“რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა კომენტარი გააკეთა “ატლეტიკოსთან” კოშმარული მარცხის (3:7) შემდეგ. რამოსის თქმით, ისიც და მისი თანაგუნდელებიც თავიდანვე განეწყვნენ ამხანაგური მატჩისთვის, განსხვავებით “ატლეტიკოსგან”.
თუ მართლა ასეა, ძალიან მიამიტი ყოფილა რამოსი – “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის სადაური ამხანაგობა შეიძლება იყოს… თუნდაც ამხანაგურ მატჩში?! აი, რამოსის სრული კომენტარი:
“საზიზღარი შეგრძნება მაქვს. შეიძლება ითქვას, ჩავისვარეთ! ჩვენ ეს-ესაა დავიწყეთ მზადება ახალი სეზონისთვის და ამ თამაშისადმი განვეწყვეთ, როგორც ტესტმატჩზე, “ატლეტიკო” კი თამაშს სერიოზულად მიუდგა, თითქოს ეს ლა ლიგის დაპირისპირება ყოფილიყო… შედეგიც შესაფერისი მივიღეთ…
ჩვენ არ გვაქვს მოტივაციის პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ტიტული მოვიგეთ. მაგრამ ეს იყო წარსულში. ჩვენ ახლა ნულიდან ვიწყებთ. მე მჯერა ჩემი თანაგუნდელების და ასე რომ არ იყოს, სულ მცირედითაც რომ მეპარებოდეს ეჭვი მათში, პირველი წავიდოდი გუნდიდან”, – თქვა რამოსმა “მარკასთან” ინტერვიუში.
წყარო: lelo.ge