ინტერვიუ ვრცელია, მაგრამ იმდენად საინტერესოა, იმედია, უკმაყოფილო არ დარჩებით…
ლექსი დარასელიაზე
– ეს ამბავი ძალიან კარგად მახსოვს. ისეთი ბედნიერი ვიყავი, დავწერე ლექსი ვიტალი დარასელიაზე, რომელმაც 13 მაისს გამარჯვების გოლი გაიტანა. 7 წლის ვიყავი და თამაშს ჩემს ძმებთან, მშობლებთან და მათ მეგობრებთან ერთად ვუყურებდი. სამწუხაროდ, უფროსები მოგების აღსანიშნავად ჩვენს გარეშე წავიდნენ. თბილისში ისეთი ამბავი მოხდა, რომ ბავშვები სახლში დაგვტოვეს!..
– იმ ამბებიდან 20 წლის შემდეგ, თქვენ თბილისში “კარლ ცაისი” ჩამოიყვანეთ. ეს როგორ მოხდა?
– ეს ძმები არველაძეების ფონდის პირველი პროექტი იყო. ამით მადლობა გადავუხადით ჩვენს კერპებს იმ სიხარულისთვის, რაც მათ მოგვიტანეს. დავით ყიფიანმა თავდაპირველად უარი თქვა თამაშზე, ფეხები სტკიოდა. მაგრამ მაინც დავარწმუნეთ, რომ 15-20 წუთი ეთამაშა. ვიტალი დარასელიას ნაცვლად კი, რომელიც ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მისმა შვილმა ითამაშა…
მე მინდოდა არა მხოლოდ სადღესასწაულო სუფრის გაკეთება, არამედ საქართველოს ლეგენდები იმ დიდებულ წუთებში ცოტა ხნით მაინც დაგვებრუნებინა. 50 ათასი ადამიანი შეიკრიბა. ჩვენ შევეცადეთ 1981 წლის ფინალის აღდგენას და გვინდოდა არა მხოლოდ “კარლ ცაისის” ფეხბურთელების ჩამოყვანა, არამედ, იტალიელი მსაჯის რიკარდო ლატანცისაც, მაგრამ… 2001 წელს ის უკვე 10 წლის გარდაცვლილი იყო.
– თქვენი მშობლები ექიმები არიან. რა რეაქცია ჰქონდათ, სამივე ვაჟი რომ ფეხბურთელი გახდით?
– 18 წლამდე მამაჩემიც თამაშობდა ფეხბურთს. სხვათა შორის, ის ძალიან ტექნიკური იყო, მაგრამ ფეხბურთს მუხლზე ტრავმის გამო შეეშვა და აკადემიკოსი გახდა. ის უფრო ლოიალური იყო ჩვენი გატაცებისადმი, დედა და ბაბუა კი ამბობდნენ – ფეხბურთი არ არის პროფესია, უნდა ისწავლოთო!.. ბევრი კამათი იყო, მაგრამ საბოლოოდ მე და ჩემმა ძმებმა უნივერსიტეტი დავამთავრეთ (რეზომ ქიმიის ფაკულტეტი, ხოლო არჩილმა და მე – ეკონომიკის), მაგიდაზე დიპლომები დავდეთ და 100 პროცენტით ფეხბურთზე გადავერთეთ.
მას შემდეგ მაისურა არავისთვის მითხოვია…
– თურქეთში, მეორე ადგილზე ორჯერ გახვედით. 1996 წლის სეზონში ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდით. მაშინ “დეპორტივო” გიწვევდათ, რომელიც იმ დროს ძალიან ძლიერი გუნდი იყო. რატომ თქვით უარი?
– თასების თასზე თამაშის შემდეგ, “დეპორტივოს” სურდა არჩილის და ჩემი აყვანა, მაგრამ მას ჯვარედინი იოგები დაუზიანდა, ოპერაცია გაიკეთა და თითქმის 6 თვე გაუცდა. ესპანელები მოლაპარაკებებისთვის 1996 წლის მაისის ბოლოს ჩამოფრინდნენ, როცა “აიაქსი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში “იუვენტუსს” ეთამაშებოდა. ნაშუადღევს შევხვდით და დარწმუნებული ვიყავი, რომ საღამოს მატჩს ვუყურებდი, მაგრამ… მთელი 10 საათი ვისხედით მოლაპარაკებებზე და მაინც ვერ მოვილაპარაკეთ.
