რუსთავი სამგზის ჩემპიონია…

511

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამერიკულ ფეხბურთს საქართველოშიც თამაშობენ. უკვე რამდენიმე გუნდია ჩამოყალიბებული. მართალია, სპორტსმენთა პროფესიულ დონეზე მოსამზადებლად საკუთარი საწვრთნელი ბაზა არა აქვთ – ამერიკული ფეხბურთისთვის სპეციალური კონფიგურაციის მოედანია საჭირო, სპეციფიკური დახაზვით, რომლის მოთხოვნებსაც საქართველოს არც ერთი მოედანი არ აკმაყოფილებს, თუმცა ცდილობენ, არსებულ რესურსს მოერგონ – ფეხბურთის და  რაგბის მოედნებს იყენებენ.

როგორც ფედერაციის მესვეურებმა გვითხრეს, ამერიკულ ფეხბურთში სპორტის თითქმის ყველა ძალისმიერი სახეობიდან მიდიან ახალგაზრდები სავარჯიშოდ, მეტწილად – მორაგბეები, კალათბურთელები და მოჭიდავეები. ჰყავთ ორი ასაკის სპორტსმენები: 13-დან 17 წლამდე და 17 წელს ზემოთ. გუნდებში დაახლოებით 300 სპორტსმენი ვარჯიშობს, ხოლო თბილისის ორ და რუსთავის ერთ კლუბს პატარების გუნდებიც ჰყავთ.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია 2011 წელს ზაქარია ჯაჭვაძემ დააფუძნა. 2015 წელს სპორტის სამინისტრომ აღიარა ახალი ფედერაცია და შეძლებისდაგვარად დააფინანსა კიდეც. 2016 წელს პარიზში ამერიკული ფეხბურთის მსოფლიოს კონგრესზე საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია ამ სახეობის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრად მიიღეს.

პირველი პროფესიული გუნდი – თბილისის „ჯვაროსნებიც“ ჯაჭვაძემ ჩამოაყალიბა. ამჟამად მის რიგებში თამაშობს ლატვიელი იანის იანმარკასიც, რომელიც წლევანდელი ეროვნული ჩემპიონატის ფინალური პაექრობისას მოედანზე იყო, ოღონდ როგორც ერთ-ერთი მსაჯი, რადგან მისი გუნდი ნახევარფინალში რუსთავის „სთილერსთან“ 12:19 დამარცხდა. მეორე ნახევარფინალში დედაქალაქის „თბილისმა“ თანაქალაქელ „არწივებს“ სძლია – 12:6.

შეგახსენებთ, რომ ამერიკულ ფეხბურთში საქართველოს წინა სამი ჩემპიონატის გადამწყვეტ ორთაბრძოლებში ერთმანეთს თბილისის „ჯვაროსნები“ და რუსთავის „სთილერსი“ დაუპირისპირდნენ. 2017 წელს დედაქალაქელებმა მოიპოვეს ჩემპიონობა, ხოლო 2018-2019 წლებში გაიმარჯვეს რუსთაველებმა, რომლებსაც თურქი ალპერ კალაიჩი ავარჯიშებს.  წლეულს მეოთხე ჩემპიონატი ჩატარდა. ოქროს მედლებისთვის გადამწყვეტ მატჩში „სთილერსმა“ და „თბილისმა“ ითამაშეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ფინალი დაძაბულად წარიმართა. თავიდან რუსთაველებმა შეუტიეს და მოედნის შუაგულიდან გრძელი გარბენებით 3 უპასუხო თაჩდაუნი მოიპოვეს. მეორე მეოთხედის მიწურულსა და მესამე მეოთხედის დასაწყისში თბილისელმა ვატო აღაჯანაშვილმა დავით რუბენიას ზუსტი გადაცემებით 2 თაჩდაუნი გაქვითა. პაექრობის მიწურულს ისევ იმძლავრეს კალაიჩის შეგირდებმა (ვანო მუმლაძე, ალიკა ფხალაძე, აკო კიპაროიძე, ვახო სამადაშვილი, რატი ყიფიანი, საბა კვერნაძე, რამიკო დაუშვილი, ჯაბა ბაგაშვილი, რეზი გრიგალაშვილი, ბექა კვერნაძე, სერგი აფციაური, შოთა ტყეშელაშვილი, თემო რუბენია, ნიკა მაისურაძე, ნიკა ოსიაშვილი, გოგა რუხაძე, არჩილ ჩხეიძე, კენი მაკკაი, ლუკა პერმუზაშვილი, ვაჟა ლომაშვილი), მატჩი 35:22  მოიგეს და ჩემპიონობაც მესამედ მოიპოვეს. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებად აღაჯანაშვილი და „სთილერსის“ შოტლანდიელი ლეგიონერი კენი მაკკაი აღიარეს. ბრიტანელი სპორტსმენი დიდი ხანია, ამერიკულ ფეხბურთს თამაშობს. მეოთხე წელიწადია, საქართველოში ცხოვრობს. გატაცებულია ფიტნესით.

– როგორც წინა წლებში, დღესაც ძალიან რთული ფინალი გვქონდა, – თქვა მატჩის შემდეგ მაკკაიმ. – ბევრჯერ დავჯარიმდით, რამაც სირთულეები შეგვიქმნა. საბედნიეროდ, საბოლოოდ მიზანს მივაღწიეთ. რომ არა პანდემია, წლევანდელი ჩემპიონატი ბევრად მიმზიდველი და საინტერესო იქნებოდა. ახალ ჩემპიონატს სექტემბერში დავიწყებთ. რთული პაექრობები გველის, რადგან საქართველოში გუნდები უკვე საკმაოდ კარგად თამაშობენ, ლიგაც ძალიან გაძლიერდა, ამის მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტრადიცია არ დავარღვიოთ და „სთილერსი“ კვლავ ფინალში იხილოთ. ვარჯიშებთან ერთად მწვრთნელობაც განვაახლე და ვეცდები, რომანტიკულ ამერიკულ ფეხბურთს ბევრი ქართველი ახალგაზრდა ვაზიარო.

წყარო: lelo.ge

SHARE