ირანელი საიდ მოლაის (81) ამბავი სკანდალურ გაგრძელებას იღებს – მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ძიუდოისტმა სამშობლოში დაბრუნებაზე უარი განაცხადა და გერმანიას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. მსოფლიოს აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი ამის მიზეზად ირანში დარჩენილ ოჯახზე ზეწოლას და მის მიმართა განხორციელებულ მუქარებს ასახელებს.
ამ ამბის წინაისტორია ძიუდოს ყველა ქომაგმა იცის და ჩვენც ვწერდით, თუმცა მაინც შეგახსენებთ: მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის ხელისუფლება ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროსა და ძიუდოს ფედერაციის მეშვეობით ზეწოლას ახორციელებდა თავის სპორტსმენებზე, რომ ებრაელ ძიუდოისტებთან შესაძლო შეხვედრისგან თავის არიდების მიზნით არ მიეღოთ მონაწილეობა ტოკიოში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატში. ირანს ტურნირში დარეგისტრირებული სულ ორი მონაწილე ჰყავდა – მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი მოლაი და ასევე შარშანდელი ბრინჯაოს მედალოსანი მოჰამად მოჰამადი (73). ამათგან მოჰამადი საერთოდ არ გაუშვეს ტოკიოში, მოლაიმ კი, როგორც ჩანს, იძალა და იაპონიაში კი ჩავიდა, თუმცა პირველად იქ განაცხადა, რომ ოფიციალური თეირანი მას ებრაელ საგი მუკისთან ჭიდაობას უკრძალავდა. ზედ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზეწოლის გამო მოლაიც მოიხსნა შეჯიბრებიდან, თუმცა საბოლოდ მონაწილეობა მაინც მიიღო და განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებასთან არსებული პრობლემები მოგვარდა და მსოფლიოს ჩემპიონატში ტიტულის დასაცავად იჭიდავებდა. თუმცა „კაცი ბჭობდა, მოლა იცინოდაო“ და თურმე სულაც არ მოგვარებულა: ზედ ჩემპიონატის მიმდინარეობისას გააქტიურებულან გარე ძალები თეირანიდან და რაკი მოლაისთან ერთად მუკიც უპრობლემოდ მიდიოდა ფინალისკენ, თავისი სპორტსმენისთვის ჩემპიონატიდან მოხსნა მოუთხოვიათ…
არადა, მოლაი იმდენად კარგად ჩაება ტურნირში, ვინძლო, მართლაც წარმატებით დაეცვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული! ის ნახევარფინალში უპრობლემოდ გავიდა, იქ კი ჯერ ბელგიელთა მომავალ ფინალისტთან, ევროპული თამაშების ჩემპიონ მატიას კასესთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის პაექრობა კი ჩვენს ლუკა მაისურაძესთან დათმო. ოღონდაც ორივე შეხვედრაში აშკარად ჩანდა, რომ ის ძალიან ინერტულად ჭიდაობდა, აბსოლუტურად საპირისპიროდ, ვიდრე – მანამდე, ხოლო პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ განაცხადა კიდეც, რომ მაგალითად, მაისურაძესთან, მხოლოდ 10 პროცენტით დაიხარჯა.
როგორც ძიუდოს ავტორიტეტული ვებსაიტი JUDOINSIDE.COM წერს, თურმე ავბედითი ზარი თეირანიდან იაპონიის დროით 15.30-ზე დაიწყო, როცა მოლაი მერვედფინალში რუსთა ინგუში ოლიმპიური ჩემპიონის – ხასან ხალმურზაევის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდა. თურმე ამ პაექრობის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ირანელთა მთავარ მწვრთნელს ირანის სპორტის მინისტრმა დაურეკა და მუკისთან ორთაბრძოლის თავიდან ასაცილებლად მოლაის ტურნირიდან მოხსნა უბრძანა, ურჩობის შემთხვევაში კი მასაც დაემუქრა და მის ოჯახსაც…
ჩანს, თეირანი წყლიდან მშრალად ამოძრომას ცდილობდა: მოლაი ზედ ფინალის წინ რომ მოხსნილიყო (ის და მუკი ფინალამდე არ ხვდებოდნენ ერთმანეთს), ამით აშკარა ხდებოდა, რომ ებრაელთან ჭიდაობას აარიდა თავი და ირანული მხარე სანქციებს აუცილებლად მიიღებდა (მით უფრო, სეზონის დასაწყისში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მათთან ამაზე სპეციალური მემორანდუმიც კი გააფორმა), ხოლო წინასწარი ეტაპიდან მოხსნით ორ კურდღელს დაიჭერდა: ებრაელთან პაექრობასაც აიცილებდა თავიდან და – სანქციებსაც… თუმცა მათი გეგმები ისევ მოლაიმ ჩაშალა, ვინც არ შეეპუა მინისტრის ზარს (ამის უკან რა ძალებიც იდგნენ, გასაგებია) და დახმარებისთვის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობას მიმართა. მისი გასაჭირი საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელთა ყურამდე პირველად ტაჯიკეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვაჰიდ სარლამ მიიტანა – თურმე ის მივიდა საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრებო მენეჯერთან, შოტლანდიელ ლიზა ალანთან და უთხრა, რომ ირანელ სპორტსმენს დახმარებას სჭირდებოდა.
