ინდიანა პეისერსი NBA-ს რეგულარულ სეზონში კარგად თამაშობს – 9-6 ბალანსით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, ხოლო გუნდის 20 წლის ახალბედამ, გოგა ბითაძემ უკვე ყველა დაარწმუნა, რომ ამ დონეზე თამაში შეუძლია.
გოგამ სეზონში 10 მატჩი ითამაშა, ის საშუალოდ 17 წუთს თამაშობს და 6.3 ქულას, 4.1 მოხსნას, 1.2 პასსა და 1.7 დაფარებას აგროვებს.
26 ნოემბერს თბილისის დროით 04:00-ზე ინდიანა შინ მემფისს დაუხვდება, ჩვენც გოგას მორიგ კარგ თამაშს ველით.
მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი ჯანმრთელად არიან, ასე რომ გოგას პირველი მეოთხედის ბოლოსკენ ველით ტერნერის შემცვლელად. მერე კი, როგორც ითამაშებს, მწვრთნელი იმის მიხედვით მისცემს სათამაშო წუთებს.
PACERS DIGEST ინდიანა პეისერსის ფანების ფორუმია, სადაც გოგას უფრო ხშირად ახსენებენ, რამდენიმე დღის წინ კი პეისერსის ახალბედას ცალკე თემა გაუხსნეს.
აღსანიშნავია, რომ ფანების აბსოლუტური უმრავლესობა ქართველის თამაშს დადებითად აფასებს. მეტიც, მათი ნაწილი უკვე ითხოვს გოგას სასტარტო ხუთეულში!
ფანები გოგას თამაშზე. PACERS DIGEST
colts19: “ჯერ ალბათ ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მგონი უკვე ყველა მოიხიბლა, ჩვენ რომ გოგა ავიყვანეთ დრაფტის მე-18 ნომრად. მე ვიცი, რომ თავად აღფრთოვანებული ვარ”.
Pacersalltheway10: “მე იმავე წამს მოვიხიბლე, რა წამსაც გოგა დრაფტზე ავირჩიეთ”.
BlueNGold: “მას პეისერსის “მაღლებში” ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს. არა მარტო ახლანდელებში, არამედ, ვინც კი მინახავს პეისერსის ფორმით. ბოლო ოთხ ათწლეულში, ალბათ, JO-ს გამოკლებით, გოგას პეისერსის ცენტრებში ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს. რიკ სმიტსი ფანტასტიკური მოთამაშე იყო შეტევაში, მაგრამ არც ისე კარგი დაცვასა და მოხსნებში. თუმცა რიკი იყო “ოლ სტარის” კალიბრის მოთამაშე. გოგას მეტი პოტენციალი აქვს – ის ბრწყინვალე დამფარებელია და ფანტასტიკურად იცავს ფარს. მალე მისი “საკუთრება” გახდება პეისერსის ფარი. ის კი არა, გოგა უკეთესი მსროლელია, ვიდრე JO იყო. ახლა ჩვენ თანამედროვე მძიმე ფორვარდი უნდა ვიპოვნოთ”.
Gamble1: “დროც კარგად შეირჩა, სამ წელში მაილსის კონტრაქტი ამოიწურება და გოგა მისი ბუნებრივი შემცვლელი იქნება, თუკი მაილსი მანამდე არ “დავატრეიდეთ”.
BobbyMac: “ჩანს, რომ კარგი პოტენციალი აქვს, მოდი, ვნახოთ, რას იზამს ის ამ სეზონში. ერთი-ორი კარგი თამაშით მის პოტენციალს მაინც ვერ შევაფასებთ”.
Kid Minneapolis: “ის გუნდში არ დაიკარგა და ეს ბრწყინვალეა. ჯერ მხოლოდ ათი მატჩი ითამაშა კარიერაში და ერთხელაც არ უგვრძნია თავი არაკომფორტულად. რაც ყველაზე კარგია, ის, როგორც ჩანს, სწორად უდგება ნებისმიერ საკითხს. ცდილობს, დაცვაშიც და შეტევაშიც ყველაფერი სწორად გააკეთოს. რა თქმა უნდა, ის ახალბედებებისთვის დამახასიათებელ შეცდომებსაც უშვებს. მაგრამ ის ყოველთვის პოზიტიურ (ხანდახან კი ძალიან პოზიტიურ) კვალს ტოვებს თამაშში, როცა შანსი მიეცემა. ის, ალბათ, ყველაზე სრულყოფილი ახალბედაა, ვინც კი კლუბის ისტორიაში გვყოლია.
ოქტომბრის ორი თამაში რომ არ განვიხილოთ, მას შესანიშნავი ნოემბერი აქვს. 20 წუთი საშუალოდ, 8 ქულა, 50% სროლის პროცენტი, 36% სამქულიანების პროცენტი, 5 მოხსნა, 2 ბლოკი და მარგი ქმედების კოეფიციენტი 16-ზე მეტი. ეს მართლაც შთამბეჭდავია. 20 წლის არის, მაგრამ უკვე მეხუთე სეზონია, რაც პროფესიონალია. ეს ევროპის დამსახურებაა.
ვფიქრობ, ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ ის მაილსის შემცვლელია. მაილსი ძალიან კარგი მოთამაშეა, რომლისგანაც უბრალოდ ძალიან ბევრს ითხოვენ. გოგას რომ ვუყურებ, შესაძლოა 1-2 წელში მან გაუსწროს მაილსს და ამ შემთხვევაში მისი გაცვლა უპრიანია. +- რომ შევადაროთ გოგა ახლა +46-ზეა, მაილსი – -17-ზე!
imawhat: “ის რეალური ძალაა და უკვე მზადაა გუნდის დახმარებისთვის. ახლა ცოტა იკარგება, როცა ბურთითაა, მაგრამ მალე თავის პოტენციალს სრულად გამოიყენებს. მოკლედ, ჩვენ მალე სასიამოვნო პრობლემა გვექნება “ხუთზე”.
festar35: “ვადარებ ვუჩევიჩს შეტევაში და ნურკიჩს დაცვაში, პლუს ბლოკები. 1-2 სეზონი არსად გვეჩქარება. ის ჯერ კიდევ სწავლობს NBA-ში თამაშს. ასე რომ, მე მომწონს, რომ ჯერ სათადარიგოთა სკამიდან იწყებს. რამდენიმე წელში ჩვენ ცენტრზე სპეციალური მოთამაშე გვეყოლება”.
BornIndy: “ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გოგა ტერნერს სრულად შეცვლის და ეს ისტორია ასე დასრულდება”.
BlueNGold: “მისი პოტენციალის ნახევარიც რომ გამოიყენოს, გოგას მაინც შეეძლება მაილსის შეცვლა. სულ რამდენიმე თამაშია და გოგა უკვე ძალიან კარგია. ველოდები როდის დაბრუნდება პრეზიდენტი – ამის შემდეგ გოგა მაილსის წუთების გარკვეულ ნაწილს მიიღებს”.