ევრობასკეტი 2021-ის ერთი ჯგუფის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს. ეს დიდი წარმატებაა ჩვენი კალათბურთისა და ქვეყნისთვის, თუმცა ბევრმა არ იცის, რა გზა გავიარეთ ვიდრე ფიბა-ევროპის პრეზიდენტი თურგაი დემირელი გამოაცხადებდა – ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია საქართველოა! ამ თემაზე სასაუბროდ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს ვესტუმრეთ.
– მინდა მივულოცო ევრობასკეტის მასპინძლობის მოპოვება ჩვენს ქვეყანას. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს როგორც კალათბურთის, ასევე ქვეყნის განვითარებისთვის. თბილისში უამრავი გულშემატკივარი და ტურისტი ჩამოვა, კარგი შანსი გვაქვს კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ ევროპის ნაწილი ვართ.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში ამ დონის ტურნირის ჩატარების პრეცედენტი ჯერ არ დაფიქსირებულა, ვგულისხმობ პოპულარულ გუნდურ სახეობებს. ამის შედეგებს ჩვენ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდეც მოვიმკით და, რაც მთავარია, მის შემდეგაც.
– იქნებ გაიხსენოთ ნაბიჯები, როგორ მივაღწიეთ ევრობასკეტი 2021-ის მასპინძლობას…
– ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია და საჭიროა აღინიშნოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებული სამუშაოს სიმძიმე, თორემ მახსენდება ერთი ქართული ანდაზა შინაურ მღვდელზე… სატელევიზიო ინტერვიუებში, ფორმატისა და დროის სიმცირის გამო დეტალური ანალიზის საშუალება ნაკლებად მქონდა. ახლა კი ვსარგებლობ შემთხვევით და გეტყვით, რომ ამ ყველაფერს საფუძველი 2 წლის წინ ჩაეყარა. დავჯექით და გავაანალიზეთ უამრავი დეტალი: გავითვალისწინეთ საქართველოში კალათბურთის ბოლოდროინდელი წინსვლა; ჩვენი გულშემატკივრების დამოკიდებულება; ბოლო ოთხ ევრობასკეტზე ნაკრების ნაჩვენები შედეგი… გადავწყვიტეთ საქართველო ევრობასკეტი 2021-ის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძელი ყოფილიყო. რატომაც არა?!
არ დავმალავ – ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ ჩვენ მყარად დავისახეთ მიზანი – მიგვეღო ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება. უნდა შეგვესრულებინა უზარმაზარი მოცულობის სამუშაო. მინდა მადლობა გადავუხადო ფედერაციის თითოეულ წევრს, რომლებმაც დღე და ღამე გაასწორეს, რომ მიგვეღო ის, რაც მივიღეთ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ფედერაციის გენერალური მდივნის, გიორგი ქართველიშვილის წვლილი. მას ფიბა-ევროპის ბორდში არჩევამდე და მის შემდეგაც, ყოველდღიური ურთიერთობები ჰქონდა როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ. ამ პროცესის მაჯისცემაზე ედო ხელი, ჰქონდა უამრავი ოფიციალური თუ არაოფიციალური შეხვედრა. ვფიქრობ, რომ მასპინძლობის მიღებაში მთავარი განმსაზღვრელი იყო ჩვენი ნაბიჯები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გადავდგით.
გაგახსენებთ, რომ ფიბა-ევროპის არჩევნებისას ქართველებს ჩამოყალიბებული აზრი გვქონდა – ყველამ იცოდა ჩვენი პოზიცია, რომ მხარს ვუჭერდით თურგაი დემირელს. მოხდა ისე, რომ მისი არჩევის შემდეგ გიორგი ქართველიშვილი გახდა ბორდის წევრი, ამასთან ერთად იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტი, რამაც მეტი რეალობა შესძინა ჩვენს სურვილს – გვემასპინძლა ევროპის ჩემპიონატისთვის.
– ალბათ, მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მთავრობის დარწმუნებაც, რომ ახალი დარბაზი და ევრობასკეტი ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა…
– ფიბა-ევროპის წევრებთან ვისაუბრეთ, დავარწმუნეთ, რომ ჩვენი ამბიცია საფუძვლიანია, გვაქვს მაღალ დონეზე ევრობასკეტის ჩატარების უნარი. სწორედ ამის შემდეგ მივედით საქართველოს მთავრობასთან და წარვუდგინეთ რეალური სურათი. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინეს. მხარდაჭერა აღგვითქვეს, რისი დასტურიცაა ის საგარანტიო წერილი, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმოწერით წარვადგინეთ ფიბა-ევროპაში. ერთადერთი სუსტი წერტილი იყო არენა, რომელიც ჯერ არ გვქონდა. პრემიერ-მინისტრის წერილი კი, იყო საფუძველი, რათა ფიბა-ევროპის მაღალჩინოსნებს ჩვენთვის ნდობა გამოეცხადებინათ და დაეჯერებინათ, რომ 2021 წლისთვის საქართველოში აშენდებოდა მაღალი დონის არენა.
– სლოვენიელებმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს საქართველოში ევრობასკეტის გამართვასთან დაკავშირებით – დებულებაში წერია, რომ მასპინძლობა არ უნდა მიენიჭოს ქვეყანას, რომელსაც დარბაზი არ აქვსო…
– ასეთი რამ არსად წერია. ეს სრული აბსურდია. ლიტვის მაგალითს გაგახსენებთ, რომლის დარბაზის მშენებლობაც 2011 წელს, ევრობასკეტის წინ დასრულდა. ეს იყო „ჟალგირის არენა“. მაშინ, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფი სწორედ ამ დარბაზში გაიმართა. მთავარი იყო გარანტია სახელმწიფოსგან. ჩვენ ეს გვქონდა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც სიხარულით შეხვდა ჩვენს მონდომებას. მიუნხენშიც ჩამოვიდა და ბოლომდე გვერდში გვედგა. მან პირადად აღუთქვა ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობას, რომ საქართველო ყოველმხრივ მომზადებული შეხვდება ევროპის ჩემპიონატს. კიდევ ერთხელ მსურს დიდი მადლობა გადავუხადო როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე პრეზიდენტს.
მინდა გამოვყო საქართველოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერა, მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მისი მოადგილე შალვა გოგოლაძე, რომელიც მუდმივად ჩვენ გვერდში იყო, ასევე ყოფილი მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე… მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც ჩვენთან ერთად განიცდიდა ყოველივეს.
– ცალკე გავიხსენოთ არჩევნების დღე. თუ იცოდით წინასწარ ვინ დაგიჭერდათ მხარს და ვინ არა?
– იყო ცალკეული დაპირებები. თუმცა ყველა თავისებურია, ბევრი წინასწარ არაფერს ამჟღავნებს. ეს ჩვენ ვართ ქართველები, რომლებიც პირდაპირ ვამბობთ, რასაც ვფიქრობთ. არც ის დაგვიმალავს, რომ ფიბა-ევროპის საპრეზიდენტო არჩევნებში თურგაი დემირელს ვუჭერდით მხარს. ევრობასკეტის მასპინძლის შერჩევისასაც ვუთხარით ვის ვირჩევდით, საბოლოოდ კი იმ ოთხმა ქვეყანამ მიიღო მასპინძლობის უფლება, რომლებსაც ჩვენ მივეცით ხმა. პირად საუბრებში იყო სიმპათია საქართველოსადმი, მაგრამ იყო სკეპტიკური განწყობაც – გვეკითხებოდნენ, ამ მოკლე დროში როგორ მოასწრებთ დარბაზის აშენებასო. ამაზე წელში გამართულები ვპასუხობდით…
– არჩევის დღეს მიუნხენში გახლდათ საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ვლადიმერ ბოისა და ამჟამინდელი კაპიტანი თორნიკე შენგელია…
– ვლადიმერ ბოისა, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია და ჩვენთან ერთად ბევრს მუშაობდა. ცხადია, მასაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ წარმატებაში. უნდა ნახოთ, როგორი გახარებულია ნაკრების თითოეული წევრი. კაპიტანი, თორნიკე შენგელია მიუნხენში ჩვენთან ერთად გახლდათ. იგი თავიდან ბოლომდე იყო ჩართული პროცესებში. მან იცოდა რა ეტაპზე რას ვაკეთებდით და მიხარია, რომ საბოლოოდ მასაც დაუფასდა მონდომება – ევროპის ჩემპიონატს მშობლიურ ქვეყანაში ითამაშებს. ეს კალათბურთელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
– როდის იგეგმება დარბაზის მშენებლობის დაწყება?
– მშენებლობა დაიწყება არაუგვიანეს სექტემბრისა. მთავრობას წარვუდგინეთ სრულყოფილი პროექტი, რომელიც აქაც მოიწონეს და ფიბა-ევროპაშიც წარმატებით გაიარა პრეზენტაცია. ძალიან კარგია, რომ 15-ათასიან არენაზე შეჩერდა არჩევანი, იქნება თანამედროვე, მულტიფუნქციური კომპლექსი, ისეთი, წუნს რომ ვერავინ დაუდებს.
– დარბაზის პროექტში გათვლილი იქნება ისიც, როგორ დაიტვირთება არენა ევრობასკეტის შემდეგ.
– ქვეყანას შეეძლება დარბაზის სპორტის სხვადასხვა სახეობით დატვირთვა. საპრეზენტაციო კლიპში მოცემულია ჰოკეის მოედანიც… შეიძლება ჩვენთან ჰოკეი ისეთი პოპულარული არ არის, როგორიც ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, მაგრამ ხომ გვყავს კარგი ნაკრები… ახალ დარბაზში შეიძლება უმაღლესი დონის შეჯიბრებების გამართვა ფუტსალში, ხელბურთში, ფრენბურთში, ჭიდაობაში, ძიუდოში…
როდესაც ასეთი არენა გვექნება, სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებიც იბრძოლებენ დიდი ღონისძიებების მასპინძლობისთვის. ორგანიზაციული თვალსაზრისით ყოველთვის მაღალ დონეზე ვართ, სტუმარ-მასპინძლობა ჩვენ არ გვეშლება, საჭმელ-სასმელი გემრიელი კერძები გვაქვს, ინფრასტრუქტურა მწყობრშია – უმაღლესი დონის სასტუმროები ჩვენს დედაქალაქში პრობლემა არაა.
ახალი არენა სპორტის გარდა ასევე უნდა დაიტვირთოს კულტურული ღონისძიებებით. მრავალმხრივი დატვირთვა ექნება და დარწმუნებული ვარ, ქვეყანა სრულიად გამოიყენებს იმ პოტენციალს, რაც ამ დარბაზს ექნება.
ფედერაციის პრეზიდენტის პაატა გურასპაულის მოსაზრებას ევროშესარჩევის წილისყრის, ნაკრების მოსამზადებელი გეგმებისა და ახალგაზრდული ნაკრების გამოსვლის შესახებ ჩვენი გაზეთის ხვალინდელ ნომერში შემოგთავაზებთ.
წყარო: lelo.ge