მათ მხოლოდ ჩემი აყვანა სურდათ. მაგრამ მე აჩის მარტო და ხელჯოხით დატოვება არ შემეძლო. “ტრაბზონთან” ჩვენი კონტრაქტი დასრულდა და მე რომ “დეპორტივოში” წავსულიყავი, ჩემი ძმა საქართველოში დაბრუნდებოდა, სადაც ნორმალური მკურნალობა ძალიან რთული იყო. ესპანელებს ვთხოვე, აჩიც წაეყვანათ და თანხის გადახდა მას შემდეგ დაეწყოთ, როცა მოედანზე დაბრუნდებოდა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. მე ვუთხარი: “თუ არ წაიყვანთ ჩემს ძმას, არც მე წამოვალ-მეთქი. მათ გაუკვირდათ – “დეპორი” ხომ მაშინ ლა ლიგის ლიდერებში იყო…
– მოგვიანებით ნემსაძე “მანჩესტერ სიტიდან” “ტრაბზონში” როგორ გადაიბირეთ?
– მე არ გადამიბირებია. ის “სიტიში” ქინქლაძესა და ყაველაშვილთან წავიდა, ხელშეკრულებაზე ხელმოწერა თითქმის შეთანხმებულიყო იყო, მაგრამ ბოლო მომენტში გადასვლა ვერ მოხერხდა. გულდაწყვეტილი გია ფრანკფურტში ჩამოვიდა, სადაც “ტრაბზონის” შეკრება იყო და მთხოვა, რეკომენდაცია გამეწია ჩვენს მწვრთნელ შენოლ გიუნეშთან. ის ნემსაძეს კარგად იცნობდა და სიამოვნებით აიყვანა. შემდეგ გოჩა ჯამარაულიც მოვიდა…
– რომელი იყო ნაკრებში ყველაზე ემოციური გამარჯვება?
– 1996 წლის ევროშესარჩევში გიგზის უელსი და ძლიერი ბულგარეთი დავამარცხეთ, რომელმაც მცირე ხნით ადრე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა… ყველა ფიქრობდა, რომ არაფერი შეგვეძლო და ჩვენი გამარჯვებები ძალიან გაუკვირდათ. ბულგარელებთან 2:1-ის შემდეგ, “ბარსას” ვარსკვლავ სტოიჩკოვს მაისურა ვთხოვე, მაგრამ მან ხელით გამწია და წავიდა… უხერხული ვითარება იყო… მას შემდეგ ასეთი თხოვნით არავისთან მივსულვარ. მოგვიანებით, ხრისტოს კიდევ არაერთხელ შევხვდი, მაგალითად, ბერბატოვის გამოსამშვიდობებელ მატჩში, მაგრამ ის ამბავი აღარ გავახსენე.
აიაქსის პირველივე ვარჯიშზე ბუცები დამავიწყდა
“ქინქლაძე მართლაც ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავი იყო, მაგრამ მაშინ პრემიერლიგა პოპულარობით სერია A- სა და ლა ლიგას ჩამორჩებოდა. თანაც “მანჩესტერ სიტი” მეორე დივიზიონში დაქვეითდა. შოთას ახალი კლუბი კი “აიაქსი” იყო, რომელიზეც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ ორი წელი გადიოდა. ამიტომ საქართველოში არც კი დაუჯერებიათ, რომ არველაძე ჩაანაცვლებდა კლუივერეტს, რომელიც “მილანში” გაემგზავრა. “პირველ გუნდში აგიყვანეს თუ მეორეში?” – ერთმა ჟურნალისტმა ესეც კი ჰკითხა, როცა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ შოთა თბილისში ჩაფრინდა”, – წერს გამოცემა.
