რუსეთმა 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე „ბორჯღალოსნებთან“ მატჩისთვის განაცხადი გამოაცხადა. თბილისში „დათვებს“ ოთხი მორაგბე ვერ დაეხმარება: „სეილ შარკსში“ დაბრუნებული ვალერი მოროზოვი და ტრავმირებულები – ნიკიტა ჩურაშოვი, ვლადისლავ სოზონოვი და რამილ გაისინი. ამ უკანასკნელმა გუშინ განაცხადა, რომ ბოლოს და ბოლოს საქართველოს დამარცხების დრო დადგა. ჩვენმა გუნდმა ვადამდე მოიგო ტურნირი და მისთვის ამ მატჩს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა რუსებთან თამაში ყოველთვის პრინციპულია და აქ „პრაქტიკულობა“ მეორეხარისხოვანია.
აი, მეტოქისთვის კი შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
შეუძლია კი ბელგიას არ დამარცხდეს რუმინეთთან 7 ან ნაკლები ქულით? ეს ის კითხვაა, რომელზეც რთულია ცალსახა პასუხის გაცემა. ჯანსაღი ლოგიკის მიხედვით, რუმინეთი ტურნირზე ბოლოს მეტოქის განადგურებით თავისი გულშემატკივრების გახარებას და გასახდელში პოზიტივის შეტანას შეეცდება. თუმცა ბელგია უკანასკნელ ხანს მოძლიერდა და შეუძლია რუმინეთს სავსებით რეალური და არა დადგმული ბრძოლა გაუმართოს.
თუ ვითარებას „შეთქმულების თეორიის“ პოზიციით შევაფასებთ, გასახსენებელია, რომ რუსეთის საჩივრის გამო რუმინეთი მსოფლიოს თასის მიღმა დარჩა, ხოლო ბელგიას, რომელსაც ასევე ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა მოთამაშეთა ნატურალიზებასთან დაკავშირებით, დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწია.
ახლა განაწყენებულებს შურისძიების შანსი მიეცათ. ამისათვის რუმინეთმა უნდა გაიმარჯვოს, ხოლო ბელგიამ ბონუსი აიღოს – თუ რუსეთი საქართველოდან ხელცარიელი დაბრუნდება. „შეთქმულებს“ ის უპირატესობაც აქვთ, რომ თბილისური მატჩი ადრე დაიწყება.
როგორც ხალხური სიბრძნე ამბობს – სურვილი იყოს, თორემ საშუალება მოინახება. „ბოროტი ხმები“ გაუხმაურებელ მოლაპარაკებებზე სარაგბო სამყაროში ხანდახან ვრცელდება…