ეს არის ისტორია კაცზე, რომელსაც ფეხბურთში ყველაზე დიდ მწვრთნელად იცნობენ. მაგრამ მე მგონია, რომ ამ ეპითეტით მხოლოდ ვამცირებთ მას. სხვა ეპოქაში ეს კაცი, შეიძლება, დიდი მთავარსარდალი ყოფილიყო და დიდი ომები მოეგო. მხოლოდ ერთი რამ არის ნათელი: სადაც არ უნდა ყოფილიყო ის, ალექს ფერგიუსონი, უფრო სწორად, სერ ალექს ფერგიუსონი, აუცილებლად დიადი კაცი, ინგლისურად რომ ვთქვათ, Great Man იქნებოდა!
როგორ შექმნა ალექს ფერგიუსონმა მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი ბრიტანული იმპერია (ნუ მიწყენენ ლივერპულის გულშემატკივრები) და რა იყო მისი სიდიადის ფორმულა?
მენეჯერი და არა მწვრთნელი
ამ სტატიის მომზადების პროცესში სამი ავტობიოგრაფია წავიკითხე (თავად ფერგიუსონის, გარი ნევილის და რიო ფერდინანდის), ბევრ სხვა რამესაც გადავხედე და არცერთხელ არ მახსოვს, რომ ვინმეს ფერგისთვის მწვრთნელი ეწოდებინოს. საერთოდაც, მწვრთნელის ბრიტანული და ევროპული გაგება ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ფერგი კლასიკური ბრიტანელი მენეჯერი იყო, კაცი, რომელიც კლუბს, ადამიანებს, მართავს, ვიწროტაქტიკურ და უშუალოდ ვარჯიშის საკითხებს კი თანაშემწეებს უტოვებს გასაკეთებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ ფერგის წარმატების ფორმულა გავიგოთ.
ფეხბურთელებიც მას მენეჯერს, უმეტეს შემთხვევაში კი ბოსს უწოდებენ. ბოსი – ეს ყველაზე სწორი ფორმულირებაა. ბუნებრივია, ფერგის ყველაზე უკეთ ის აფასებს, ვინც მას გასახდელიდან, ყოველდღიური ურთიერთობიდან იცნობს.
ფერგიც მათ მონაყოლებში თითქოს გაი რიჩის განგსტერული ფილმების პერსონაჟია – Brick Top „Snatch”-დან, ან Lenny Cole „RocknRolla“-დან.
არ მითხრათ, რომ, მაგალითად, Lenny Cole-ის „There’s no school like old school, and I’m the fucking headmaster” ძალიან ფერგისეულად არ ჟღერს.
გარი ნევილი: “გულის სიღრმეში იცი, რომ ყველანი თოჯინები ხართ მის თამაშში. ის ყველაფერს აკონტროლებს. მას შეუძლია კარიერა შეგიქმნას, ან ეს კარიერა მთლიანად მოსპოს. ის გადაწყვეტს, შენ ბედნიერი შაბათი გექნება, მას შემდეგაც, რაც თამაშის მერე გეტყვის – „კარგი იყო, შვილო“, თუ უძილო ღამეები. სწორედ მასზეა დამოკიდებული, თამაშის მერე შენს ოჯახთან ერთად ბედნიერად ისადილებ, თუ საშინელ სიჩუმეში, მარტო იჯდები. ის აკონტროლებს შენს ბედს!“
ბოსი
თუ ფიქრობთ, რომ ფერგიუსონის წარმატების საიდუმლო ტაქტიკურ სქემებში, ან რომელიმე სხვა საფეხბურთო ელემენტებშია, თქვენი გაწბილება მომიწევს. მისი წარმატების ფორმულა უფრო მყარ და მნიშვნელოვან რაღაცებს უკავშირდება, ვიდრე ტაქტიკა, სტრატეგია, ფიზ-მომზადება და სხვა მისთანანია. ეს არის მენეჯმენტის, მართვის, ადამიანების მართვის ხელოვნება. სწორედ ამიტომ მგონია, რომ ფერგი პოლიტიკაში იქნებოდა, ბიზნესში, სპორტში, თუ სადმე სხვაგან, აუცილებლად წარმატებებს მიაღწევდა.
