დავგუგლოთ სიტყვა Messidependencia – ჯამში 168 ათასი ჩანაწერი, ტვიტი, ვიდეო, ანალიტიკური მაგალითი, ბლოგი და სტატია იმის თაობაზე, თუ როგორი უძლურია “ბარსელონა” ლიონელ მესის გარეშე. დიახ, ეს სიტყვა სწორედ არგენტინელზე დამოკიდებულებას ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ პირველად ეს ტერმინი გაჩნდა 2013 წლის მაისში, როდესაც კატალონიური გუნდი ორი შეხვედრის ჯამში მიუნხენის “ბაიერნთან” განადგურდა. ლეო ტრავმის გამო თავის გუნდს ვერ ეხმარებოდა, “ბლაუგრანას” სხვა ტოპები კი მის გარეშე მოედანზე დაკარგულ ბავშვებს ჰგავდნენ.
რთულია ამ ყველაფრის თავიდან არიდება, როდესაც “ლურჯ-ბროწეულისფრების” ლიდერი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ერნესტო ვალვერდემ აღნიშნული სენი აბსოლუტში აიყვანა. თავად განსაჯეთ: ლა ლიგის ბოლო 9 ტურში, “კამპ ნოუს” მკვიდრებმა გაიტანეს 22 გოლი, აქედან 14 ბურთი სამხრეთ ამერიკელის უშუალო მონაწილეობით გავიდა.
“ბარსელონას” ათიანმა შეაგდო ცხრა გოლი და გააკეთა ხუთი ასისტი. სხვა – კატალონიური გუნდის უკანასკნელი რვა სტანდარტიდან ოთხი, “უცხოპლანეტელის” დაგვირგვინებით დასრულდა. 32-წლის შემტევი “ბლაუგრანაში” ლიდერია როგორც დარტყმებში, ისე პასებშიც.
მსგავსი დამოკიდებულება გამართლებული აღმოჩნდებოდა მაშინ, თუ “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ობიექტურად სუსტი შემადგენლობა ეყოლებოდათ. უხეშად რომ ვთქვათ, 6 ოქროს ბურთის მფლობელი იქნებოდა როგორც ფრანჩესკო ტოტი “რომაში” ან გაბრიელ ბატისტუტა ფლორენციის “ფიორენტინაში”.
“კამპ ნოუზე” მაღალი დონის შემსრულებლების დეფიციტს ნამდვილად არ უჩივიან, ვალვერდემ ფელიპე კოუტინიოსთვისაც კი ვერ მონახა ადგილი. ბრაზილიელი “ბაიერნში” წავიდა, მაგრამ “ბარსა” ამით არ შესუსტებულა. მესის გვერდით შეტევაში თამაშობენ სუარესი, გრიზმანი, დემბელე და მეგა-პერსპექტიული ფატი.
ერთი სიტყვით, ლეოს ჩანაცვლება კატალონიური გუნდისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. სამწუხაროა, “ბლაუგრანას” ისინი სჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ არგენტინელმა კედელი გაითამაშოს ან ცარიელ კარში ვინმეს შეაგორებინოს. კოუტინიო სწორედ ამ გარემოებებს შეეწირა, შემდეგი ანტუანია.
ბრაზილიელსა და ფრანგს კრეატივთან დაკავშირებით პრობლემები ნამდვილად არ აქვთ, მაგრამ ვალვერდეს ფანტაზიური ქმედუუნარობა “ლურჯ-ბროწეულისფრებს” სერიოზულ ზიანს აყენებს. ბასკის ტაქტიკა ასეთია: მიეცი ლიონელს ბურთი და ხელი არ შეუშალო მას.
ერნესტოს ძალიან გაუმართლა, რომ მისი გუნდის ლიდერი სეზონის განმავლობაში საუცხოო ფორმაში შევიდა. საინტერესოა, რა მდგომარეობაში იქნებოდა “კამპ ნოუ” სამხრეთ ამერიკელის მორიგი ტრავმის ან ფორმაში შესვლის პროცესის გაწელვისას? “ბარსას” სუსტი წერტილი მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩშიც გამოჩნდა.
ობიექტურად, კატალონიური გუნდის ათიანს საუკეთესო შეხვედრა ნამდვილად არ ჩაუტარებია. “უცხოპლანეტელის” გადაცემების სიზუსტე მხოლოდ 68%-ს შეადგენდა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ 32-წლის შემტევი ბურთს 99-ჯერ შეეხო.
ექვსი ოქროს ბურთის მფლობელის ყოველი მესამე პასი ადრესატამდე არ მიდიოდა. მესის ადგილზე რომ ყოფილიყო პირობითი გრიზმანი, ის უკვე გადაინაცვლებდა სათადარიგოთა სკამზე. ლეოს თამაში არ მისდიოდა და ამაში საგანგაშო არაფერია, მაგრამ “ბლაუგრანასთვის” სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
არგენტინელის გოლი მკაცრად განსაზღვრული ინდივიდუალური ოსტატობაა. არსებობს მოსაზრება, რომ “ატლეტიკო” ორ ბურთს იმსახურებდა, “ლურჯ-ბროწეულისფრები” კი ერთსაც არა. ლიონელის და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ჯადოქრობა რომ არა, ასეც იქნებოდა.
კარგია ეს თუ ცუდი, დასკვნა “კამპ ნოუს” პუბლიკისთვის მიგვინდია. ალბათ “ბარსელონას” ყველაზე სუბიექტური გულშემატკივარიც კი დაგვეთანხმება იმაში, რომ ზოგჯერ სკამზე გუნდის სიმბოლოს დასმაც არის საჭირო. ვალვერდე ამას ვერ ბედავს, რადგან სამხრეთ ამერიკელი ივან რაკიტიჩი არ არის.
ბასკი კომფორტის ზონაში იმყოფება. ერნესტო გამუდმებით აქებს თავისი გუნდის ათიანს და აღნიშნავს მის მნიშვნელობას (მასზე დამოკიდებულებას). “უცხოპლანეტელი” კატალონიელთა თავკაცს მადლობას გოლებით უხდის, თუმცა ეს მადლობაც არ არის, 32-წლის შემტევი უბრალოდ თავის საქმეს ასრულებს.
ესპანელის წარმატებული სვლა გაგრძელდება ზუსტად იმ დრომდე, სანამ ექვსი ოქროს ბურთის მფლობელს ელემენტები არ დაუჯდება. “ბლაუგრანას” ბოლო ორმა სეზონმა აჩვენა, რომ მესის ეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ემართება. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად.
წყარო: goal.ge