როგორ სძლია „დინამომ“ „რეალს“ ჩემპიონთა თასის ფინალში

594

29 ივნისი დიდი დღეა – 1962 წელს თბილისის „დინამომ” ქართული სპორტის ისტორიაში არნახულ წარმატებას მიაღწია – მოიპოვა ჩემპიონთა თასი. 
29 ფინალური მატჩის დღეა – დინამოელები მადრიდის „რეალს” ნეიტრალურ მოედანზე, ჟენევაში დაუპირისპირდნენ და 90:83 გაიმარჯვეს. 
ჩვენების გუნდურ თამაშზე საბოლოო სტატისტიკაც მეტყველებდა – ხუთმა კალათბურთელმა 12-17 ქულებს შორის იტრიალა. ხოლო ესპანელების რიგებში ამერიკელი უეინ ჰაიტაუერი დაფრინავდა – 30 ქულა ჩააგდო. იგი 1962 წელს NBA-ს დრაფტზე „სან ფრანცისკო უორიორზმა” მე-7 ნომრად აიყვანა. …ჰაიტაუერმა NBA-ში 1972 წლამდე ითამაშა.

– ოცდაათი წელია კალათბურთში ვარ და ასეთი საინტერესო ბრძოლა ჯერ არ მინახავს. ესპანელები ქარიშხალსა და ტექნიკას განასახიერებდნენ, ქართველები – ქარიშხალს, ტექნიკასა და სათამაშო დისციპლინას, – განაცხადა მატჩის შემდეგ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა უილიამ ჯონსმა.

„დინამოს“ კაპიტანი გურამ მინაშვილი ფინალის პერიპეტიებს იხსენებს:

დაუჯერებელი გმირობის ამბავი: რატომ წამოუდგა ფეხზე ოთარ ქორქიას მთელი ამერიკის ნაკრები? [VIDEO]

„შვეიცარიაში ფინალური მატჩზე გამგზავრების წინ მოსკოვში, საკავშირო სპორტკომიტეტში დაგვიბარეს. ვესაუბრეთ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელსაც ჯერაც ვერ მოენელებინა “დინამოს” მიერ ცსკა-ს ჩემპიონთა თასიდან გამოთიშვა. ლაპარაკისას გარკვეული პოლემიკა წარმოიშვა და წლების შემდეგაც არ დამვიწყებია მისი მეტისმეტად უტაქტო ნათქვამი: სხვათა შორის, არმიელი ალაჩაჩიანი შენზე უკეთესად თამაშობსო. თუ არა გულის მოსაოხებლად, სხვა რაში უნდა დასჭირვებოდა ამის თქმა?

დიდი დავა გამოიწვია 1962 წლის ჩემპიონთა თასის ფინალის გამართვის ადგილმა. მოგეხსენებათ, წესითა და რიგით შინ და გასვლაზე უნდა გვეთამაშა, მაგრამ ესპანეთში ფრანკოს რეჟიმი იყო, რომელსაც მტრული დამოკიდებულება ჰქონდა საბჭოთა კავშირთან და ესპანელებმა ჩვენს მადრიდში შეშვებაზე უარი განგვიცხადეს – ვიზები არ მოგვცეს. მათთვის სულ ერთი იყო, ქართველები ვიყავით თუ რუსები, ესპანეთში საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს შესვლის უფლება არ ჰქონდათ.

ფიბა ორივე მხარესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და საბოლოოდ გადაწყდა – ვერცხლის კალათის მფლობელი ერთ მატჩს გაერკვია. შეხვედრისთვის ნეიტრალური ქვეყანა, შვეიცარია შეირჩა. რადგან გავიმარჯვეთ, დღეს თამამად ვიტყვი, რომ ჩვენთვის შინ და გარეთ თამაშს ერთი შეხვედრა სჯობდა. ხომ შეიძლებოდა, თბილისში მოგების შემთხვევაში მადრიდში ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ წასულიყო და ორი მატჩის ჯამში „რეალს“ ეჯობნა?!