ფერგიმაც სწორედ ამიტომ გაუძლო დროს. ტაქტიკაც, სტრატეგიაც, ფიზიკური მომზადებაც ყოველთვის შეიძლება მოძველდეს, ის, რაც გუშინ ინოვაციური იყო, დღეს შეიძლება ეფექტიანი აღარ იყოს – ასე მოუვიდათ არიგო საკის, ფაბიო კაპელოს, ლუი ვან გაალს, ადრე თუ გვიან ასე მოხდება გვარდიოლას შემთხვევაშიც, მაგრამ ადამიანების მართვის ხელოვნება ყოველთვის საჭიროა, ყოველთვის, ნებისმიერი ორგანიზაციისთვის ამოსავალი წერტილია.
გარი ნევილი: „ის მუდამ საწვრთნელ ბაზაზეა, თუმცა გუნდს არასოდეს ავარჯიშებს. უცებ გამოჩნდება – მინდვრის სიახლოვეს სეირნობს, ან ტელეფონზე ლაპარაკობს, ან სხვა მწვრთნელებთან, თუმცა სულ ყურადღებითაა. შრომის მანიაკია და არ არსებობს არაფერი, რაც მის ყურებს და თვალებს გამოეპარება.“
ფერგიუსონი არასოდეს ატარებდა თავად ვარჯიშებს, არ ხელმძღვანელობდა ტაქტიკური, ან ფიზიკური მომზადების პროცესს (ამისთვის მას თანაშემწეები ჰყავდა). თავად მისივე ფეხბურთელების გადმოცემით, თამაშის წინ ფერგი მხოლოდ რამდენიმე წუთს ხარჯავდა მეტოქეზე სალაპარაკოდ, თუმცა, აკეთებდა უფრო მნიშვნელოვან რამეს. კერძოდ, ძალიან კარგად ერკვეოდა ადამიანებში (მათ შორის ფეხბურთელებშიც), მოყავდა სწორი ადამიანები მათთვის შესაფერისი საქმის გასაკეთებლად და ქმნიდა იმ გარემოს, რომელშიც ეს ადამიანები – იქნებოდნენ ისინი მენეჯერები, აგენტები, ფეხბურთელები თუ სამწვრთნელო შტაბი – თავის საუკეთესო თვისებებს ავლენდნენ, ბოლომდე იხარჯებოდნენ შედეგისათვის.
ერთი შეხედვით, ეს ძალიან მარტივად და პროზაულად ჟღერს, თუმცა სინამდვილეში ეს გააკეთო 26 წლის მანძილზე, და გააკეთო ასე წარმატებით, ამ მასშტაბის ორგანიზაციაში, თითქმის შეუძლებელი ამოცანაა.
რიო ფერდინანდი: „ჩვენ მას ჩვეულებრივ ადამიანად აღვიქვამდით, თუმცა მხოლოდ ახლა ვხვდები, რამდენად გენიალური იყო. რა იყო მისი საიდუმლო? ეს არ იყო ერთი თვისება. ეს იყო სხვადასხვა თვისებების კომბინაცია – იყო ძალიან კარგი ფსიქოლოგი, შეეძლო, ყველა მოთამაშისგან მაქსიმუმი მიეღო და გუნდს გაუტეხელი, გამარჯვებულის მენტალიტეტი მისცა.“
სქოთი, ანუ გუნდიდან გაშვებული ვარსკვლავები
ფერგი რომ კარგად გაიგო, არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ის სქოთია, შოტლანდიელია. გლაზგოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილიდან, ღარიბი გოვენის რაიონიდან მოდის. მამამისი უბრალო და მშრომელი კაცი იყო, ხელოსანი. ფერგისაც სწორედ ეს ფასეულობები აქვს – შრომის კულტურა, უბრალოება, სიმკაცრე, ოჯახის და თავისიანების (მათ შორის თავისი გუნდის) ყველაფერზე წინ დაყენების კულტურა. მთელი მისი სიდიადის მიუხედავად, უბრალო კაცად დარჩა – კაცად, რომელიც საბანკო ანგარიშზე ბევრი მილიონების მიუხედად, მისივე თქმით, თავად ამთავრებს თავისი შვილიშვილების მიერ დატოვებულ საჭმელს. ფერგი იმ გარემოში აღიზარდა, სადაც საჭმლის ქონა ფუფუნებაა, მისი დატოვება კი ცუდი აღზრდის ნიშანი. ფულს და წარმატებას მისი მენტალიტეტი და ფასეულობები არ შეუცვლია და ეს სული დაამკვიდრა კიდეც მანჩესტერში.
