(ვიდეო) „ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული“ – ინტერვიუ მამუკა გორგოძესთან

672

საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე რაგბიდან მიდის, თანაც ისე, რომ მსოფლიო პანდემიის გამო, გამოსამშვიდობებელ მატჩშიც ვერ ვიხილავთ.

საფრანგეთის რაგბის კავშირმა მთავრობასთან შეთანხმებით, მიმდინარე სპორტული ღონისძიებების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ 35 წლის მორაგბემ TOP 14-ში უკანასკნელი შეხვედრა 2019 წლის 30 ნოემბერს, პოსთან გამართა.

მაშინ ის ტრავმამ შეაჩერა, რომელიც ახლა აღარ აწუხებს, მაგრამ საქმეში COVID19 ჩაერია და მამუკას ბოლო თამაშებით სიამოვნების მიღების შესაძლებლობა არ მოგვცა.

გორგოძემ ბორჯღალოსნების კვართით 75 მატჩი ჩაატარა და 27 ლელო დადო. ის საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი, 6-გზის საუკეთესო მორაგბე და მრავალი გამოცემის სიმბოლური ნაკრებების წევრია, ევროპის წამყვან საკლუბო ტურნირებში (TOP 14, ჩემპიონთა თასი, ჩელენჯ ქაფი) კი 300-მდე მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 44 ლელოა.

'ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული' - ინტერვიუ მამუკა გორგოძესთან

რაგბის კავშირი: სამწუხაროდ, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის TOP 14 აღარ განახლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მამუკა გორგოძემ მოთამაშის კარიერა დაასრულა. ჩვენ ეს გარდაუვალი ამბავი სხვაგვარად წარმოგვედგინა, მოედანი, უამრავი ხალხი, ტაში და სიყვარულით გაცილება…

მამუკა გორგოძე: მეც ასე წარმომედგინა, მაგრამ არაუშავს. ძალიან ბევრი ტაში და სითბო მაქვს მიღებული გულშემატკივრისგან და თუ ბოლო ტაში არ იქნება, განსაკუთრებით ასეთ სიტუაციაში, ამით არაფერი დაშავდება. მე მათ გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობდი და ამ სიყვარულს ახლაც ვგრძნობ.

რაგბს, საყვარელ საქმეს მთელი 20 წელი მიუძღვენით. ალბათ, ძალიან ძნელია კარიერის ასე დასრულება.

რა თქმა უნდა ძნელია, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ახლა ბოლომდე კიდევ ვერ ვხვდები და როგორც მეუბნებიან, ნებისმიერი სპორტსმენისთვის ძნელია მეორე ცხოვრებაზე გადართვა.

რა მოგცა რაგბმა?

ყველაფერი! ხალხის და ქვეყნის სიყვარული, რაც უმთავრესია. კლუბსა თუ ნაკრებში რაგბს პირნათლად ვემსახურე და მაქვს ის სიყვარული, რაც ყველაზე ძნელი მოსაპოვებელია. ყველაზე მთავარი სწორედ ესაა. რაგბმა შემძინა ძალიან ბევრი დადებითი თვისება. შევიძინე უამრავი მეგობარი, როგორც ქართველი, ასევე სხვა ეროვნების, რაც მთელი ცხოვრება გამყვება.

რა არის ის, რაზეც ყველაზე მეტად გწყდება გული და რისი მიღწევაც ვერ შესძელი კარიერის განმავლობაში?

ამ საკითხზე ბევრჯერ მიფიქრია და გულის წყვეტა არ მაქვს. რა თქმა უნდა, არის წაგებული თამაშები, რაზეც არაერთხელ დამწყვეტია გული და მინდოდა რომ მომეგო, მაგრამ არაფერზე მაქვს საწუწუნო. მიფიქრია, უკან რომ დამაბრუნა, რა შეიძლებოდა შემეცვალა და პირიქით პასუხამდე მივსულვარ – არ ვიცი, უკან რომ დავბრუნდე, მოვალ თუ არა ამ შედეგამდე.

ვარ ამაყი და თავაწეული, რადგან წარმატებებთან ერთად, ნებისმიერი სპორტსმენისთვის სანუკვარი რამ, ხალხის სიყვარული მოვიპოვე. სულ ვამბობ, რომ სპორტსმენისთვის გამართლება უმნიშვნელოვანესია და როგორც ჩანს ღმერთს ვუყვარვარ, რადგან ბევრჯერ გამიმართლა და ჩემი კარიერაც გარკვეულწილად ამ გამართლებების შედეგია.

'ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული' - ინტერვიუ მამუკა გორგოძესთან

რა იყო ყველაზე დიდი გამართლება, რამაც ამ დონის მორაგბედ გაქცია?

თუნდაც ის, რომ კარგ დროს კარგ გუნდში მოვხვდი. როდესაც აღმავლობის პერიოდი მქონდა, პატარა ტრავმაც არ მიმიღია. იყო წლები, TOP 14-ში, როგორც ფრანგები ამბობენ ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი მოთამაშე ვიყავი ანუ ყველაზე მეტს ვთამაშობდი. სწორედ ესაა გამართლება. იყო შემოთავაზებები სხვა გუნდებიდან, მაგრამ მონპელიეში დავრჩი და იქ ხალხის დიდი სიყვარული მოვიპოვე. კარიერული წინსვლისთვის მონპელიეში გატარებული წლები უმნიშვნელოვანესი იყო. საჭირო დროს გადავედი ტულონშიც. ბოლოს ასაკი მქონდა ისეთი, რომ გარდაუვალი იყო ტრავმები. ვფიქრობ, პროფესიონალი სპორტსმენისთვის, განსაკუთრებით იმ სტილისთვის, რასაც მე ვთამაშობდი, მინიმალური ტრავმები მივიღე. სულ 3 ოპერაცია მაქვს გაკეთებული.

ყველა ვთანხმდებით, რომ მამუკა გორგოძე ქართული და მსოფლიო რაგბის მოვლენა იყო. რა იყო ამ მოვლენის საფუძველი – ნიჭი, შრომა, მიზანსწრაფულობა, გამართლება…

ყველაფერი ერთად. ხალხის სიყვარულის თავი და თავი ალბათ ისაა, რომ ჩემი თამაშის სტილი მოწონდათ, თორემ სხვაც ბევრია ჩემი დონის მოთამაშე. მე 20 წელი ამ სტილში ვთამაშობდი და ეს, არასდროს გამიკეთებია პუბლიკის მოსახიბლად.

მამუკა გორგოძე ასოცირდება უზარმაზარ ძალასთან და ემოციასთან. შენს თამაშში რა უფრო მეტი დოზით იყო, ძალა თუ ემოცია?

ძალას თანდართული ემოცია. თუ შენი საქმე ემოციურად არ გააკეთე და ბოლომდე არ დაიხარჯე, არაფერი გამოგივა. რამდენსაც გინდათ, იმდენ შეხვედრას გავიხსენებ, რომ კარგი თამაში არ მქონია, მაგრამ არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ მოედანზე გავსულიყავი და თავი დამეზოგოს. არავის ვუკითხავ მორალს და მხოლოდ ჩემს თავზე ვსაუბრობ – საშუალოდ არ გამოდის, როდესაც მოედანზე გადიხარ ბოლომდე უნდა დაიხარჯო და თამაში გამოგივა თუ არა, ხალხი მაინც შეგაფასებს.

ისინი აუცილებლად ხედავენ, ვინ ინდომებს და თამაში არ გამოსდის და ვის მონდომება აკლია. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ ინდომებ და უბრალოდ იმ დღეს არ გამოგდის, მაინც კმაყოფილია, რადგან ადამიანები ვართ და ყოველთვის ყველაფერი არ გამოგივა.

ნებისმიერი თამაშის დასაწყისს თუ შევხედავთ, სახეზე გაწერია რა განწყობით გადიოდი მოედანზე. როგორ მოდიოდა ეს განწყობა?

ვცდილობდი, ეს სულ გამეკონტროლებინა, მაგრამ მოედანზე რომ გადიხარ სხვანაირი ხდები… არ მიყვარს მოედანზე ზედმეტი ჟესტების და ემოციების გამოხატვა და ვცდილობდი, სულ გამეკონტროლებინა, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებდი. ეს შინაგანად მოდის, რასაც ვეღარ მოთოკავ.

მოდით გავიხსენოთ შენი კარიერის გამორჩეული თამაშები, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე.

საკლუბო დონეზე უპირველესად მახსენდება ბარსელონაში, “კამპ ნოუზე” 110 ათასი გულშემატკივრის წინაშე ჩატარებული ფინალი (2016 წლის 24 ივნისი, 21:29 რასინგ 92-თან). პირადად მე კარგად ვითამაშე, ლელოც გავიტანე. აი ამ თამაშზე შეიძლება ითქვას, რომ გული დამწყდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მეტოქე თავიდანვე 14 კაცით დარჩა, 30-ე წუთისთვის 8 ქულას ვიგებდით, ჩემპიონობამდე თითქოს ბევრი არაფერი გვაკლდა და პირველად უნდა მომეგო საფრანგეთის TOP 14, მაგრამ სასწაული მოხდა და წავაგეთ.

