საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 ივნისს, პლოიეშტში, რუმინეთის უპირველეს გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი ამხანაგურია და 22:45 საათზე დაიწყება. ამხანაგურია, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია – უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით პირველ სამ თამაშში დანახული პროგრესი შემთხვევითი არ იყო და ის გრძელდება.
რა თქმა უნდა, ასეთ მატჩებში შედეგს ზოგადად ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენთვის ეს ასე არ არის. მეორეც, ერთა ლიგის გათამაშებაში, რომელსაც დიდი ინტერესით ველით, სწორედ რუმინეთის მსგავს მეტოქეებთან მოგვიწევს საქმის დაჭერა…
დიდი დანაკლისი
უკვე კარგა ხანია, ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნას შევეჩვიეთ. თითქოს, ეს არ კმაროდა, რომ საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი მატჩის წინ აქვს ხოლმე დიდი დანაკლისი და გამონაკლისი არც ეს თამაში იქნება. ეროვნულ გუნდთან ერთად არ არიან ჯაბა კანკავა, ხვიჩა კვარაცხელია, ვაკო ყაზაიშვილი… არადა, ბოლო პერიოდში ყაზაიშვილი კარგ ფორმაშია და რომ არა კოვიდრეგულაციები, ეროვნულ გუნდთან ერთად იქნებოდა…
ყველას ძალიან გვინდა, მალე ხვიჩა მისთვის და ჩვენთვის სასურველ გუნდში ვიხილოთ და სამომავლოდ ის დიდზე დიდ სარგებლობას მოუტანს ნაკრებს. რას ნიშნავს კვარაცხელია საქართველოს ნაკრებისათვის? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან ადვილია, თუ ჩვენი ნაკრების მიერ ჩატარებულ ბოლო შეხვედრებს გადავხედავთ.
ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ლიდერების გარეშე თამაშიც და როდის უნდა გავაკეთოთ ეს, თუ არა ამხანაგურ შეხვედრებში? წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ოფიციალურ მატჩებში აღმოვჩნდეთ იმ პრობლემის წინაშე, რომელსაც შევეჩეხეთ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გადამწყვეტ მატჩში…
ის, რაც გვაინტერესებს…
ძალიან გვაინტერესებს, როგორ წარმოაჩენენ თავს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ის ფეხბურთელები, რომელთაც აქამდე მაინცდამაინც ბევრი სანაკრებო შანსი არ ჰქონიათ. ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ბელგიური “სერენის” ფორვარდ გიორგი მიქაუტაძეს ვგულისხმობთ, რომელიც მომავალ სეზონში ფრანგული “მეცის” ღირსებას დაიცავს.
ჩვენ ალბათ ვნახავთ საქმეში ბათუმის “დინამოს” გოლკიპერ ლაზარე კუპატაძეს, “სამგურალის” შემტევ სერგო კუხიანიძეს და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს. ზოგადად კი, რუმინეთის ნაკრების დღევანდელობიდან გამომდინარე, მათთან წარმატებით თამაში უტოპია სულაც არ არის.
იმაშიც დარწმუნებულნი ვართ, რომ ვილი სანიოლი კარპატელებთან შეხვედრაში რამდენიმე ტაქტიკურ ვარიანტსაც გამოცდის და სამომავლო მატჩებისთვის სადაგ სქემებს დაამუშავებს.
მივბაძოთ სომხებს!
რუმინეთის ნაკრები კარგად ორგანიზებული გუნდია, მაგრამ ის ვერ არის ისეთი ძლიერი, რომ წარმატებაზე არ ვიფიქროთ. რუმინელთა ამ ნაკრებს საერთო არაფერი აქვს იმ “დიდ გუნდთან”, რომელიც 90-იან წლებში ევროპას აზანზარებდა და რომლის ღირსებასაც მართლაც რომ დიდებული ოსტატები – გეორგი ჰაჯი, მარიუშ ლეკეტუში, დან პეტრესკუ, ჯიკა პოპესკუ და დიდი ვარსკვლავები იცავდნენ.
როგორ შეიძლება, არ გავიხსენოთ ის თბილისური კოშმარი, რომელიც რუმინელებმა ზუსტად მაშინ მოგვიწყვეს, როცა საქართველოს დიდ ტურნირზე მოხვედრის შანსი გაუჩნდა. ამდენად, როცა რუმინეთს ვხვდებით, არ შეიძლება, რევანშზე არ ვიფიქროთ…
მოდი, გადავავლოთ თვალი რუმინელთა მიერ 2021 წელს გამართულ შეხვედრებს, რომლებიც კარპატელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაატარეს.