ქართული კალათბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა 29 ივნისისთვის დაინიშნა. ესპანელი კალათბურთელები ჟენევაში ერთი კვირით ადრე ჩავიდნენ, ჩვენ – დაახლოებით დღენახევრით ადრე. შესაბამისად, მოსამზადებლად და ახალ მოედანთან ადაპტაციისთვის მეტოქეს მეტი დრო ჰქონდა. რადგან ანშლაგს ელოდნენ, მატჩი შუაევროპული დროით 21:30 საათზე დაიწყო.

მანამდე მაქსიმალურად ვცდილობდით დასვენებას, კარგადაც გამოვიძინეთ და სადილის შემდეგ ქალაქშიც გავისეირნეთ. ჟენევაში, ერთ-ერთ მთავარ ხიდზე გადასვლისას გამურული კაცი შემხვდა, აშკარად ეტყობოდა, რომ ბუხრის მწმენდავი იყო. გაგონილი მქონდა, ამ პროფესიის ადამიანს თუ შეხვდები, ის დღე კარგად ჩაივლისო. მისი ჟენევის ხიდზე დანახვა სიკეთის ნიშნად აღვიქვი.

ვერ ვიტყვი, რომ ეს ცრურწმენაა, უბრალოდ ასეთ ნიუანსებს ყურადღებას ინტერესის მიზნით ვაქცევდი. მქონდა ერთი აკვიატებული ჩვევა: მონაწილეთა გვარების გამოცხადების შემდეგ, ორი-სამი წუთით კალათში ტყორცნას რომ დავასრულებდით, თუ სხვები სათადარიგოთა სკამისკენ მიდიოდნენ, მე მოედანს არ დავტოვებდი, რომ არ ავმხტარიყავი და ბადეს ხელით არ შევხებოდი.

ურუგვაელებმა ზურაბ საკანდელიძის მაისურა დაკუწეს და… [VIDEO]

ჟენევის დარბაზში („პატინუარ დუ ვერტენსში”) დიქტორმა გურამ მინაშვილი რომ გამოაცხადა და ტრადიციული რიტუალი შევასრულე, დარბაზს თვალი მოვავლე და კიდევ უფრო ავენთე. განსაკუთრებით კარგად მაშინ ვთამაშობდი, როცა მეტოქეს უფრო მეტი ქომაგი ჰყავდა. 29 ივნისს დარბაზი მთლიანად რძისფრად შეღებილიყო, დუღდა და გადმოდუღდა. „რეალის” თეთრი დროშებიც ფრიალებდა და ესპანეთის წითელ-ყვითლებიც. მადრიდში ქომაგობა მაშინაც გვარიანად იცოდნენ. იქაური გულშემატკივრები ერთიანად დაძრულიყვნენ და შვეიცარიაში ჩამოსულიყვნენ.

ესპანელებით გავსებული არენა ოთხი ქართველი ქომაგის წინააღმდეგ… ტრიბუნებზე მხოლოდ ოთხი ჩვენი თანამემამულე იჯდა, ოღონდ როგორი ქართველი! მათ შორის იყო დიკა კედია თავის ფრანგ ქმართან ერთად. დიკა ეროვნული დემოკრატიული პარტიის პირველი ხელმძღვანელის სპირიდონ კედიას შვილი გახლდათ; მატჩს ესწრებოდა გალაქტიონის მუზა მერი შერვაშიძე, რომელიც ასევე ემიგრანტად ქცეულიყო; საქომაგოდ მოვიდა შალვა დადიანის პირველი მეუღლე ნინო ჩხეიძე; ქართული პროზის პატრიარქის, გრიგოლ რობაქიძის მატჩისშემდგომი შთაბეჭდილებები ხომ ნებისმიერმა ქართველმა ქომაგმა იცის. მისი “გველის პერანგი” სსრ კავშირში აკრძალული ნაწარმოები იყო, თუმცა 1962 წლისთვის წაკითხული მქონდა. გრიგოლ რობაქიძის შესახებ ბევრს ჰყვებოდა ჩემი სიმამრი კოინსტანტინე გამსახურდია. ისინი გერმანიაშიც ერთდროულად სწავლობდნენ და საქართველოშიც ხშირად ხვდებოდნენ.

