ფიბა-ევროპამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძელთა ვინაობას 15 ივლისს დაასახელებს. სპეციალური ღონისძიება, რომელზეც ქალთა ევრობასკეტის ჩატარების ადგილებიც გაირკვევა, გერმანიის ქალაქ მიუნხენის სასტუმრო “ბაიერიშერ ჰოფში” ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ვაჟთა ევროპირველობის მასპინძლობაზე განაცხადი საქართველოს კალათბურთის ფედერაციასაც აქვს შეტანილი, კონკურენტთა შორის კი ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვენიაც არიან.
ბოლოდროინდელი ტრადიციის თანახმად, აღნიშნული 7 ქვეყნიდან ფიბა-ევროპა იმ ოთხეულს შეარჩევს, რომლებიც 2021 წლის შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფებს უმასპინძლებენ.
2015 და 2017 წლების ტურნირები სწორედ ოთხ-ოთხმა ქვეყანაში ჩატარდა და საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა. მომავალი ევრობასკეტის მასპინძლობის წინასწარი სურვილი ცამეტმა ქვეყანამ გამოთქვა, საბოლოო მოთხოვნების დაკმაყოფილება კი შვიდმა მოახერხა.
თუკი, ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატურა მოწონებულ იქნა, თბილისში, უკვე დაპროექტებული სპორტის სასახლის მშენებლობა დაიწყება, რომელიც 2021 წელს ევრობასკეტის 5 მონაწილეს უმასპინძლებს.
ცხადია, მათ საქართველოს ნაკრები დაემატება და ფინალური ეტაპის ერთ-ერთი ჯგუფის თამაშები ჩატარდება. ჯგუფის 6 მონაწილიდან 4 საუკეთესო პლეი ოფში გავა, დასკვნითი ეტაპის შეხვედრები კი უკვე არა – ოთხ, არამედ ერთ ქვეყანაში შედგება, რომლის ვინაობას ასევე 15 ივლისს შევიტყობთ.
ვთქვათ ისიც, რომ ევროპასკეტის მასპინძელი 4 ქვეყნის ნაკრები საკვალიფიკაციო მატჩებს არ ითამაშებს და ფინალურ ეტაპზე პირდაპირ დაიშვება.
წყარო: worldsport.ge