მოსკოვის “სლავას” ორი ქართველი მორაგბე რეზი ბროძელი და საბა ილურიძე კლუბში რჩება.
ამის შესახებ ბროძელმა “ფეისბუქზე” დაწერა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაიხადა.
გთავაზობთ ბროძელის განცხადებას:
“მადლობა ორივე მხარეს საქართველოსა და რუსეთის რაგბის კავშირებს. გუშინ ბატონმა გოჩა სვანიძემ დამირეკა და დეტალურად ვისაუბრეთ. აქტიური მუშაობა დაიწყო გოჩამ და საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთის კავშირთან, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ჩვენი გუნდიდან გაშვება, აღმოჩდა რომ ამის მიზეზი არაფერი არ იყო.
ყველაფერი გაირკვა და დალაგდა! ჩვენი აზრით ვიღაც მესამე პირები ინტრიგნულად ცდილობდნენ ჩემი და საბას ამ სოლიდარობის ჟესტის გაპოლიტიკურებას. აღსანიშნავია რომ კლუბ “სლავას” ჩემი და საბას გაშვება არანაირად არ უნდოდა. გუშინ გვიან ღამით, დამიკავშირდნენ გუნდის წარმომადგენლები და გაირკვა რომ მე და საბა გუნდში ვრჩებით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორივე მხარის რაგბის კავშირებს და ყველას დაინტერესებისთვის და გვერდში დგომისთვის!”, – წერს მორაგბე “ფეისბუქზე”.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბმა, მოსკოვის “სლავამ” ორ ქართველ მორაგბეს – რეზი ბროძელს და საბა ილურიძეს კონტრაქტი გაუწყვიტა – ამის მიზეზი დადებული ლელოს შემდეგ თვალზე აფარებული ხელი იყო, რომელიც მორაგბეებმა საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მიმართ, საკუთარი პოზიცია გამოხატეს.
წყარო: sportall.ge