ალექს ფერგიუსონი: „ყველა შოტლანდიელს ძლიერი სული აქვს. ისინი სამშობლოს მხოლოდ ერთი მიზეზით ტოვებენ – წარმატებას რომ მიაღწიონ. კელტები თავის წარსულს არ გაურბიან, იმიტომ მიდიან, რომ უკეთესები გახდნენ. სამშობლოს დატოვება შოტლანდიელს უფრო მამაცს, უფრო ძლიერს ხდის. ეს შოტლანდიური სულია ჩემშიც.“
მისი ფასეულობებიდან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ფერგის ყველაზე მეტად ინდივიდუალისტები, ანუ ის ხალხი არ უყვარს, ვინც თავის თავს გუნდზე მაღლა აყენებს. ფერგის გუნდიდან ბევრი დიდი ვარსკვლავი გაუშვია, მხოლოდ იმიტომ, რომ თუნდაც ერთ მომენტში თავისი თავი გუნდზე მაღლა დააყენეს. დევიდ ბექჰემი, როი კინი, რუუდ ვან ნისტელროი, იაპ სტამი – სია ძალიან გრძელია.
ალექს ფერგიუსონი: „თუ მენეჯერი კარგავს ავტორიტეტს, გუნდს კატასტროფა ელის. ფეხბურთელი აღარ არის მანჩესტერ იუნაიტედის ნაწილი, როგორც კი თავის თავს მწვრთნელზე მაღლა აყენებს. შეიძლება მე ვცდებოდე, მაგრამ ამ გუნდში მხოლოდ მე ვიღებ გადაწყვეტილებას.“
ყველაზე კარგი მაგალითი ალბათ ბექჰემის შემთხვევაა. ფერგის არ მოსწონდა მისი პოპვარსკვლავური იმიჯი, მისი ცოლი Spice Girls-დან და ის მედიაყურადღება, რომელსაც ბექჰემი იწვევდა. ფერგიმ უბრალოდ გადაწყვიტა, რომ დევიდი ფეხბურთის გარდა, ზედმეტ ყურადღებას სხვა საქმეებსაც უთმობდა და თავისი გუნდის ლიდერი დაუნანებლად გაუშვა გუნდიდან.
ბექჰემის ინციდენტზე საუბრის დროს, მის ავტობიოგრაფიაში თვალში გხვდება ისიც, თუ რა ცინიზმითა და დაუფარავი სიძულვილით არის ფერგი განმსჭვალული მთელი შოუ-ბიზნესისა და ვარსკვლავური იმიჯის მიმართ. მისთვის ეს უბრალოდ დროის კარგვაა.
ფერგის მანჩესტერულ ისტორიებში არის ერთი ეპიზოდი, როდესაც კრიშტიანო რონალდო ლისაბონში ჩავიდა, ბენფიკასთან სათამაშოდ და თავისი მშობლიური ქალაქისთვის თავისი კლასის დემონსტრირება გადაწყვიტა. ფერგის კრიშტიანოს ზედმეტი ინდივიდუალიზმი არ მოეწონა და თამაშის მერე გაუსწორდა – თანაც ისე რომ კრიშტიანომ გასახდელში იტირა. რონალდო იუნაიტედის უპირველესი კაცი იყო, თუმცა ფერგი მას არ მორიდებია.
