20 წლის ქართველი კალათბურთელი, 211 სმ სიმაღლის სანდრო მამუკელაშვილი 2020 წლის NBA-ის დრაფტზე დადგება. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა “ჰუპსრამურსი” წერს.
შეგახსენებთ, რომ სანდრო კოლეჯის გუნდ “სეტონ ჰოლის” ღირსებას იცავს და მომავალ წელსაც იქ შეუძლია ითამაშოს, თუმცა დრაფტზე თავის კანდიდატურას მაინც დააყენებს. იგი ამით არაფერს კარგავს, პირიქით – გამოჩნდება რეალურად რა დონეზეა, როგორია ნაციონალური ასოციაციის გუნდების ინტერესი და შეეძლება მომდევნო, 2021 წლის დრაფტზეც დადგეს.
– ეს მშვენიერი შანსია ვნახოთ, სანდრო განვითარების რა ეტაპზეა, დრაფტის პროცესი ძალზე საინტერესო და სასარგებლოა. დრაფტი ბიჭებს სწორი არჩევანის გაკეთებაში ეხმარება და დარწმუნებული ვარ, სანდროსთან ერთად ამ პროცესს აუცილებლად გავივლით, – ამბობს კევინ უილარდი, “სეტონ ჰოლის” მთავარი მწვრთნელი.
სანდრო ამ სეზონში “სეტონ ჰოლში” 11.9 ქულასა და 6 მოხსნას აგროვებდა.
იმასაც შეგახსენებთ, რომ ერთმანეთის მიყოლებით NBA-ის დრაფტზე ქართველი 2004 წლის შემდეგ არ აურჩევიათ. 2002 წელს “დენვერმა” ნიკა ცქიტიშვილი აიყვანა, 2003 წელს “ორლანდომ” – ზაზა ფაჩულია, 2004 წელს “ატლანტამ” – ვიქტორ სანიკიძე (იმავე საღამოს “სან ანტონიოს” დაუთმო).
მას მერე კიდევ ორი ქართველი აირჩიეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე: 2012 წელს თორნიკე შენგელია “ფილადელფიამ” აიყვანა და “ბრუკლინს” დაუთმო, ხოლო 2019 წელს “ინდიანამ” გოგა ბითაძე მე-18 ნომრად აირჩია. ვნახოთ, რა იქნება 2020 წელს…
წყარო: lelo.ge