მანამდე იყო 2011 წლის ფინალი მონპელიესთან ერთად, გამოუცდელი ბავშვები, გუნდი, რომელშიც არანაირი ვარსკვლავი არ თამაშობდა და მანამდე სულ მე-12-მე-13 ადგილებზე გადიოდა… ფინალში გავედით და თამაშის წინ მოგვდიოდა მესიჯები – თქვენ მაგარი ბიჭები ხართ, სასწაული მოახდინეთ, მაგრამ ტულუზთან შანსი არ გაქვთ და ალბათ 30-40 ქულას წააგებთ, მაგრამ ამაზე არ ინერვიულოთ, არაუშავს… 71-ე წუთამდე ამ თამაშს ვიგებდით და დასკვნითი 9 წუთი ვერ გავძელით… აი ეს ორი მატჩი მახსენდება ყველაზე მეტად, რომლებზეც გული დამწყდა.

'ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული' - ინტერვიუ მამუკა გორგოძესთან

რაც შეეხება დადებით ემოციებს, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზეა ტონგასთან 2015 წლის მსოფლიო თასზე გამარჯვება. მე არასდროს ვყოფილვარ ცალკეული მორაგბე, ყოველთვის გუნდური მოთამაშე ვიყავი და ყველაზე დიდი ემოცია სწორედ ამ თამაშს უკავშირდება. და მეორე, კვლავ ამ მსოფლიო თასზე, ჩემს საყვარელ, შესანიშნავ სტადიონ მილენიუმზე ახალ ზელანდიასთან 30 ქულით წაგებული შეხვედრა, სადაც პიროვნულად გამომარჩიეს და ასეთი დონის ვარსკვლავების ფონზე, მატჩის საუკეთესო მორაგბედ დამასახელეს.

როგორ გაიხსენებ ნაკრების კვართით ჩატარებულ პირველ შეხვედრას, 2003 წელს ესპანეთის ნაკრებთან და რას ნიშნავდა შენთვის საქართველოს ნაკრების სახელით თამაში?

პირველი სანაკრებო თამაში თბილისში, ესპანეთის ნაკრებთან გვქონდა და კინაღამ დებიუტი ჩამეშალა. თოვლი იყო, მაშინ ახალგაზრდული ნაკრების ბიჭებმა მაგრად იმუშავეს, თოვლი გაწმინდეს და მეც 10 წუთი შეცვლაზე ვითამაშე. როდესაც ნაკრების სახელით თამაშობ, იქ უკვე შენ თავს აღარ ეკუთვნი.

ისეთი ემოციები მოდის, ცოტა თავი თუ არ მოთოკე, შეიძლება ცუდადაც დაამთავრო. არა მარტო ჩემთვის, ან ქართველებისთვის, ყველა მორაგბისთვის განსაკუთრებული მომენტია საკუთარი ქვეყნის ნაკრების სახელით თამაში. მინდა, რომ ეს ემოციები ბოლომდე დარჩეს და ნებისმიერი მორაგბისთვის ეროვნული ნაკრების კვართით თამაში ყოველთვის პირველ ადგილზე იყოს.

ფრანგული კარიერის განმავლობაში, რომელ მწვრთნელთან მუშაობით იღებდი ყველაზე დიდ სიამოვნებას?

ისეთი იმიჯი მქონდა, საფრანგეთში ყველა მწვრთნელი პატივისცემით მექცეოდა. აქ ისე ხდება, რომ ცოტა ეშმაკობაც საჭიროა და ხანდახან შესაძლოა სულაც არ გეცინებოდეს, მაგრამ ხათრით უნდა გაიცინო. ასეთი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მოთამაშემ აუცილებელია იცოდეს ერთი რამ – ეთანხმები თუ არ ეთანხმები, მწვრთნელია და მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცე. არცერთი მოთამაშე არ იქნება მართალი, ვინც მწვრთნელს შეელაპარაკება. გუნდში 40-50 მორაგბეა და წარმოიდგინეთ ყველამ თავისი სიმართლის ახსნა რომ დაიწყოს, რა მოხდება. თუ რამეში არ ეთანხმები, შეგიძლია ცალკე დაელაპარაკო. დისციპლინა უმნიშვნელოვანესია. ტექნიკურად რომ შევხედოთ, გალტიე ძლიერი მწვრთნელი იყო მონპელიეში, მაგრამ არა – ტულონში.

'ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული' - ინტერვიუ მამუკა გორგოძესთან

ჩემს წარმატებაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ლევან მაისაშვილს, რომელთანაც რაგბს ვეზიარე და რომელიც დღეს ჩემი მეგობარია. ის ყველაფერს აკეთებდა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველა მოთამაშისთვის. მაშინ ქვეყანაში გაჭირვება იყო და მორაგბეები სავარჯიშოდ საკუთარი მანქანით დაყავდა, თვითონ იყო ექიმიც. ის დღემდე არ კმაყოფილდება თავისი მიღწევებით და სულ ცდილობს განვითარდეს, სადმე წავიდეს, აითვისოს სიახლეები. სწავლისთვის მისი კარი მუდამ ღიაა და ის საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.

მონპელიესა და ტულონში არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავის მხარდამხარ გითამაშია.

ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ახლო ურთიერთობა ფაქტობრივად არავისთან მქონია. ყველა პატივისცემით მექცეოდა, იმიტომ, რომ მეც პატივისცემით ვექცეოდი და არც ზედმეტ ურთიერთობაში შევდიოდი. ასეთი ვარსკვლავების, ადამიანების სიძლიერე და სიდიდე იმაში გამოიხატება, რომ არასდროს უჭირავთ თავი მაღლა. ტულონში რომ გადმოვედი, ვფიქრობდი, რომ განსხვავებულ გარემოში მოვხდებოდი, მაგრამ მათ ყველასთან, პატარა ბიჭებთანაც უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ, ხუმრობდნენ, ერთობოდნენ, მეგობრობდნენ, არავის აგრძნობინებდნენ, რომ ვინმეზე მეტი, ან უკეთესები იყვნენ. სწორედ ამიტომ იყვნენ და არიან ვარსკვლავები!

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუსას განაცხადა, რომ მამუკა გორგოძის გაცილების თამაში იქნება ის, რომელსაც თავად აირჩევსო. როგორია თქვენი არჩევანი?

როგორ ავირჩიო, როდესაც ჯერ არ ვიცით რა და როგორ იქნება და მე კარიერას ვასრულებ. გარდა ამისა, რამდენჯერ უნდა გამაცილოს ხალხმა? (იცინის). ხომ იტყვიან რით ვერ მოვიშორეთ ეს კაციო. არც ხიბლში ვარ ჩავარდნილი და მაინცდამაინც ტაში არ არის საჭირო. თუ ვიქნები ფორმაში და იქნება ამის შესაძლებლობა… ვნახოთ, როგორ გამოვა. ახლა ისეთ ფორმაში ვარ, ნებისმიერ დონეზე ვითამაშებდი. რასაც გვაძლევენ იმ პროგრამაზე მეტს ვვარჯიშობ, მაგრამ არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ამბავი და როდის განახლდება თამაშები.

საფრანგეთს ჩემპიონატი აღარ განახლდება, კარიერა ფაქტობრივად დაასრულე და “ზედმეტს” ვარჯიშობ?

ამაში ძნელი არაფერია! მე ამ გუნდს ვეკუთვნი კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ ივნისის ბოლომდე. კი, სახლში ვზივართ და შემცირებულ ანაზღაურებას ვიღებთ, მაგრამ მართალი უნდა იყო შენს თავთან. გარდა ამისა, ვარჯიშით სიამოვნებას ვიღებ და შაბათ-კვირასაც ვვარჯიშობ.

რჩევებითა და დარიგებებით არაერთი ქართველი მორაგბე დაგიყენებია სწორ გზაზე და რას ურჩევ იმ ახალგაზრდა, დამწყებ მორაგბეებს, რომელთაც დიდი გზა აქვთ გასავლელი?

რაც მათზეა დამოკიდებული, მაქსიმუმი გააკეთონ! იქნება ბევრი იმედგაცრუება, კარგი მომენტები. არც ამ კარგმა მომენტებმა უნდა შეგცვალოს, არც იმედგაცრუებამ და არც ტრავმამ უნდა დაგაბრკოლოს. არ უნდა შეეშვა, უნდა გადადო თავი და წარმატება აუცილებლად მოვა!

წყარო: popsport.ge

SHARE