„ფენი“ – ასე ეძახდნენ ფერგის თავდასხმას თამაშის შემდეგ. „ფენი“ იმიტომ, რომ ფერგი თავისი მსხვერპლის წინ დგებოდა და მთელი ხმით ისე ყვიროდა, რომ მსხვერპლს თმა ყალზე ისე უდგებოდა, თითქოს ეს ფენით გააკეთა – ასე ამბობს მანჩესტერული ფოლკლორი.
გარი ნევილი: „თამაშის დროს მას ყოველთვის ხედავ და გრძნობ. თუ თამაში არ მიგდის, ფიქრობ, რომ სასწრაფოდ უკეთ უნდა ითამაშო, რათა გასახდელში თავს არ დაგესხას.“
უფრო მეტი, ვიდრე ბოსი
თუ ფიქრობთ, რომ სიმკაცრე ფერგის ერთადერთი ღირსებაა, ძალიან ცდებით. მხოლოდ შიშით ამ მასშტაბის ორგანიზაციას, ორ ათეულ წელზე მეტს ვერ მართავთ. ფერგის სიმკაცრე მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ მის მოთამაშეებს მუდამ მოტივაცია ჰქონოდათ, ბოლომდე დახარჯულიყვნენ. სხვა საკითხებში კი მათ თავისუფლებას აძლევდა. მათივე მონათხრობით, თამაშის დროს ფერგი მაქსიმალურად ენდობოდა მოთამაშეებს – აძლევდა მხოლოდ ზოგად მითითებებს, სხვა დეტალები კი მოთამაშეების პირადი გადასაწყვეტი იყო. ასე მაგალითად, არსენალის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან ტექნიკური გუნდი იყო, ფერგის ზოგადი დავალება იყო, რომ ეთამაშათ აგრესიულად და ხისტად – დანარჩენი დეტალები მოთამაშეების კლასზე იყო მინდობილი.
ფერგი იუნაიტედს ისე მართავდა, როგორც ოჯახს. მისი სიმკაცრის მიუხედავად, ფეხბურთელები მას ყოველთვის სიყვარულით და პატივისცემით იხსენიებენ. იგივე კრიშტიანო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ფერგი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია მათ შორის, ვისაც შეხვედრია.
გარი ნევილი: „მისთვის კლუბი ოჯახივითაა, რომელიც ყოველთვის უნდა დაიცვა. ის მანჩესტერის ბრმად ერთგულია. იუნაიტედი მისი ცხოვრების ცენტრში იყო, ყოველდღე, ყოველ წუთს.“
ფერგის ყველაზე მთავარი თვისება კი მისი ინოვაციურობა, სწავლისადმი მუდმივი მზადყოფნაა. ფერგი ყოველთვის მზად იყო, რომ სხვადასხვა საფეხბურთო სიახლეები მის გუნდში დაენერგა, ცვლილებებს ის ყოველთვის უფრო ადრე იწყებდა, ვიდრე კრიზისი დადგებოდა. ამ ყველაფერზე ცოტა ქვემოთ, როცა ფერგის გუნდებზე ვიმსჯელებთ.
მანჩესტერის ხუთი თაობა
მანჩესტერში ფერგის პირველი წლები ნამდვილად არ მახსოვს, თუმცა მისი საჩემპიონო გუნდებიდან ხუთი სხვადასხვა თაობის გუნდი დავთვალე. ეს მისი ალბათ ყველაზე დიდი ღირსებაა. ფეხბურთში თაობათა ცვლის პროცესი ყველაზე მტკივნეულია. ფერგის კი ძალიან კარგად გამოსდიოდა, რომ თავისი ხელით დაეშალა ჩემპიონი გუნდები და აეწყო ახალი. მისი გუნდები მუდამ იცვლებოდნენ – სტილით, ტაქტიკურად. იცვლებოდნენ ლიდერები. მისი კარიერის ყველა ეტაპზე ფერგი გრძნობდა თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციებს, გრძნობდა სიტუაციას თავის გუნდში, კონკურენტებში და ამ ფაქტორების მიხედვით მოქმედებდა.