ჩემპიონთა თასის ფინალის დღეს გრიგოლ რობაქიძესთან მიმართებაში ისეთი შეცდომა დავუშვი, დღემდე რომ არ ვპატიობ საკუთარ თავს. თუმცა ეს მატჩის შემდეგ მოხდა, მანამდე უშუალოდ შეხვედრაზე ვილაპარაკოთ.

ეს იყო მატჩი, რომელშიც კარგი ინდივიდუალისტებით დაკომპლექტებული ორი გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს. მადრიდის “რეალში” ემილიანო როდრიგესი, სტენ მორისონი და უეინ ჰაიტაუერი თამაშობდნენ. სხვათა შორის, ჰაიტაუერს 1960 წელსაც შეიძლებოდა შევხვედროდი, მაგრამ რომის ოლიმპიადაზე ტრავმის გამო ვერ გაემგზავრა. “რეალის” შემდეგ მან NBA-ს მიაშურა და მაღალ დონეზეც ითამაშა.

როცა მოედანზე ინდივიდუალურად ძლიერი შემადგენლობები გადიან, ბევრს წყვეტს ერთი-ორი მოთამაშის მოქმედება. ჰაიტაუერმა 30 ქულა ჩააგდო, როდრიგესმა – 21. ასეთი ვარსკვლავებისთვის კი “დინამოს” სხვა გზით უნდა ეჯობნა… ეს გზა დიდი ხნის ნაპოვნი გვქონდა – გუნდურობა: ქართველები სწრაფად კი ვთამაშობდით, მაგრამ არა სტიქიურად, იერიშზეც მწყობრად გადავდიოდით და თავსაც დალაგებულად ვიცავდით. გუნდური თამაშის მანიშნებელია ისიც, რომ ფინალში ხუთ კაცს მოგვიგროვდა ქულები 9-დან 17-მდე.

თავიდანვე ყველაფერი კარგად გამოგვივიდა, პირველი ტაიმი 38:36 მოვიგეთ. საწყის 20 წუთში აშკარად დავინახეთ, რომ არც “რეალი” იყო დაუძლეველი და არც ჰაიტაუერი – აუღებელი ციხესიმაგრე. კიდევ უფრო შეგვემატა სითამამე. ვიყენებდით ყველა კოზირს, შეტევას პირველ ფაზაშიც ვასრულებდით, თუმცა მატჩის ბოლოს, როცა მადრიდელებმა ფარქვეშ მიმავალი ყველა გზა ჩაკეტეს, შორეულ ტყორცნებზე გადავერთვეთ. ამ საქმეში კი ბადალი არ ჰყავდა ალექსანდრე კილაძეს, მას ვლადიმერ უგრეხელიძეც შეეშველა და მატჩის ბოლოს, 30-ქულიანმა ჰაიტაუერმა მეხუთე ჯარიმა რომ მიიღო, გამარჯვებულიც გაცხადდა. 90:83 მოვიგეთ.

საოცარი შეგრძნება იყო, მეცხრე ცაზე ვიყავით სულიერადაც და ფიზიკურადაც!”

დინამო 90 – რეალი 83
ჩემპიონთა ლიგა 1962
ფინალი
29 ივნისი, 21:30
დინამო: ლევან მოსეშვილი (3ქ) გურამ მინაშვილი (9), ილარიონ ხაზარაძე (2), რევაზ გოგელია, ვალერი ალთაბაევი (17), ანზორ ლეჟავა (16), ლევან ინწკირველი (3), ვლადიმერ უგრეხელიძე (14), ალექსანდრე კილაძე (14), ალექსანდრე პეტროვი (12), ამირან სხიერელი.
მწვრთნელი: ოთარ ქორქია
რეალი: პედრო ლოპი, ჯოსე-რამონ დურანდი, ხულიო დესკარტინი, მანუელ საინსი (4), ხოსე ლუისი (5), ანტონიო პალმერო, ემილიანო როდრიგესი (21), კარლოს სევილიანო (11), უეინ ჰაიტაუერი (30), სტენლი მორისონი (12), ლორენცო ალოცენი.
მწვრთნელი: პედრო ფერანდისი

 

წყარო: lelo.ge

SHARE