ტირასპოლის “შერიფთან” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის 3:0-ზე მოგების შემდეგ, “საბურთალო” მოლდოვის ჩემპიონთან თბილისში 1:3-ით დამარცხდა და მაინც გავიდა შემდეგ ეტაპზე.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიის ჩემპიონ ზაგრების “დინამოს” შეხვდება. კლუბი ცნობილია იმით, რომ ზრდის მსოფლიო დონის ვარსკვლავებს და ყიდის მათ ძლიერ ევროპულ კლუბებში…
მაგრამ, რას წარმოადგენს დღევანდელი “დინამო”? ამის შესახებ გიორგი მჭედლიშვილს ველაპარაკეთ, რომელიც ხორვატიაში წელიწად-ნახევრის განმავლობაში თამაშობდა და ზაგრებული გრანდის წინააღმდეგაც უთამაშია.
ცხადია, მას პირად თემებზეც ვკითხეთ. მოგეხსენებათ, ის გადავიდა ლატვიურ “ვენტსპილსში”, რომელმაც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანური “ტეუტას” ბარიერი დაძლია…
– “საბურთალო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების “დინამოს” შეხვდა. ამ გუნდს როგორ დაახასიათებდით?
– ჯერ, მთელი გულით მივულოცავ “საბურთალოს” შემდეგ ეტაპზე გასვლას, მივულოცავ თითოეულ ფეხბურთელს, რომელთაგან ბევრი ჩემი მეგობარია, სამწვრთნელო შტაბს!.. ეს კლუბი ძალიან სწორად და კარგად მუშაობს და მისი წინსვლა მახარებს… რაც შეეხება ზაგრების “დინამოს”, მეტოქე მართლაც კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. იგივე შემიძლია ვთქვა სამწვრთნელო შტაბზე… მოკლედ, “საბურთალოს” ძლიერი მეტოქე ჰყავს.
– მაინც რა სტილის გუნდია?
– ძალიან კარგ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. მე მათ წინააღმდეგ 4-ჯერ ვითამაშე და კარგი გამოცდილება მივიღე. ფეხბურთელი ასეთი მატჩებით პროგრესირებს.
– “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ მეტოქე ძალიან სწრაფ ტემპში თამაშობს…
– მართალი უთქვამს, “დინამო” მართლაც ძალიან სწრაფი გუნდია.
– ზაგრების “დინამოს” წინააღმდეგ გითამაშიათ. რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით?
– ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. მაგალითად, შემიძლია გამოვარჩიო დანიელ ოლმო – ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც თავისი ქვეყნის 21-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი გახდა და ფინალში გოლიც გაიტანა. ასევე შემიძლია გითხრათ მარცხენა ფლანგის შემტევ მისლავ ორშიჩზე, ბოსნიელ ნახევარმცველ ამერ გოიაკზე, თავდასხმელ მარიო გავრანოვიჩზე, რომელიც შვეიცარიის ნაკრების წევრია… მარჯვენა ფლანგის შემტევს, ნიგერიელ ატიემვენ ბელიევეს კი კარგად ვიცნობ, რადგან მასთან ერთად “გორიცაში” ვითამაშე… მოკლედ, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია.
– თქვენი აზრით, “საბურთალოს” შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გააჩნია?
– რაც შეეხება “საბურთალოს” შანსებს, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და კიდევ გავიმეორებ, “საბურთალოს” შესწევს იმის ძალა, რომ ზაგრებელთა წინააღმდეგ კარგად და ძლიერად ითამაშოს.
– ზაგრების “დინამოს” საკუთარი ფანების მხარდაჭერა მოაკლდება. მათი თანადგომა გუნდზე აისახება?
– რა თქმა უნდა და ესეც უნდა გავითვალისწინოთ. “დინამოს” სტადიონს დისკვალიფიკაცია აქვს და თამაში გულშემატკივრების გარეშე მოუწევს. ეს “საბურთალოსთვის” ძალიან კარგია, რადგან ზაგრებელებს გამორჩეულად კარგი გულშემატკივრები ჰყავთ. ჩემი აზრით, ისინი ამით არა მხოლოდ ხორვატიაში გამოირჩევიან, ალბათ, ევროპაშიც ერთ-ერთი საუკეთესო ფანები არიან. მინდა “საბურთალოს” და ბიჭებს მთელი გულით ვუსურვო წარმატებები.
– თქვენი ამბავი გვითხარით. “ვენტსპილსთან” ადაპტაცია როგორ მიდის?
– ყველაფერი კარგად არის. ადაპტაცია ძალიან მალე გავიარე, რაშიც ჩემი თანაგუნდელები და სამწვრთნელო შტაბი დამეხმარნენ. “ვენტსპილსში” ერთი ამხანაგური თამაშიც არ ჩამიტარებია, გუნდთან ერთად სულ 7 დღე ვივარჯიშე და ალბანური “ტეუტას” წინააღმდეგ პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში დამაყენეს, რომელსაც ევროპალიგის შესარჩევ ეტაპზე შევხვდით.
ამას არ ველოდი, რადგან წესიერად თანაგუნდელების სახელებიც არ ვიცოდი. მაგრამ ამით მწვრთნელმა დიდი ნდობა გამომიცხადა. ვფიქრობ, კარგად ვითამაშე, მიუხედვად იმისა, რომ მარცხენა მცველად დამაყენეს. ჩემთვის ეს პოზიცია ახალი არ არის და რამდენიმე თამაში ამ როლში “სამტრედიაში” ყოფნის დროსაც ვიყავი. მაგრამ თავიდან გადაწყობა მაინც რთული იყო – პირველი მატჩი, დებიუტი და თან მარცხენა მცველად – ჩემთვის ხომ კომფორტული მარჯვენა მცველის პოზიციაა. მაგრამ, როგორც მინიმუმ, ცუდად არ მითამაშია და საგოლე გადაცემაც გავაკეთე.
გუნდმაც კარგი თამაში ჩაატარა – “ტეუტა” შინ დამაჯერებლად, 3:0 დავამარცხეთ, საპასუხო თამაში კი წავაგეთ 0:1, მაგრამ ეს არაფერი. ახლა მალტურ “გზირას” შევხვდებით და, ჩემი აზრით, მესამე ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. არადა, იმედი მქონდა, სპლიტის “ჰაიდუკი” დაგვიწყვილდებოდა, მაგრამ მალტელებმა შინ წაგების (0:2) შემდეგ გასვლაზე 3:1 მოიგეს. ეს იმას ნიშნავს, რომ რთული მეტოქეა. სერიოზულად ვემზადებით, რადგან ფეხბურთში ყველაფერი ხდება და მოდუნება არ შეიძლება.
წყარო: lelo.ge