მისი კიდევ ერთი ღირსება ახალგაზრდებთან მუშაობის უნარია. მისი მანჩესტერის ფუნდამენტს, ხასიათსა და სტილს კლუბის აღზრდილები ქმნიდნენ. ფერგი ახალგაზრდებს ყოველთვის შანსს აძლევდა, თანაც ისე, რომ მისი გუნდი მოგებებს არ წყვეტდა. ე.წ. „92 წლის კლასის” აღზრდილები – სქოულზი, გიგზი, ბექჰემი, ნევილები და ბატი თითქმის 20 წელი იყვნენ ფერგის ძირითადი დასაყრდენი. შემდეგ მათ უეს ბრაუნი, დენი უელბეკი, დარენ ფლეტჩერი და სხვები შეუერთდნენ.
ამავე დროს, ფერგი ყიდულობდა ახალგაზრდა, ნიჭიერ მოთამაშეებს და მათ ვარსკვლავებად აქცევდა. უეინ რუნი, მაიკლ კერიკი, რიო ფერდინანდი, კრიშტიანო რონალდო, როი კინი – სია ძალიან გრძელია.
მისი კიდევ ერთი ღირსება ის იყო, რომ ერთი შეხედვით საშუალო მოთამაშეებს, დიდი ფეხბურთელებივით ათამაშებდა. მის ხელში კორეელი პარკ ჯი სუნი წლების მანძილზე მაღალი კლასის ევროპულ ფეხბურთს თამაშობდა, დუიატ იორკმა კარიერის საუკეთესო სეზონი ითამაშა, ენდი კოულს ალან შირერივით გაჰქონდა გოლები, ჩიჩარიტოს კი კარიერის საუკეთესო ეტაპი ჰქონდა.
ერიკ კანტონა და ბრიტანული გუნდი
ფერგის პირველი თაობის ჩემპიონი გუნდი ძალიან ბრიტანულად თამაშობდა. ტრადიციული, ბრიტანული 4-4-2-ით.
მისი ლიდერებიც ბრიტანელები – მარკ ჰიუზი, სტივ ბრიუსი, ლი შარპი და როი კინი იყვნენ. თავად მანჩესტერის ახალგაზრდებიდან სტაბილურად მხოლოდ რაიან გიგზი თამაშობდა. ამ გუნდით ფერგიმ თავისი პირველი ჩემპიონობა მოიგო 1993 წელს. მთავარი კაცი და ამ გუნდის მთავარი სიმბოლო ერიკ კანტონა იყო. კანტონა მანჩესტერული სულის, რაღაცნაირი თავზეხელაღებულობის და სიალალის მატარებელი კაცი იყო.
ამ გუნდით ფერგი პრემიერლიგაში 1992-1996 წლებში დომინირებდა. როგორც აღვნიშნე, ეს ბრიტანული გუნდი იყო და ევროპული ამბიციები ნაკლებად ჰქონდა. ამ წლებში, მაგალითად, მანჩესტერმა ევროთასებზე წაგება მოახერხა მოსკოვის ტორპედოსთან და ვოლგოგრადის როტორთან.
სამგზის ჩემპიონი გუნდი
ახალი თაობის მანჩესტერის შექმნა ახალგაზრდების, ე.წ. 1992 წლის კლასის გუნდში დამკვიდრებას უკავშირდება. ძველი გუნდის ლიდერები (პოლ ინსი, მარკ ჰიუზი, კანტონა) წავიდნენ, მათ ნაცვლად ფერგიმ თავისივე აღზრდილი ბიჭები მოიყვანა – ბექჰემი, ნევილები, სქოულზი – ანუ, მანჩესტერის დიადი თაობა.
ეს ისე მოხდა, რომ 1999 წელს სამგზის (ლიგა, პრემიერლიგა, თასი) ჩემპიონი გუნდის ძირითად შემადგენლობაში 1993 წლიდან მხოლოდ სამი მოთამაშე – შმეიხელი, დენის ირვინი და როი კინი შემორჩნენ.
