ქართული ტრიუმფით, საქართველოს დროშის აფიშირებითა და ქართული ჰიმნით დასრულდა გუშინ საღამოს ზაგრებში ძიუდოისტთა „დიდი პრიზი“.
ამ ფრიად პრესტიჟული შეჯიბრების დასკვნითი აკორდი აშკარად ქართული გამოდგა, რადგან ვაჟებში სამი წონიდან ორში ოქროს მედალი ჩვენმა ფალავნებმა მოიპოვეს.
თანაც, ორივეში ქართულ-იაპონური ფინალი გაიმართა და ორივე ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა! ჯერ იყო და, 90 კილოგრამის ფინალში ბექა ღვინიაშვილმა დაასხა რეტი სინშაო მურაოს, ისეთი დააბზრიალა, შემდეგ კი მძიმე წონაში გელა ზაალიშვილმა ისეთ ვითარებაში გაუკეთა გდება ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ჰისაიოში ჰარასავას, არა მხოლოდ მეტოქე და დარბაზი გააოგნა, მგონი, თვითონაც ვერ იჯერებდა მომხდარს…
გვესმის, რომ ეს, მართალია, მაღალი რანგის, მაგრამ მაინც საერთაშორისო რანგის ტურნირია და არა მსოფლიოს ჩემპიონატი და მით უფრო – ოლიმპიადა, თუმცა ერთ შეჯიბრებაზე ორი ფინალის მოგება იაპონელებთან ნამდვილად არაა ჩვეულებრივი და უბრალო ამბავი. თანაც, ღვინიაშვილმა ქვეჯგუფშიც დაამარცხა იაპონელი – მსოფლიოს პრიზიორი კენტა ნაგასავა. თუმცა იაპონელთა გარდა, ჩვენმა ჩემპიონებმა სხვა ქვეყნების ტიტულოვანი ფალავნებიც ბლომად დაამარცხეს.
იაპონური ფინალების მოგების გარდა, ზაგრებში აღსანიშნავი ახალგაზრდა ტატო გრიგალაშვილის (81) წარმატება, მძიმე წონაში კვარცხლბეკზე ორი ქართველის ასვლა და ქალთა ნაკრების მიერ მოპოვებული მედალიც იყო. სულ კი ხორვატიაში საქართველოს გუნდმა 5 მედალი მოიპოვა – 2 ოქრო და 3 ბრინჯაო. აქედან ერთი ბრინჯაო ქალთა ნაკრების მონაგარია. ჩვენმა ვაჟთა ნაკრებმა გაიმარჯვა გუნდურ ჩათვლაში, ხოლო საერთო გუნდურში მესამეზე ვართ იაპონიისა და კანადის შემდეგ, თუმცა მათ ძირითადად ქალთა შედეგებით გაგვისწრეს.
როგორც გითხარით, ტურნირის ჩემპიონები ღვინიაშვილი და ზაალიშვილი გახდნენ. გრიგალაშვილმა, ლევან მატიაშვილმა (+100) და ქალებში ეთერ ლიპარტელიანმა (57) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ღვინიაშვილის გაბრწყინება
ეს ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გუნდის დასაკომპლექტებლად ბოლო შესარჩევი ეტაპი რომ იქნებოდა, ჩვენ უკვე ვწერდით. ვფიქრობთ, ნაკრებში ყველა საკადრო დილემა უკვე მართლაც გაირკვეოდა. ყოველ შემთხვევაში, ალბათ, 90 კილოგრამში ღვინიაშვილმა საბოლოოდ გაინაღდა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური. მით უფრო, ამ წონის მეორე ლიდერ გიორგი პაპუნაშვილს ამჯერად ფეხი დაუცდა და უმედლოდ დარჩა.
თანაც, მსოფლიოს ჩემპიონატი იაპონიაში ტარდება, ღვინიაშვილს კი ორიოდე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელთან უჭირს ჭიდაობა, თორემ უნგრელი კრისტიან ტოტისა და იაპონელების სპეციალისტად ჩამოყალიბდა – მათთან ძალზე იშვიათად აგებს ხოლმე.