– ისე ვნერვიულობდი, “აიაქსთან” პირველ ვარჯიშზე ბუცების წაღება დამავიწყდა. გასახდელში ვიჯექი ჩაცმული და ფეხშიშველა. აღიარება მერიდება. ვფიქრობ – “შე სულელო, “აიაქსში” მიდიხარ და რა ჯანდაბად გინდა ქურთუკი, ჩანთა, საფულე, მანქანა. უკეთესი იქნებოდა, ბუცები წამოგეღო”!.. რონალდ დე ბური მიხვდა: “დაგავიწყდა?” “დიახ, ასე მოხდა”… მეკითხება – “რა ზომა გინდა?” – “რვანახევარი”. ადგა და თავისი ბუცები მომიტანა. მე და რონალდი დღემდე ახლო მეგობრები ვართ…
მწვრთნელშიც გამიმართლა. მოლტენ ოლსენმა 10 ენა იცის. წარსულში მცველი იყო, მაგრამ შეტევა უყვარდა. ჩემს პირველ ჰოლანდიურ სეზონში ჩემპიონატში 112 გოლი გავიტანეთ. საინტერესოა, რომ სეზონის დასაწყისში, ცხოვრებაში პირველად, ვითამაშე ჩემი ძმის წინააღმდეგ, რომელიც მაშინ “ბრედაში” გამოდიოდა. იქიდან აჩი გაემგზავრა “კიოლნში”, უჩვეულო ამპლუაში, მარცხენა ნახევარმცველის როლში 9 გოლი გაიტანა, მაგრამ შემდეგ მუხლის პრობლემამ შეახსენა თავი და ოპერაციის შემდეგ თითქმის არ უთამაშია. მკურნალობით გაწამებულმა კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულა.
1998 წლის შემოდგომაზე, მუხლი მეც ვიტკინე – “ოლიმპიაკოსთან” თამაშის დროს. ოპერაცია არ გავიკეთე, რადგან მუხლი ისეთ ადგილას დამიზიანდა, რომელსაც მაშინ ვერ კურნავდნენ… რამდენიმე თვე ვიწვალე და მოედანს დავუბრუნდი. მაშინ ოლსენი იან ვოუტერსმა შეცვალა…
განაწყენებული ქინქლაძე წავიდა, არადა, განაცხადში იყო…
– “აიაქსში” ქინქლაძემ მის გამო ვერ ითამაშა?
– დამნაშავე თავად იყო. “სიტის” ლიდერი იყო, მაგრამ “აიაქსში” ლიტმანენი იყო და ამის გამო გიო ფლანგზე გასწიეს. იქ თამაში არ წაუვიდა და ინგლისში დაბრუნებაზე ოცნებობდა. ჰოლანდიურის გაკვეთილებსაც აცდენდა, რისთვისაც ორჯერ დააჯარიმეს. შემდეგ იყო “ვიტესთან” მატჩამდე შემთხვევა. ქინქლაძეს 3 თვე არ ჰქონდა ნათამაშები და ვარჯიშის დასრულების შემდეგ ძირითადი შემადგენლობის სიას არც შეხედა. მეორე დღეს გასახდელში რომ შევედი, ჩემი სკამის გვერდით დავინახე გიოს 11-ნომრიანი მაისურა, თავად კი იქ არ იყო. დარწმუნებული იყო, რომ არ ათამაშებდნენ, სტადიონზე წამიყვანა, თავად კი სასეირნოდ წავიდა.
ვურეკავ. არ მპასუხობს. ტელეფონი დაავიწყდა. მე ვფიქრობ: “რა უბედურებაა”! სანდი ოლისეს მანქანის გასაღები ავიღე და ქალაქში მეგობრის მოსაძებნად წავედი. მატჩამდე 6 საათი რჩებოდა. მაინც ვერ ვიპოვე და ამასობაში გუნდურ სადილზე 10-15 წუთი დამაგვიანდა. ამის გამო, ვოუტერსმა განაცხადიდან ამომშალა.
ავფეთქდი! – “სრულ ჭკუაზე ხართ? ქინქლაძეს ჰოლანდიური გაკვეთილები 150-ჯერ შეახსენეთ და ხომ შეიძლებოდა, ერთხელ გაგეფრთხილებინათ, სამ თვეში პირველად რომ ათამაშებდით. ახლა მის მოსაძებნად წავედი და სადილზე დავიგვიანე და არა თამაშზე”!..