ეს იყო თავისი ხასიათით და თამაშის სტილით ძალიან ბრიტანული გუნდი, რომელმაც 1999 წელს მანჩესტერს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. მათზე ქვემოთ ცოტა უფრო მეტს გეტყვით.
რუუდ ვან ნისტელორი
2000-იანების დასაწყისი მანჩესტერისთვის საუკეთესო წლები არ ყოფილა. 1999 წლის ტრიუმფატორი გუნდი ნელ-ნელა იშლებოდა. შმეიხელი, სტამი, იორკი, კოული, შერინგემი, ბექჰემი და კინი წავიდნენ. ხუთწლიან მონაკვეთში, იუნაიტედმა მხოლოდ ერთი პრემიერლიგა მოიგო. ამ წლებში ფერგის რამდენიმე წარუმატებელი ტრანსფერიც ჰქონდა – ხუან სებასტიან ვერონმა, ფაბიენ ბარტეზმა, ლორან ბლანმა, ლუის საამ და დიეგო ფორლანმა „ოლდ ტრაფორდზე“ თავისი თამაში ვერ იპოვეს. ამ თაობის მთავარი ვარსკვლავი რუუდ ვან ნისტელორი იყო – ძალიან კარგი ჰოლანდიელი გოლეადორი.
კრიშტიანო და კიდევ ერთხელ სამგზის ჩემპიონები
ზემოთ ფერგის ის თვისება ვახსენე, რომ ახალგაზრდებს გზა გაუხსნას თავისი გუნდისკენ. რუუდ ვან ნისტელორი მხოლოდ იმიტომ წავიდა გუნდიდან, რომ კრიშტიანო რონალდოს ზრდას აფერხებდა. 2005-2009 წლებში მანჩესტერი სწორედ კრიშტიანოს გუნდი იყო. მასთან ერთად გუნდის ლიდერად უეინ რუნი მიიჩნეოდა. ფერგიმ დაცვაში ვიდიჩი-ფერდინანდის წყვილი შექმნა, ნახევარდაცვაში გიგზს და სქოულზს მაიკლ კერიკი დაუმატა, თავდასხმაში კი რუნი-რონალდოს დუეტს კარლოს ტევესი შეუერთდა. ეს უკვე ძალიან პრაგმატული და ევროპული გუნდი იყო.
2008 წელს ამ გუნდმა ისევ მოიგო ჩემპიონთა ლიგა პრემიერლიგასა და თასთან ერთად.
რობინ ვან პერსი და ფერგის ბოლო ჩემპიონობა
კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ, ფერგიმ ახალი გუნდის შენება დაიწყო. კარლოს ტევესი დიმიტარ ბერბატოვმა შეცვალა. 2008 წლის ჩემპიონი გუნდიდან ძირითადი ბირთვი შემორჩა, თუმცა ამ ბირთვს ახალგაზრდები ეშლი იანგი, დენი უელბეკი, ჩიჩარიტო, დე ხეა, რაფაელი, კრის სმოლინგი დაემატნენ.
ფერგის მთავარი ტრანსფერი კი რობინ ვან პერსის დამატება იყო. სწორედ ვან პერსიმ მოუტანა ფერგის და იუნაიტედს ბოლო და სარეკორდო მე-20 ჩემპიონობა.
1999 vs 2008
ფერგის ინოვაციურობაზე ყველაზე კარგად ის ფაქტი მეტყველებს, თუ რამდენად განსხვავებული იყო მისი ორი ყველაზე წარმატებული გუნდი – 1999 წლის და 2008 წლის იუნაიტედი.
1999 წლის მანჩესტერი ძალიან ბრიტანული გუნდი იყო, კლასიკური 4-4-2 სქემით, როდესაც ფლანგებიდან დევიდ ბექჰემი და რაიან გიგზი, ორ მასიურ და თავით კარგად მოთამაშე თავდამსხმელს – ენდი კოულსა და დუიატ იორკს ძალიან კარგად ამარაგებდნენ.