ზაგრებში ღვინიაშვილმა 5 პაექრობა გამართა და ოთხი იპონით მოიგო. იმათგან ერთში გაფრთხილებებით მოახსნევინა მეტოქე – უზბეკი შაკზოდბეკ საბიროვი, მანამდე კი სლოვენიელი ნარსეი ლასკოვიჩი იპონით დაამარცხა, როგორც ქვეჯგუფის კიდევ ერთი მეტოქე – ზემოხსენებული იაპონელი ნაგასავა.
ნახევარფინალში ტოტს მოუგო ვაზარით, ფინალში კი ძალითაც, ტაქტიკურადაც და ჭიდაობის ხარისხითაც პირწმინდად დაჩაგრა ახალგაზრდა იაპონელი მურაო. ღვინიაშვილი ასწრებდა ჩავლებებს და კარგად აკონტროლებდა შეხვედრის მიმდინარეობას, რისი დასტურიც მურაოს გაფრთხილებაა.
თუმცა ქართველი ამის გარეშეც ფლობდა საგრძნობ უპირატესობას, იმდენად თვალსაჩინოს, რომ იპონი გარდაუვალი ჩანდა და ეს დომინირება მართლაც გარდასახა წმინდა გდებაში: მურაომ გარეფეხზე გადასვლა დაუპირა, მაგრამ ღვინიაშვილი სწრაფად გაერკვა ვითარებაში, წელში შევიდა და ქამრიდან აყვანილი ბრუნზე დააბზრიალა.
ამავე წონაში პაპუნაშვილმა ბელარუსი იჰარ ვარაპაუ და სლოვაკი მილან რანდლი კი დააიპონა, მაგრამ აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან თვითონაც წმინდად წააგო და გამოვარდა.
მძიმე გამარჯვება მძიმე წონაში
19 წლის გელა ზაალიშვილმა უფროსებში უკვე მეორე დიდი ტურნირი მოიგო – მაისში ბაქოს „დიდ მუზარადზეც“ გაიმარჯვა. სამაგიეროდ, ახლა ფინალში თვით იაპონელი და ისიც არა ვინმე დამწყები, არამედ ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი, ამ წონის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი ჰარასავა დაამარცხა.
ეს ფინალი დამატებით დროში გაგრძელდა, ხოლო ძირითადში ზაალიშვილმა თავიდან კი გააფრთხილებინა მეტოქე, მაგრამ მერე აშკარად დაიღალა და ორი გაფრთხილებაც მიიღო. დამატებითი დრო ახალი დაწყებული იყო, როცა ძირითადად ამ დაღლილობისგან თავი ვერ შეიკავა და მეტოქის მიერ შიდა ფეხის ოდნავ მირტყმაზე უკან გადავარდა. ჰარასავას ის მოძრაობა არ ჰგავდა გამიზნულ გამოკვრას – უფრო მოუხვდა ფეხი, რაღაც ისე უილაჯოდ გამოჰკრა.
თუმცა ეს ეპიზოდი ჩვენთვის კინაღამ საბედისწეროდ დასრულდა – მსაჯმა თავიდან ვაზარი აჩვენა ჰარასავას სასარგებლოდ, მაგრამ კომისრებმა შეფასება გააუქმეს და სამართლიანადაც: უკან გადავარდნილი ზაალიშვილი ჩაჯდა ტატამზე და ადრინდელი წესებით კოკას ნამდვილად მისცემდნენ, მერე კი გვერდზე გადავარდა, გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ბეჭით არ შეხებია ტატამს…
განახლდა თუ არა ეპიზოდი, ზაალიშვილმა ცოტა უცნაური მოძრაობა წამოიწყო – ისე ჩანდა, რომ ქამრიდან აყვანილს თავს უკან გადაგდებას უპირებდა, ოღონდ ბრუნის მსგავსი გდება გამოუვიდა და ოდნავ გვერდზე გადაქცეული მეტოქე თავით დაარჭო ტატამს, რაც ნამდვილად ულაპარაკო იპონი იყო… ამის შემდეგ იყო, კიდევ ერთხელ რომ გვაჩვენა გულზე ამოტვიფრული ხუთრგოლიანი ოლიმპიური ემბლემა, კიმონოზე გამოსახულ საქართველოს დროშასაც აკოცა, ბოლოს კი არც მეტოქის ავტორიტეტისა და მისი ტიტულებისადმი პატივისცემის გამოხატვა დავიწყნია, თან დარბაზს თითით აჩვენა ჰარასავაზე, ძლიერიაო, თუმცა მანამდე მისი ემოცია, სიხარულის გამოხატვა უფრო იმაზე მიგვანიშნებდა, რომ თავადაც არ სჯეროდა, რაც გააკეთა.
