სოსო ფრუიძე („ჩიხურას“ მწვრთნელი): „თქვენ ვისკი გაქვთ, ჩვენ ღვინო და ვნახოთ რომელი აჯობებს“

387

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს საჩხერის „ჩიხურა“ შოტლანდიაში „აბერდინთან“ გამართავს. მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა იმერელთა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ.

ქართველი სპეციალისტის განცხადებით, „აბერდინთან“ გამარჯვება მისი გუნდის ისტორიაში მნიშვნელოვანი წარმატება იქნება.

„მოხარული ვარ, რომ შოტლანდიასა და აბერდინში ვიმყოფებით, საფეხბურთო ქვეყანასა და ქალაქში. რაც შეეხება ტაქტიკას, ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილი არ გვაქვს, ვფიქრობთ. გოლი გვაქვს გასატანი, გვინდა შემდეგ ეტაპზე გასვლა, მაგრამ ვიცით, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს. ვეცდებით, რომ ეს ბარიერი დავძლიოთ.

ვიცით, რომ „აბერდინი“ კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენც გვაქვს რაღაც პლიუსები და რამდენად გამოგვაყენებინებს ამას მეტოქე, ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ფეხბურთი. გათვალისწინებული გვაქვს, რომ აბერდინში მაყურებელი ყოველთვის შეტევას და გოლს ითხოვს. მეც ასე მწამს, რომ ეს გარემო ზემოქმედებას მოახდენს, მაგრამ აქედან შეიძლება ჩვენც რაღაცას გამოვრჩეთ.

ყველა მწვრთნელს მომზადების თავისი სტილი აქვს. ზოგმა შეიძლება ვისკი დაალევინოს, ჩვენ კარგი წითელი ღვინო გვაქვს და რომელი აჯობებს ხვალ ვნახოთ.

გარკვეული წარმატებები უშუალო დაპირისპირებებში მიღწეული გვაქვს. ერთ-ერთი იყო „ბურსასფორი“, რომელიც დავამარცხეთ, ასევე „ბეითარი“, რომელთანაც წარატებას მივაღწიეთ. „აბერდინს“ კი საქართველოში ძალიან დიდ პატივს ვცემთ ისტორიიდან გამომდინარე და ჩვენს ისტორიაში კარგი ფურცელი იქნება ამ გუნდთან წარმატებით თამაში. პატარა გუნდები ყოველთვის უფრო თავგანწირვით იბრძვიან.

ჩემზე კარგად იცის თქვენმა მწვრთნელმა რა არის მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები. ჩვენ ვცადეთ თბილისში ამ სუსტი მხარეების გამოყენება. ფიზიკურად მაღალი და ძლიერი ფეხბურთელები გყავთ, შეუძლიათ სტანდარტულების დროს და ორბთარძოლებში გამარჯვების მოპოვება. ჩვენი ძლიერი მხარე მიწაზე თამაშია და ამას თუ გავაკეთებთ, წარმატებასაც მივაღწევთ“, – განაცხადა ფრუიძემ.

შეგახსენებთ, რომ „აბერდინისა“ და „ჩიხურას“ შეხვედრა 1 აგვისტოს თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ ერთი კვირის წინ გუნდები თბილისში დაზავდნენ (1:1).

წყარო: worldsport.ge

SHARE