ეს არ იყო ტაქტიკურად ყველაზე მრავალფეროვანი გუნდი. პირიქით ეს იუნაიტედი, ტაქტიკური თვალსაზრისით, საკმაოდ მარტივად თამაშობდა. ამ გუნდის მთავარი სიძლიერე ტემპი, დინამიკა, მთელი გუნდით შეტევის უნარი იყო.
გუნდს ძალიან კარგი თავდასხმის ოთხეული ჰყავდა. იორკი-კოულის წყვილი ამ სეზონში შეუჩერებელი იყო, მათ, ფაქტობრივად, თვალდახუჭულს ესმოდათ ერთმანეთის.
მათ გარდა, ფერგის ოლე გუნარ სოლსკიაერი (ახლა უკვე სულშერად წოდებული) და ტედი შერინგემი ჰყავდა. ამ გუნდის მთავარი ძალა კი მისი ნახევარდაცვის ოთხეული იყო (ბექჰემი, კინი, სქოულზი, გიგზი).
99 წლის მანჩესტერის ბრიტანული ხასიათი და სტილი ზემოთ ვახსენე. მეტიც, ეს იყო საუკეთესო ტრადიციული ბრიტანული თამაში, რომელიც კი მე მინახავს. ყველაზე მეტად ეს გუნდი რითაც გულშემატკივარს დაამახსოვრდა, მისი ხასიათი, გაუტეხელობა და თავზეხელაღებულობა იყო. ამ გუნდმა იუვენტუსს ჯერ ბოლო წუთზე გაუთანაბრა ანგარიში, შემდეგ კი ტურინში 0:2-დან 3:2 მოუგო. სიმბოლური იყო კარგად ცნობილი ფინალიც. წაგებულ თამაშში ბოლო წუთებზე ორი კუთხური და ორი ძალიან ბრიტანული გოლი.
ეს ხასიათი და თამაშის ეს სტილი გასაკვირი არ არის. ფერგის გუნდში მანჩესტერის აღზრდილებთან ერთად (სქოულზი, ბექჰემი, გიგზი, ნევილები) სწორედ პრემიერლიგაში ნაყიდი ფეხბურთელები ჰყავდა – როი კინი ნოტინგემიდან მივიდა, ტედი შერინგემი – ტოტენჰემიდან, ენდი კოული – ნიუკასლიდან, დუიატ იორკი – ასტონ ვილადან. ერთადერთი იაპ სტამი იყო, რომელიც განსხვავებული საფეხბურთო კულტურიდან მიიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ ამ დროს ფერგი არასოდეს ცვლიდა სათამაშო სქემას და როტაციას ნაკლებად იყენებდა. გუნდის ლიდერებმა სეზონის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად შეუცვლელად ითამაშეს.
მთელ რიგ თამაშებში გუნდის საშუალო ასაკი 23-24 წელი იყო და მანჩესტერიც შესაბამისად თამაშობდა – შემტევად, ლაღად, თითქოს უკანმოუხედავად – ორჯერ 3:3 ბარსელონასთან ჯგუფში, 2:2 ბაიერნთან, 3:2 იუვენტუსთან.
აღსანიშნავია, რომ 99 წლის მანჩესტერს ბევრი ლიდერი ჰყავდა. თავდამსხმელებთან ერთად, გოლები სტაბილურად გაჰქონდათ ნახევარმცველებსაც – რაიან გიგზმა 10 გოლი შეაგდო, დევიდ ბექჰემმა – 9, პოლ სქოულზმა კი -11. სწორედ გიგზმა გაათანაბრა იუვენტუსთან ნახევარფინალურ შეხვედრაში ანგარიში, მეორე თამაშში კი „ქამბექი“ როი კინის გოლმა დაიწყო, ინტერთან კი – პოლ სქოულზმა გაიტანა.
