო წინ წაწევისა და აღორძინების გზაზე. მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა თამამად – ეს არ იქნება მხოლოდ თამაში, ეს იქნება უფრო რთული და მნიშვნელოვანი რაღაც. ეს იქნება ორთაბრძოლების ერთობლიობა და გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც უკეთესად იქნება მზად… რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მწვრთნელების უშუალო დუელი. რა ტაქტიკით, რა ფილოსოფიით უნდა მოვემზადოთ ამ მატჩისთვის… მე მაინც მგონია, რომ ბელარუსი უფრო პარტიზანულ სათამაშო პრაქტიკას აირჩევს. ისინი აუცილებლად დაელოდებიან თავიანთ შანსს და ეცდებიან მის გამოყენებას, ამიტომ, მთავარია, ეს შანსი არ მივცეთ. სხვათა შორის, მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ბელარუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მიხაილ მარხელის მოქმედებას. ხომ ნახეთ, გარკვეული სირთულეების მოუხედავად, ბელარუსმა მაინც ჩაატარა ორი ამხანაგური მატჩი.
– …და რას ფიქრობთ ამ ამხანაგური შეხვედრების თაობაზე?
– ორივე მატჩი მოიგო ბელარუსმა და ეს საყურადღებო ამბავია. მარხელს ამ შეხვედრაში აკლდა რამდენიმე ლეგიონერი, მაგრამ მწვრთნელს ჰქონდა თავისი ლოგიკა, მე ვიტყოდი – რკინის ლოგიკა! მან თქვა, რომ ჰყავს რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი და უნდა ნახოს საქმეში ახალი მოთამაშეები. ყველა ვადევნებდით თვალს იმას, თუ როგორ გაჭირდა ფეხბურთელების შეკრება და, ბოლოს და ბოლოს, როგორ მოახერხეს ეს. ზემოთაც ვთქვი, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ფეხბურთი. ეს ცდება სპორტის ფარგლებს. ასეთი დიდი მნიშვნელობის თამაშს ეს ახასიათებს.
– რას გულისხმობთ?
– ბელარუსები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად მოემზადონ. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რომ ამ თამაშზე არაერთხელ გაამახვილა ყურადღება ბელარუსის პრეზიდენტმაც. გარდა ამისა, ამ მატჩის თაობაზე არაერთხელ ისაუბრეს ბელარუსის სპორტის მინისტრმა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა.
– …და პრემიებიც დააწესეს…
– დიახ, პრემიებიც არის დაწესებული ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემთხვევაში. ამით ბელარუსები ეუბნებიან ნაკრების ფეხბურთელებს, რომ თუ მოიგებენ, ყველაფერი იქნება კარგად. თუ არა და, დიდ მინუსებში შეიძლება გადავარდნენ. წავიკითხე, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში, ბელარუსში ფეხბურთი აღარ იქნება სპორტის პრიორიტეტული სახეობა… ზემოთ მარხელის თაობაზე ვლაპარაკობდი და ამ თემას კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე. ფეხბურთს მხოლოდ მინდორზე არ თამაშობენ. ჰოდა, მეჩვენება, რომ ბელარუსები მინდვრის გარეთაც გვეთამაშებიან.
– ეს როგორ?
– ჩემი მოგონილი ნამდვილად არ არის ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ ზოგადად ბევრი ცდილობს, რომ “ითამაშოს” და ისე წარმოაჩინოს სიტუაცია, როგორც რეალურად არ არის. მარხელი ახალგაზრდა მწვრთნელია, მაგრამ როგორც ჩანს, საკმაოდ ჭკვიანი სპეციალისტია. ცოტა ხნის წინ ბელარუსებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათი ძირითადი მეკარეები დაშავებულები იყვნენ. ახლა ჩვენ ვნახეთ ბელარუსის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა და თითქმის ყველა მათგანი ჯანმრთელია. ვეცნობი იმ მასალებს, რომელიც იბეჭდება ბელარუსულ პრესაში და მერე თქვენი გაზეთითა თუ სხვა მედიასაშუალებებით ეცნობა მათ გულშემატკივარი. გამუდმებით მიდიოდა მსჯელობა იმაზე, რომ ბელარუსის ნაკრებს არ ჰყავს კარგი ფორვარდი, გოლის გამტანი. მე რაც ვნახე სია, საკმარისად არიან იქ თავდამსხმელები. ეს ერთი. მეორე ის, რომ ბელარუსმა ბოლოს გამართული ორივე ამხანაგური შეხვედრა მოიგო და თამაშს როგორ მოიგებ ისე, თუ გოლი არ გაიტანე?! სხვათა შორის, გარკვეული “თამაში” მიმდინარეობს ჩვენი მხრიდანაც. მე წავიკითხე თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული წერილი იმის თაობაზე, რომ ნაკრებს სჭირდება “ახალი კაცი”. რომ ვიღაც ისეთი უნდა შევუშვათ თამაშში, რომელიც მოულოდნელობის ეფექტს მოახდენს. დარწმუნებული ვარ, ბელარუსები ახლა მსჯელობენ და თავს იმტვრევენ იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს ეს “ახალი კაცი”. ასე რომ, საინტერესო ფაზაში ვართ. ერთი რამ ვერ გამიგია მხოლოდ მარხელის მოქმედებიდან…
– რა?
