…საფინალო სასტვენის შემდეგ გახარებული იყო თბილისის “დინამოს” პრეზიდენტი რომან ფიფია, რომელიც დიდხანს ელოდა იმ დღეს, როცა ყველაზე ტიტულოვანი ქართულ კლუბი პირველ ადგილზე აღზევდებოდა. იყო იმედგაცრუებაც, იყო პესიმიზმიც, მაგრამ იმედს არ კარგავდა და საბოლოოდ, მოახერხა ისეთი გუნდის შეკრება, რომელმაც ჩემპიონობა დაიბრუნა.
“დინამოს” მეპატრონეს, უპირველესად, სამომავლო გეგმებზე ვკითხეთ – 2020 წელს თბილისური გუნდი საქართველოს ჩემპიონთა ლიგაზე წარადგენს და აპირებს თუ არა გაძლიერებას?
“ჩემპიონობის მოპოვება უზომოდ მახარებს. ჩვენ ეს ღირსეული თამაშით და ბრძოლით დავიმსახურეთ. ახლა ჩვენ საქართველოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარვადგენთ და, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, მომავალი სეზონისთვის გუნდი კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ეს ჩვენი უპირველესი მიზანია“, – ამბობს რომან ფიფია.
ამ გამარჯვების სულისჩამდგმელი, თბილისურ კლუბში მწვრთნელის სტატუსით დაბრუნებული ჩისკო მუნიოსი ფეხბურთელებმა ჰაერში აბურთავეს. ესპანელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ “დინამო” ევროთასებზე ღირსეულად ითამაშებს.
“ძალიან რთული თამაში იყო. “ვიტ ჯორჯია” ბოლომდე იბრძოდა. ზოგადად, მძიმე სეზონი გამოდგა და დიდი კონკურენციის პირობებში ღირსეულ მეტოქეებს ვაჯობეთ. მიხარია, რომ ჩემპიონის ტიტული ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დავიბრუნეთ და გულშემატკივრები გავახარეთ. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, გულშემატკივრებსა და ხელმძღვანელებს, რომლებიც წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. იმედი მაქვს, რომ შემადგენლობას არათუ შევინარჩუნებთ, არამედ, გავძლიერდებით და ჩემპიონთა ლიგაზე ღირსეულად ვითამაშებთ“.
ბოლო ტურში ეროვნული ლიგის ბომბარდირიც გაირკვა. პირველ ადგილზე 20 გოლით თბილისის “დინამოს” თავდამსხმელი ლევან კუტალია გავიდა. ბათუმის “დინამოს” ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონი მას ორი გოლით ჩამორჩა.
“ძალიან რთული თამაში გამოვიდა. “ვიტ ჯორჯია” ლიგიდან გავარდნილი იყო, მაგრამ ადვილი თამაში არ გვქონია. ეს წინასწარაც ვიცოდით და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ხალხი გაგვეხარებინა. რაც შეეხება ბომბარდირობას, ეს გუნდის დამსახურებაა. გახარებული ვარ, რომ “დინამოს” ჩემპიონობაში ჩემი წვლილი შევიტანე. დღეს პირველი გოლის გატანა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა. მიხარია, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ჩემპიონები დამსახურებულად გავხდით“.
წყარო: lelo.ge