2008 წლის მანჩესტერი კი ძალიან ევროპული და პრაგმატული გუნდია. თუ 99 წლის გუნდს ბევრი გოლები გაჰქონდა და ბევრსაც უშვებდა, 2008 წლის გუნდს ძალიან კარგი დაცვა ჰყავდა. ვიდიჩი-ფერდინანდის დუეტით მანჩესტერი თამაშში სამჯერ ნაკლებ გოლს უშვებდა, ვიდრე 99 წელს.
ვიდიჩი-ფერდინანდის წყვილი წლების მანძილზე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო დუეტად მიიჩნეოდა. ამ გუნდმა 2008 წელს ლიგაზე პლეი ოფის 7 შეხვედრაში მხოლოდ 7 გოლი გაიტანა და 2 გაუშვა. მათ შორის ორჯერ კარი მშრალად შეინახა ბარსელონასთან, ნახევარფინალში.
ფერგი უკვე 4-3-3 სქემას იყენებდა და მოედნის ცენტრში ერთდროულად სამი ფეხბურთელი თამაშობდა. ფერგის ნახევარდაცვაში ერთდროულად რამდენიმე ჩამშლელი (კერიკი, ჰარგრივზი, სქოულზი, ფლეტჩერი) სტაბილურად ჰყავდა. ძლიერი დაცვა, ფიზიკურად ძლიერი და დინამიური ნახევარმცველები ცენტრში და რუნი-რონალდო-ტევესის ტრიო შეტევაში.
მანჩესტერის თამაში ბევრად უფრო ევროპულია და ტრადიციულ ბრიტანულ ბირთვთან ერთად, გუნდის ლიდერები კრიშტიანო რონალდო, ვან დერ სარი, ნემანია ვიდიჩი და კარლოს ტევესი არიან. ფერგი თავისი გუნდისთვის ახალ ფეხბურთელებს უკვე არამხოლოდ ინგლისში, არამედ მთელ მსოფლიოში პოულობს.
99 წლის გუნდისგან განსხვავებით, როტაცია და სათამაშო სისტემის შეცვლა 2008 წლის მანჩესტერისთვის სახასიათოა. მაგალითად, ნომინალურად სათადარიგო რაიან გიგზმა 33 თამაში ითამაშა, ნანიმ კი – 26. პრემიერლიგაში ბენიტესის და მოურინიოს მოსვლის შემდეგ ფერგიმ უბრალოდ გადააწყო თავისი გუნდი – უფრო პრაგმატული და ტაქტიკურად მრავალფეროვანი გახადა. შემტევი სამეული მუდამ ცვლიდა პოზიციებს. რუნის და ტევესს უკან ჩამოსვლა ეხერხებოდათ, თავდასხმის ცენტრში კი ფლანგიდან რონალდო შემოდიოდა. ტაქტიკურად ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი გუნდი, რომელიც მინახავს.
ეს მანჩესტერი ძალიან კარგად თამაშობდა, როგორც პირველ ნომრად, ასევე კონტრშეტევებზე და 99 წლის გუნდისგან განსხვავებით, მკაცრად იყო გადანაწილებული როლები. გოლების უმეტესობა შემტევი სამეულის ანგარიშზე იყო – არცერთ სხვა მოთამაშეს 5 გოლზე მეტი 2008 წლის სეზონში არ გაუტანია.
ალექს ფერგიუსონმა ის გააკეთა, რასაც ალბათ ვეღარ ვნახავთ. მსოფლიოს ყველაზე რთულ ლიგას 20 წელზე მეტი ეს კაცი მართავდა. 1500 თამაში და 895 გამარჯვება – ციფრები ყველაზე ჯიუტია.
მგონია, რომ ბრიტანეთი, გეოგრაფიულად პატარა კუნძული, კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს იმპერიად სწორედ ფერგისნაირმა კაცებმა გახადეს – რკინის ხელით და მყარი რწმენით.
ალექს ფერგიუსონი: „ხალხი ხშირად მეუბნება, რომ თამაშის დროს არასოდეს არ ვიღიმი. მე მათ ვპასუხობ: აქ ღიმილისთვის არ ვარ, მე აქ იმიტომ ვარ, რომ ყველა თამაშში გავიმარჯვო.“
წყარო: popsport.ge