საქართველოს ნაკრები იაპონიაში ჩავიდა – გზა, წინა ჩემპიონატებიდან იაპონიამდე…

448

ბორჯღალოსნები დღეს იაპონიაში ჩავიდნენ, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებენ – მასპინძლები ჩვენს გუნდს პლაკატით დახვდნენ:”GO Georgia მიაწვა”.

მსოფლიო თასი წელს მე-9-ედ იმართება (1987 წლიდან 4 წელიწადში ერთხელ) და მას პირველად მასპინძლობს ეგრეთწოდებული ტიერ2-ის ქვეყანა. საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეხუთე მსოფლიო თასს (2003 წლიდან) თამაშობს და მიზნად ოთხი წლის წინ ნაჩვენები შედეგის გამეორება დაისახა – ორი თამაშის მოგება.

პლანეტის 20 საუკეთესო გუნდი პირველობისთვის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იბრძოლებს. ისინი ოთხ 5-გუნდა ჯგუფში არიან განაწილებული, საიდანაც ორ-ორი მოწინავე თასის მეოთხედფინალში გადის, დანარჩენები კი ტურნირს ასრულებენ. ჯგუფის ოთხივე მესამეადგილოსანი, თასის მეოთხედფინალისტებთან ერთად, 4 წლით ადრე იბევებს 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს.

იაპონიაში, „ა“ ჯგუფში ირლანდია, შოტლანდია, იაპონია, რუსეთი და სამოა ითამაშებენ; „ბ“ ჯგუფში ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, იტალია, ნამიბია და კანადა მოხვდნენ; „გ“ ჯგუფში ინგლისი, საფრანგეთი, არგენტინა, აშშ და ტონგა ითამაშებენ; „დ“ ჯგუფშია საქართველო – ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებებთან ერთად.

პირველი შეხვედრა 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ქალაქ ტოიოტაში უელსთან გვაქვს; 29 სექტემბერს, 09:15 საათზე კუმაგაიაში ურუგვაის ვეთამაშებით; 3 ოქტომბერს, ასევე 09:15 საათზე ოსაკაში ფიჯის შევხვდებით, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს, 14:15 საათზე შიზუოკაში ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ.

მოსამზადებელი ეტაპი

ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასისთვის მზადება 24 ივნისს დაიწყეს და სამი ურთულესი ეტაპი გაიარეს. პირველი, ფიზმომზადების 3-კვირიანი ეტაპი „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ჰქონდათ; მეორე, ასევე ფიზმომზადების 3-კვირიანი ეტაპი თურქეთში, ანტალიაში გვქონდა; მესამე ეტაპზე გუნდი კომბინაციებს და სათამაშო ელემენტებს ამუშავებდა და სამი გასახურებელი თამაში ჰქონდა.

27 აგვისტოს „მიხეილ მესხზე“ პრო 14-ის სამხრეთ აფრიკული ფრანჩაიზი ‘საუზერნ კინგსი’ გვეწვია და დასკვნით 12 წუთში გატანილი 3 ლელოთი 24:20 დავამარცხეთ; 31 აგვისტოს „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ნაკრებს დავუხვდით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ტიერ1-ის ნაკრები ჩამოვიდა და მეტოქემ 44:10 გაიმარჯვა. 6 სექტემბერს შოტლანდიას უკვე ლეგენდარულ „მარიფილდზე“ ვეწვიეთ და კლასით მაღლა მდგომმა მეტოქემ აქაც გაიმარჯვა – 36:9. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელ ეტაპზე ტიერ1-ის ქვეყნის ნაკრებთან ითამაშა.

ბორჯღალოსნებს 8 სექტემბერს ლონდონის აეროპორტში შეუერთდა ლეგენდარული კაპიტანი მამუკა გორგოძე, რომელსაც სანაკრებო კარიერა სამი წლის დასრულებული ჰქონდა, თუმცა ტრავმების ფონზე მორაგბეების თხოვნა გაითვალისწინა და ნაკრებს დაუბრუბდა.

 

Sportall.Ge

 

იაპონიაში ბორჯღალოსნებს საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი თემურ ლეჟავა, ასევე საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ.

ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდათ ჩვენს მომავალ მეტოქეებსაც. უელსმა ოთხი მოსამზადებელი ტესტ-მატჩი გამართა – ორ-ორჯერ ინგლისთან და ირლანდიასთან. პირველ შეხვედრაში მათ ინგლისმა 33:19 სძლია, 17 აგვისტოს კი იმავე მეტოქესთან რევანში შედგა. უელსმა 13:6 იმარჯვა და ერთი კვირით მსოფლიო რაგბის რეიტინგის სათავეში მოექცა. ირლანდიამ „დრაკონებს“ სტუმრად 22:17, ხოლო შინ 19:10 დაამარცხა და რეიტინგის სათავეშიც თავად აღზევდა.

