საქართველო-ბელარუსის მატჩის შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ აუცილებელია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კატეგორიული უარი განაცხადოს ამ მატჩის ჩატარებაზე.
გულშემატკივარს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ მატჩი შეიძლება უმაყურებლოდ ჩატარდეს. თუმცა ამ შემთხვევაში სანახაობაზე მეტად უსაფრთხოებაზე უნდა ვიფიქროთ.
უეფა არის კომერციული ორგანიზაცია, რომლისთვისაც საფეხბურთო კალენდრის არევა დიდ ფინანსურ დანაკარგებს უკავშირდება. ისინი შეეცდებიან, მაქსიმალურად გაიტანონ თავიანთი აზრი და არ მისცენ პატარა ქვეყნებს საშუალება, რაიმე შეაცვლევინონ. ევროპის ჩემპიონატისთვის მონაწილე ნაკრებების სია მეტწილად დაკომპლექტებულია, მათთვის ამ სანაკრებო პაუზას განსაკუთრებული დატვირთვა არა აქვს. ხოლო იმ მატჩების
გადადებამ, რომლებიც მარტის ბოლოს უნდა გაიმართოს, მათ შეიძლება ევრო 2020-ის გეგმები შეუცვალოს.
26 მარტს ჯამში ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციის 8 მატჩია დაგეგმილი. სასურველია, მონაწილე ქვეყნების ფედერაციებმა ერთიანი უარი განაცხადონ მატჩების ჩატარებაზე, მინიმუმ, მასპინძლებმა გამოხატონ ამის მზაობა.
რატომ არის თბილისური მატჩის უმაყურებლოდაც გამართვა საშიში?
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სრული უმრავლესობა ლეგიონერია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში თამაშობს. ამ ფეხბურთელებს თბილისში ჩამოსასვლელად არაერთი დაბრკოლების გავლა მოუწევთ. პირველი ის, რომ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები მინიმალურია და მათ გადაჯდომით მოუწევთ სხვადასხვა აეროპორტის გავლა. აეროპორტში კი ყოველთვის სხვადასხვა ქვეყნის ხალხი მრავლად ირევა.
საიდან უნდა ჩამოვიდნენ ქართველი ფეხბურთელები?
- ესპანეთი – 3146 დაინფიცირებული
- ამერიკა – 1762 დაინფიცირებული
- შვეიცარია – 868 დაინფიცირებული
- შვედეთი – 687 დაინფიცირებული
- დანია – 674 დაინფიცირებული
- ჰოლანდია – 614 დაინფიცირებული
- ბელგია – 399 დაინფიცირებული
- ავსტრია – 361 დაინფიცირებული
- და ა.შ.
ერთ ფეხბურთელსაც რომ სიცხე აღმოაჩნდეს, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ის დაინფიცირებული არ იყოს, უნდა შემოწმდეს მთლიანი ნაკრები და თანამშრომლები. ამავდროულად, შეიძლება საჭირო გახდეს თვითიზოლაცია ან კარანტინი.
სრული აბსურდია ამ პირობებში ამ მატჩის მაყურებლით ან უმაყურებლოდ ჩატარება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და საქართველოს მთავრობამ ნებისმიერი სახით მატჩის ჩატარებაზე უარი უნდა თქვას და მოითხოვონ გადადება. უეფას სურვილები პიროვნებების ჯანმრთელობის წინ არ უნდა დადგეს.
უკვე გვაქვს მსოფლიოში შემთხვევები, რომ კორონავირუსისგან არავინ არის დაზღვეული.
წყარო: sportall.ge