ისე, ჩვენი აზრით, ჰარასავასთან დაპირისპირებაში ცოტა უცნაური ტაქტიკა კი აირჩია – გადავლებაზე და იქიდან გდებაზე ეჭიდავებოდა. არადა, ჰარასავა, მგონი, მასზე ცოტა მაღალიც კია და ასეთთან გადავლება არც ისე გონივრული ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ ვიდრე დაიღლებოდა, ამ ტაქტიკამ გაუმართლა – გაფრთხილებაც მიაღებინა და არც ილეთის გაკეთების საშუალება მისცა.
თუმცა ზაალიშვილმა ხორვატიაში ძლიერთაგან არა მარტო ჰარასავას „ააძრო სკალპი“: ჯერ იყო და, რუსთა ანგარიშგასაწევი ახალგაზრდა ანტონ ბრაჩევი დააიპონა, მერე ებრაელთა მთაკაცი და პირველი ევროპული თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი, ოლიმპიადის მესამე პრიზიორი ორ სასონი მოახსნევინა გაფრთხილებებით, შემდეგ გამოცდილი პოლონელი მაციეჟ სარნაცკი ვაზარ-იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში კი ჰოლანდიელთა ევროპის მედალოსანი როი მეიერი ვაზარით გამოაგდო. პრაქტიკულად, ზაალიშვილს ყველა შეხვედრა ფრიად უაღრესად დატვირთული ჰქონდა, თუმცა დავალებას თავი წარმატებით გაართვა.
მატიაშვილმა მხოლოდ ჰარასავასთან წააგო მეოთხედფინალში, სხვა მხრივ კი იმანაც ძლიერად იჭიდავა. თავიდან აზერბაიჯანელი თანამემამულე, მსოფლიოს ფინალისტი უშანგი კოკაური გამოთიშა შეჯიბრებას გაფრთხილებებით, ტაჯიკ თემურ რახიმოვთან გდებით მოიპოვა იპონი, როგორც დამამშვიდებელში – ყაზახ იერასილ კაზიბაიევთან, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი იგივე მეიერი მოახსნევინა გაფრთხილებებით. ჰოლანდიელი მსწრაფლ დაწინაურდა, როცა გარეფეხიდან გამოცერა და ვაზარი მიითვალა, ბოლოსკენ კი აშკარად გაურბოდა ბრძოლას და ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნავდა.
მესამე გაფრთხილება ისე ტრაგიკულად მიიღო და ისე დაემხო ტატამს, გეგონება, შეტევაში დასაჯეს გაფრთხილებით. არადა, ჩვენი აზრით, მსაჯს ცოტა კიდეც დაუგვიანდა მისი დასჯა და ის გადაწყვეტილებაც მსაჯთა მაგიდიდან უკარნახეს ზემდგომებმა, რადგან მანამდე რამდენჯერმე ჩავარდა კიდეც ფალ-სტარტისას, უკანაც გადიოდა და ყველანაირად გაურბოდა ბრძოლას.