ალანთან ერთად საქმეში იჯფ-ის გენერალური მდვანი ჟან-ლუკ როჟე, ევროპის კომიტეტის წევრი ჟერარდ ბენონი და მისი ასისტენტი აბდულო მურადოვი ჩაერთნენ. „დარჩენილი დღე მოლაისთან ერთად გავატარე, მას ყველგან დავყვებოდი და კომუნიკაციაში ვეხმარებოდი. ირანელი ძიუდოისტის თვალებში დიდი შიში დავინახე იმ ტერორის გამო, რასაც ის განიცდიდა. ეს საშინელება იყო“ – ამბობს მურადოვი.
მოლაიმ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერთან შეხვედრა ითხოვა. აუდიენცია მართლაც შედგა და ვიზერმა მას ყოველმხრივი თანადგომა აღუთქვა და დაარწმუნა, რომ ტატამზე გასულიყო საჭიდაოდ. მოლაი ასეც მოიქცა და ჯერ ხალმურზაევი დაამარცხა, მერე – კანადელი ოლიმპიური პრიზიორი ანტუან ვალუა-ფორტიე და ნახევარფინალში გავიდა, თუმცა თეირანიდან ზეწოლა კვლავ გრძელდებოდა: ზედ ნახევარფინალის წინ მასთან უკვე ირანის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რეზა სალეჰმა დარეკა და უთხრა, რომ მისი მშობლების სახლში ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, პარალელურად კი ირანიდან მეგობარმა მისწერა, რომ თუ მითითებებს არ დაემორჩილებოდა, მის ოჯახს დიდი ხიფათი ემუქრებოდა.
ამის შემდეგ რა გასაკვირია, მოლაი ისე უნიათოდ თუ ჭიდაობდა! სამაგიეროდ, თავის პრობლემებზე ღიად დაიწყო საუბარი: „მე მებრძოლი ვარ და მინდა, ყველა ტურნირზე ბოლომდე დავიხარჯო, თუმცა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, ამის უფლებას არ მაძლევენ. დღეს ირანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა და სპორტის მინისტრმა ტურნირში მონაწილეობა ამიკრძალეს“ – ეს მოლაის პირველი კომენტარია მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. თუმცა ის ამით არ შემოიფარგლა და მოგვიანებით ესეც განაცხადა:
„შემეძლო, დღეს მსოფლიოს ჩემპიონი მეორედაც გავხმდარიყავი და ამისთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. დღეს მე ოლიმოპიური ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი დავამარცხე და მსოფლიოს ჩემპიონობაზე ოცნებას ვაგრძელებდი, თუმცა ბედისწერა სხვანაირად წარიმართა: ირანის კანონებმა არ მომცა უფლება, ჩემი ძალები ბოლომდე გამომეყენებინა“. იქვე მოლაიმ მადლობა გადაუხადა ვიზერს გამოჩენილი თანადგომისა და იმისთვის, რომ თურმე მას ოლიმპიადზე წასვლისა და ოცნებების ასრულების გარანტია მისცა! „ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია არასოდეს წასულა არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ მხოლოდ სპორტის ინტეგრაცია, მისი ღირებულებების დაცვა და მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება გვსურს.
ოლიმპიური ქარტია სპორტის უმაღლესი ღირებულებაა და მას ბოლომდე დავიცავთ“ – ნათქვამია იჯფ-ს განცხადებაში, თავად მოლაი კი შემდეგს ამბობს: „მე სპორტსმენი ვარ და არა პოლიტიკოსი და მინდა, რომ ოლიმპიადაზე მივიღო მონაწილეობა“. მისივე სიტყვებით, მას თურმე ირანის ხელისუფლებამ უთხრა, რომ ქვეყანაში დაბრუნება უპრობლემოდ შეუძლია, მაგრამ სპორტსმენი არ ენდობა მათ და ეშინია, რომ დაბრუნების შემთხვევაში მას და მის ოჯახს მაინც შეუქმნიან პრობლემებს.
ისე კი მოლაი თურმე ეთნიკურად აზერბაიჯანელია. ყოველ შემთხვევაში, წარმოშობით ნამდვილად დასავლეთ აზებაიჯანის ქალაქ ხოიდანაა, თუმცა ამჟამად ირანულ ურმიაში ცხოვრობს. ამის შესახებ თავად მოლაიმ განაცხადა შარშან ბაქოში, სადაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ამასობაში საინტერესო განცხადებით გამოვიდა ებრაელი საგი მუკი, ვინც მოლაის არყოფნაში ტოკიოში უპრობლემოდ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. არადა, ამ ორი მართლაც უძლიერესი ათლეტის შერკინება ძიუდოს კლასიკა იქნებოდა, ორივემ იმდენად შთამბეჭდავი ჭიდაობა აჩვენა „ბუდოკანში“. „მინდა, შევხვდე მოლაის და ხელი ჩამოვართვა თანაგრძნობის ნიშნად“ – განაცხადა მან.
წყარო: lelo.ge