ევროპის რაგბის ფედერაცია (Rugby Europe) რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებული მატჩების გამართვას 31 ოქტომბერს აპირებს. ამის შესახებ რუსეთის რაგბის ფედერაციის დირექტორმა სერგეი მარკოვმა განაცხადა, რომლის თქმითაც, გადაწყვეტილება ოფიციალურად მიღებული ჯერ არ არის.
შეგახსენებთ, რომ ტურნირი მარტში, კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა. 14 მარტს, თბილისში, საქართველოს და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის ბოლო ტურის დაპირისპირება უნდა გამართულიყო.
“ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ არის, თუმცა Rugby Europe-ის აქვს წინასწარი პროექტი, რომლის თანახმად, ევროპის ჩემპიონატის გადადებული შეხვედრები 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს, ხოლო უმაღლეს დივიზიონში დასაწინაურებელი პლეი ოფის მატჩები – ნოემბრის შუაში.
მაგრამ ყველაფერი სანაკრებო მატჩებისთვის ფანჯრებთან დაკავშირებით, World Rugby-ს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. World Rugby ერთი კვირის წინ შეიკრიბა, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი გადაწყვიტა.
სავარაუდოდ, გადაწყვეტილებებს ივლისის შუაში მიიღებენ და სწორედ მაშინ გავიგებთ, როდის იქნება შემოდგომით სანაკრებო ფანჯრები, ჩვენ რუსეთის ნაკრებისთვის ტესტ–მატჩების ჩატარება გვსურს, – აქვეყნებს მარკოვის სიტყვებს რუსული მედია.
2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებს ოთხივე მატჩი მოგებული აქვს და უახლოეს მდევრებს – პორტუგალიასა და ესპანეთს 10-10 ქულით უსწრებს, ამდენად, პირველობას ვეღარავინ შეეცილება. რუსეთის ნაკრები 4 მატჩში 2-2 მოგება-წაგებით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.
წყარო: lelo.ge