25 მარტს რუმინეთის ნაკრებმა შინ 3:2 მოუგო ჩრდილოეთ მაკედონიას. მასპინძელთაგან გოლები ფლორინ ტანასემ, ვალენტინ მიჰაილამ და იანის ჰაჯიმ გაიტანეს. სხვათა შორის, იანისი გეორგეს ვაჟია. ის უკვე ჩამოყალიბდა ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად. ტანასე კი ჯერ კიდევ იმ დროიდან გვახსოვს, როცა თბილისის “დინამოს” ჩემპიონთა ლიგაზე “სტიაუასთან” მოუხდა საქმის დაჭერა…
28 მარტს რუმინეთის ნაკრები შინ დაუპირისპირდა გერმანიას და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი იმ მატჩის დასაწყისში სერჟ გნაბრიმ შეაგდო.
ბოლოს კი რუმინეთის ნაკრებმა 31 მარტს ერევანში სომხეთთან 2:3 წააგო. ამ მატჩში დუბლი მიითვალა შუახაზელმა ალექსანდრუ ჩიკალდაუმ, ვინც კრაიოვას “უნივერსიტატეას” ღირსებას იცავს.
საქართველოსთან შეხვედრაში რუმინეთს დააკლდებიან ნიკუსორ ბანკუ, ადრიან ბურჩა, ალინ ტოსკა, დრაგოშ გრიგორე, ერიკ ბიცფალვი, დენის მანი, ვალენტინ მიჰაილა, ჩიპრიან დეაკი, ფლორიან ანდონე და გეორგე პუშკაში. უმეტეს შემთხვევაში მიზეზი ტრავმებია.
ახალგაზრდა მწვრთნელით
რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მირელ რადოი 40 წლისაა. ფეხბურთელობისას დიდი ხნის განმავლობაში იყო “სტიაუას” ერთ-ერთი ლიდერი, მერე კი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გადაწყვიტა და ჯერ საუდის არაბეთს, მერე კი საემიროებს მიაშურა…
რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, რადოი ჯერ ფკსბ-ს (FCSB, ანუ Fotbal Club Steaua Bucutesti, რომელიც IV ლიგაში დაქვეითებული “სტიაუას” სპორტული მემკვიდრეობის დაკანონებისთვის იბრძვის) ხელმძღვანელობდა, მერე – რუმინეთის ახალგაზრდულ ნაკრებს, ბოლოს კი ეროვნული გუნდი ჩაიბარა. რადოის ჯერ არცერთი სამწვრთნელო ტიტული არ აქვს.
წინა მატჩები | |
03.06.16 | რუმინეთი-საქართველო 5:1 (ამხანაგური მატჩი) |
19.11.08 | რუმინეთი-საქართველო 2:1 (ამხანაგური მატჩი) |
18.02.04 | რუმინეთი-საქართველო 3:0 (საკვალიფიკაციო მატჩი) |
06.10.01 | რუმინეთი-საქართველო 1:1 (საკვალიფიკაციო მატჩი) |
28.03.01 | საქართველო-რუმინეთი 0:2 (საკვალიფიკაციო მატჩი) |
04.02.00 | რუმინეთი-საქართველო 1:1 (ამხანაგური მატჩი) |
24.04.96 | რუმინეთი-საქართველო 5:0 (ამხანაგური მატჩი) |
საქართველო |
მეკარეები – გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბთ), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი); |
მცველები – გურამ კაშია (ლოკომოტივი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი (ორივე – დინამო ბთ); |
ნახევარმცველები – ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგიუჯუ, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბთ), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), ლევან შენგელია (ქონიასფორი, თურქეთი); |
თავდამსხმელები – თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), სერგო კუხიანიძე (სამგურალი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი). |
რუმინეთი |
მეკარეები – ფლორინ ნიცა (სპარტა, ჩეხეთი), ფლორინ იაკობი (არადი), ანდრეი ვლადი (ფკსბ); |
მცველები – იონუც ნედელკარუ (აეკ, საბერძნეთი), ვლად კირიკეში (სასუოლო, იტალია), კრისტი განეა (არისი, საბერძნეთი), ადრიან რუსი (ფეჰერვარი, უნგრეთი), დეიან სორესკუ (დინამო ბუქარესტი), ტიბერიუ კაპუშა (ჩინდია), მარიო ხორხე კამორა (კლუჟი); |
ნახევარმცველები – რაზვან მარინი (კალიარი, იტალია), ნიკოლაე სტანჩუ (სლავია, ჩეხეთი), იანის ჰაჯი (გლაზგო, შოტლანდია), ალექსანდრუ მაქსიმი (გაზიანთეფი, თურქეთი), ალექსანდრუ ბალუტა (პუშკაშ აკადემია, უნგრეთი), კონსტანტინ ბუდესკუ (დამაკი, საუდის არაბეთი), ადრიან პაუნი (კლუჟი), დარიუს ოლარიუ, ოლიმპიუ მორუტანი, ფლორან ტანასე (ყველა – ფკსბ), ალექსანდრუ ჩიკადაუ (უნივერსიტატია); |
თავდამსხმელები – კლაუდიუ კეშერუ (ლუდოგორეცი, ბულგარეთი), დენის ალიბეკი (ქაისერისფორი, თურქეთი), ადრიან ივანი (უნივერსიტატია). |