გრიგალაშვილი არ ჩერდება
19 წლის გრიგალაშვილმა ივლისში უკვე მესამე ტურნირი ჩაატარა (!) და მესამე მედალი მოიპოვა: ჯერ ნეაპოლში მესამეზე გავიდა მსოფლიოს უნივერსიადაზე, მერე კარიერაში პირველი დიდი ტურნირი მოიგო – ბუდაპეშტის „დიდი პრიზი“, ახლა კი ისევ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა! მას ახალგაზრდული ნაკრებიც ელოდება და არ ვიცით, რას იზამს სამწვრთნელო შტაბი, თორემ ეროვნული ნაკრების დონეზე ერთ-ერთი საუკეთესო მეორე ნომერია.
ხორვატიაში ახალგაზრდა ტალანტმა ერთადერთი პაექრობა მსოფლიოს ჩემპიონთან წააგო – ირანელ საეიდ მოლაესთან და ისიც ვაზარით, თორემ სხვებს იოლად გაუსწორდა: ხორვატ ევროპის პრიზიორ დომენიკ დრუზეტას და იტალიელ ანდრეა რეჯისს წმინდად მოუგო, დამამშვიდებელში კი ბრაზილიელ ორგზის ოლიმპიურ მედალოსანსა და მსოფლიოს ფინალისტ ლეანდრო გილეიროს ვაზარით, ხოლო შვედ რობინ პაცეკს ვაზარ-იპონით მოუგო.
ლიპარტელიანი და სხვები
ნამდვილად იყოჩაღა ეთერ ლიპარტელიანმა, ვინაც სოლიდური ნაბიჯი გადადგა ოლიმპიური ლიცენზიისკენ. ვფიქრობთ, მას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ აქტიურად დატვირთავენ სალიცენზიო შეჯიბრებებით. ამ გოგოს ბევრი კარგი სპორტული თვისება ახასიათებს, მათ შორის კი მებრძოლი ხასიათი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.
ლიპარტელიანი ზაგრებშიც ყოჩაღად ჩაება ტურნირში და ნახევარფინალში გავიდა. კანადელი კრისტა დეგუჩი, ბრიტანელი ლელე ნაირნე და ჩინელი ვენ ჭანი წმინდად მიყარ-მოყარა გზიდან. ამათგან კანადელი გაფრთხილებებით მოახსნევინა, ჭანს კი იპონამდე ვაზარიც აართვა. თანაც, ქალთა ძიუდოში სამივე ქვეყანა წამყვანია და ლიდერი. ლიპარტელიანის წინსვლა მხოლოდ იაპონელმა აზიური თამაშების ჩემპიონმა მომო ტამაოკიმ შეაჩერა ნახევარფინალში, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ქართველმა კორეელი ჯანდი კიმი დააიპონა. იმედია, რომ ლიპარტელიანი ახლო მომავალში ისევ გაგვახარებს წარმატებებით.
ზაგრებში ბრინჯაოსთვის თემურ ნოზაძემაც (60) იჭიდავა, მაგრამ საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა. ბიჭებში ჩავარდნა მხოლოდ 100 კილოში გვქონდა, სადაც ონისე სანებლიძემ და ლაშა ტაველურმა მხოლოდ თითო შეხვედრა მოიგეს, 66-73-ში კი არ გვყავდა მონაწილენი.
ქალთა ტურნირში ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (52) ორი შეხვედრა მოიგო – გვინეა-ბისაუე ტაციანა ცეზართან და კანადელ ეკატერინა გუიკასთან წმინდად იმარჯვა, მერე კი იაპონელთა მომავალ ჩემპიონ მაცუმი ცუნოდასთან დამარცხდა. სანუგეშოში ერთ ბელგიელს – ამბერ რიჰელს კი მოუგო, მაგრამ ბრინჯაოსთვის პაექრობა უფრო ძლიერ ბელგიელთან, ევროპის ორგზის ჩემპიონთან, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტ ჩარლინ ვან სნიკთან დათმო და მეხუთეზე გავიდა, თუმცა სალიცენზიო ქულების მხრივ მაინც საკმაოდ იხეირა.
მარიამ ჭანტურიამ (70) ზაგრებში ერთი შეხვედრა მოიგო, ნატალია ყიფშიძე (48) და სოფიო სომხიშვილი (+78) კი პირველივე პაექრობებში დამარცხდნენ.
წყარო: lelo.ge