სამი თამაში ჰქონდა ურუგვაის. მათ პირველ შეხვედრაში სამხრეთ ამერიკისXV (ნაკრები) 24:20 დაამარცხეს, მერე ბრაზილიას 43:5 სძლიეს, ხოლო 7 სექტემბერს არგენტინის მეორე ნაკრებთან 24:35 დამარცხდნენ.

ფიჯიმ ივლისის თვეში ახალ ზელანდიელ „მაორებთან“ ორი ტესტი გამართა და პირველში 27:10 იმარჯვა, ხოლო მეორეში 17:26 დამარცხდა. მერე ის წყნარი ოკეანის თასის გათამაშებაში ჩაერთო და იაპონიასთან 21:34 დამარცხდა, კანადასა და სამოას კი, შესაბამისად 38:13 და 10:3 სძლია. 31 აგვისტოს ფიჯელები ტონგას ეთამაშნენ და 29:19 დაამარცხეს.

ავსტრალიამ ზაფხულის პირველი სამი მატჩი ოთხი ერის, იგივე რაგბი ჩემპიონშიფის ეგიდით გამართა და სამხრეთ აფრიკასთან სტუმრად 17:35 მარცხის შემდეგ, შინ არგენტინას 16:10, ხოლო ახალ ზელანდიას 47:26 სძლია. ერთ კვირაში „ოლ ბლექსმა“ უკვე „ბლედისლოუსთვის“ განმეორებით მატჩში რევანში აიღო და „ვოლაბები“ 36:0 დაამარცხა. ბოლო ტესტი ავსტრალიას 7 სექტემბერს სამოასთან ჰქონდა და 34:15 იმარჯვა.

მეხუთე მსოფლიო

ბორჯრალოსნებმა სადებიუტო მსოფლიო თასზე 2003 წელს, ფრანგი კლოდ სორელის ხელმძღვანელობით ითამაშეს და ოთხივე თამაში დათმეს – ინგლისთან 6:84, სამოასთან 9:46, სამხრეთ აფრიკასთან 19:46 და ურუგვაისთან 12:24.

2007 წლის მსოფლიო თასზე გუნდი ქართველი მწვრთნელების სამეულმა წაიყვანა – მალხაზ ჭეიშვილი, პაატა ნარიმანაშვილი და დავით ჩავლეიშვილი. გუნდმა პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაუწია არგენტინას, მაგრამ მეორეში 4 ლელო გაუშვა (3:33); დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა ირლანდიასთან, სადაც ტიერ1-ის გუნდი მარცხს სასწაულად გადაგვირჩა – 10:14 და გუნდმა მსოფლიო თასის ისტორიაში პირველი საცხრილო ქულა (მცირე სხვაობით მარცხისთვის) ჩაიწერა; მერე მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც ნამიბიას 30:0 სძლია; ბოლოს კი მასპინძელ საფრანგეთთან 7:64 დამარცხდა;

2011 წელს გუნდს ახალ ზელანდიაში რიჩი დიქსონი გაუძღვა. შოტლანდიისგან ლელო არ მივიღეთ, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა (6:15); ინგლისთან ბრძოლა საათზე მეტხანს გაგრძელდა, მაგრამ მეტოქემ დასკვნით წუთებში უპირატესობა გაზარდა (10:41); სამაგიეროდ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა რუმინეთთან (25:9); ბოლოს კი არგენტინას ტაიმი მოუგო, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა 7:25 დათმო.

2015 წელს, მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით, მსოფლიო თასზე მონაწილეობის ისტორიაში პირველად, გუნდმა ორი გამარჯვება მოიპოვა და ნაადრევად დაიბევა იაპონიის საგზური. ბორჯღალოსნებმა პირველ შეხვედრაში ბევრისთვის მოულოდნელად დაამარცხეს ტონგა – 17:10; არგენტინამ მეორე ტაიმის დასაწყისში გაილაღა და 54:9 იმარჯვა; მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიას საქართველო მედგრად ებრძოლა, რაც მთელმა მსოფლიომ აღიარა (10:43); ბოლოს კი ნამიბიას დაძაბულ მატჩში მინიმალური სხვაობით, 17:16 სძლია და ისტორიული შედეგი

წყარო: sportall.ge

SHARE