პოლონური ლეგიას 25 წლის ქართველი ნახევარმცველის ვაკო გვილიას სატრანსფერო ფასმა ზუსტად 2-ჯერ მოიმატა და მისმა ღირებულებამ 2 მილიონი ევრო შეადგინა.
პოპულარულმა საიტმა Transfermarkt საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ბოლო შეფასება გასული წლის ივნისში მოახდინა, როდესაც ის ჯერ კიდევ ზაბრჟეს გურნიკის ღირსებას იცავდა და მილიონი ევრო ღირდა.
შეგახსენებთ, რომ გვილიას საქართველოს ჩემპიონატში არასდროს უთამაშია. მან პროფესიული კარიერა ზაპოროჟიეს მეტალურგში დაიწყო, შემდეგ კი, მინსკის, ბატესა და შვეიცარიული ლუცერნის მაისურითაც თამაშობდა.
პოლონეთის ეკსტრაკლასას მიმდინარე სეზონში ვაკომ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა (11 სასტარტო) და აქტივში 3 გოლი აქვს.
ორიოდ სიტყვით პოლონეთში მოთამაშე სხვა ქართველ ფეხბურთელებზეც ვთქვათ. უცვლელი დარჩა დავით სხირტლაძისა (არკა, 400 ათასი ევრო) და გიორგი მერებაშვილის (პლოცკი, 250 ათასი) ფასები, ხოლო ვატო არველაძე (კორონა) 650 ათასის ნაცვლად, 300 ათასად არის შეფასებული.
წყარო: popsport.ge