– რა და ის, რომ ბელარუსის ნაკრები თბილისში თამაშამდე ერთი დღით ადრე ჩამოდის. მოვლენებს წინ გავუსწრებ და პირდაპირ ვიტყვი, რომ ამის გამო ჩვენ 1:0-ს უკვე ვუგებთ მათ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იოლი თამაში გველოდება, მაგრამ ამ დროისთვის ასეა და ამ უპირატესობას გამოყენება სჭირდება. ვისაც ოდესმე გაუწვრთნია გუნდი, ან უთამაშია ფეხბურთი, დამეთანხმება, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე ასეთ შემთხვევებში ერთ დღეს. ერთ ზედმეტ დღეს, როცა გუნდი თუ ნაკრები ეჩვევა ახალ ქვეყანას, კლიმატს, მინდორს, გარემო პირობებსა და ასე შემდეგ… არ ვიცი, რატომ მოიქცნენ ასე ბელარუსები. ერთი ვარიანტია, რომ მათ უთხრეს, ჩაეტიეთ ამ დროში, ორ დღეს ვერ გავწვდებით ფინანსურადო, მაგრამ მაინც მიჭირს ამის დაშვება. ალბათ, მარხელმა მაინც არჩია, რომ ჩამოვიდეს, ითამაშოს და წავიდეს იქამდე, სანამ ადაპტაციის პრობლემა დადგება, მაგრამ ეს იოლი მაინც ვერ იქნება. აქ არის ფრენის ფაქტორი, ამინდის ფაქტორი, მინდვრის, დროის და ასე შემდეგ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არიან ფეხბურთელები, რომლებიც ერთ გადაფრენაზე თვითმფრინავში სიცოცხლის ნახევარს ტოვებენ.
– ჩვენ კი ვმსჯელობთ, მაგრამ შესაძლოა, ეს თამაში გადაიდოს, ან, უფრო დიდი ალბათობით, მაყურებლების გარეშე წარიმართოს…
– რა თქმა უნდა, ეს ცუდია, მაგრამ ჩვენი საუბრის შინაარსს ვერანაირად ვერ შეცვლის, რადგან ადრე თუ გვიან ეს თამაში მაინც მოსაგებია!..
– …საქართველოს ჩემპიონატი კი გადაიდო. სწორი გადაწყვეტილება იყო?
– მჯერა, დაწყნარდება მალე ყველაფერი და შევძლებთ განახლებას. ჩემი აზრით, საქართველოს ჩემპიონატი უფრო და უფრო საინტერესო ხდება. მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით დიდი მადლობა ვუთხრა კახა კალაძეს, რომლის დიდი წვლილიცაა იმაში, რომ ნამდვილი საფეხბურთო ოაზისი მოეწყო ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსამზადებელ პერიოდში იქ არაერთ ამხანაგურ მატჩს ვუყურე. ზოგიერთი ჩვენი კლუბი თურქეთში მოემზადა. ეს იმედს მაძლევს, რომ ჩვენი ჩემპიონატი კიდევ უფრო ძლიერი იქნება, როცა განახლდება. ისე, იმ წერილზე, თქვენს გაზეთში რომ დაიბეჭდა, რაღაც მინდა ვთქვა…
– რომელ წერილს გულისხმობთ?
– “ახალი კაცის” საჭიროებაზე რომ იყო ლაპარაკი. ისე, ჩვენ რა გვიჭირს, ბელარუსებმა იკითხონ (იცინის)! ჩვენ გვყავს ისეთი ვეტერანები, ისეთი ლეგენდები, ახალკაცის სტრატეგიას კარგად რომ იცნობენ – ჩივაძე, გუცაევი, გაბელია და სხვები. მათაც ვკითხოთ აზრი, მწვრთნელთა საბჭოსავით რომ იყოს და რომ ვკითხოთ… რომ მოხდეს მერე ამ აზრების შეჯერება… არ ვიცი, მგონი საფიქრალია ესეც…
წყარო: lelo.ge