საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ქალაქ ესპოოს METRO არენაზე ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში ფინეთი 91:85 დაამარცხა.
კორონავირუსის გამო ტურნირის ფორმატი შეიცვალა და ე.წ. ბაბლის სისტემით გრძელდება. ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, გიორგი ცინცაძე, ბექა ბურჯანაძე, სანდრო მამუკელაშვილი , მიხეილ ბერიშვილი და რატი ანდრონიკაშვილი ვერ დაეხმარენ, ხოლო მასპინძლებს სამი წამყვანი მოთამაშე დააკლდათ.
საქართველოს ნაკრებმა თამაში შემდეგი სასტარტო ხუთეულით დაიწყო: შენგელია, მაკფადენი, შერმადინი, ბოქოლიშვილი, კორსანტია. ზუროსის მიერ ორი ცენტრის დაყენება ფარზე უპირატესობის მოპოვების სურვილით იყო განპირობებული. დებიუტში მასპინძლები 4 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა შერმადინის, შენგელიასა და მაკფადენის მეცადინეობით ჩვენმა გუნდმა უპირატესობა მოიპოვა და წინ გაიჭრა. თანაც, “სუომი” ჯარიმებით დაიტვირთა და პირველი მეოთხედი 22:19 მოვიგეთ.
მეორე მეოთხედის დასაწყისში საქართველოს ნაკრები 10 ქულით გაიქცა, შემდეგ მოწინააღმდეგემ ანგარიშის შემცირება მოახერხა და პირველი ტაიმი 40:44 დასრულდა.
ზუროსის შეგირდებმა მესამე პერიოდი ცუდად დაიწყეს, 5 გუნდური პერსონალური მიიღეს, თუმცა მაინც შეძლეს ანგარიშის გათანაბრება – ბოლოს ბაქრაძემ მეტოქეს ბურთი მოჰპარა და დასკვნითი მეოთხედის წინ ფრე – 65:65. აღსანიშნავია დებიუტანტების – ფევაძისა და ბაქრაძის კარგი თამაში.
30 ნოემბერს საქართველოს ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება, რომელმაც სენსაციურად სერბეთს სძლია.