მეორე მწვრთნელ ბობი ჰარმსს მივუბრუნდი – ლეგენდას, რომელიც გუნდში 40 წელი მუშაობს: “ბობ, ეს უსამართლობაა”. მეგობრები თქვენც გყავთ, უნდა გამიგოთ. ის ვოუტერსს ესაუბრა, მან დამინდო და განაცხადში შემიყვანა.
– შემდეგ რა მოხდა?
– ანგარიში 1:1 იყო, როცა დამიძახა – “დღეს მე შენთვის რაღაც გავაკეთე. ახლა შენ გააკეთე ჩემთვის”. გამეღიმა: “პირადად შენ ჩემთვის არაფერიც არ გაგიკეთებია”. მაგრამ ასეთ შემთხვევებში მე ყოველთვის იღბლიანი ვიყავი და გამარჯვების გოლი გავიტანე.
შემდეგ ვითამაშე “რეინჯერსში”, სადაც ვოუტერსი დიკ ადვოკაატს ეხმარებოდა, ხოლო 10 წლის შემდეგ “ქასიმფაშაში” ჩემი ასისტენტი გახდა. დავმეგობრდით. ქინქლაძის ინციდენტთან დაკავშირებით მან გაიმეორა: “თქვენ უნდა იყოთ პროფესიონალი და საკუთარ თავზე უნდა იყოთ ფოკუსირებული, და არა აქეთ-იქით სირბილზე”. მე და ქინქლაძე ძმებივით ვართ, თითქმის ერთი ოჯახი ვართ, მე ვარ მისი შვილის ნათლია… სანამ ამას აუხსნი, პირველი ტაიმი დასრულდება.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ თავად გიო მითხრა: “რას მეძებდი? დამავიწყდა ტელეფონი”! მოდი და ეძებე ამის შემდეგ მთელ ამსტერდამში მეგობარი. მაგრამ მე ის მაინც მიყვარს!..
…”უემბლიზე” ინგლისთან 0:2 წავაგეთ. შემდეგ, ლონდონში გავიარეთ. ქინქლაძესთან დავნაძლევდით – პირველს რომელ ჩვენგანს იცნობდნენ, წაგებული 15-კაციან სუფრას იკისრებდა. ქინქლაძე მაშინ ინგლისში ვარსკვლავი იყო, მაგრამ აჩის ვთხოვე – 10 მეტრის მოშორებით დადექი და ხმამაღლა დამიყვირე-მეთქი. ლონდონში ბევრი თურქია, ჩემი სახელის გაგებაზე, მაშინვე მიცნეს და ფოტოების გადასაღებად მოირბინეს. მადლობა მათ ამისთვის. ქინქლაძე ამ ხრიკით დავამარცხე!..
პოკერს კარგად ვთამაშობ, მაგრამ ლაუდრუპი ხშირად მიგებდა
– თქვენი გამოსამშვიდობებელი მატჩის შემდეგ, “აიაქსში” თქვენმა პარტნიორმა მიკაელ ლაუდრუპმა თქვა: “მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან დატვირთული ვარ, ასეთ მატჩს ვერ გამოვტოვებდი. როგორ შეიძლებოდა უარი ვუთხრა არველაძეს!.. ის ჩემთან პოკერს ყოველთვის აგებდაო”...
– პოკერს მეც კარგად ვთამაშობ, მაგრამ ის მართლაც ხშირად მიგებდა. ორივე ლაუდრუპი ფენომენალური ფეხბურთელი იყო, განსაკუთრებით მიკაელი. რამდენი მშვენიერი პასი მომცა!.. ძალიან მეწყინა, როცა “აიაქსი” დატოვა.
– თქვენ ლიტმანენს ცარიელ კარში პასით დაემშვიდობეთ...
– “აიაქსის” ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე კლუბში ბოლო მატჩს ატარებდა და სხვაგვარად არ შემეძლო! ბოლო წუთზე მეკარე ვან დეიკი მოვატყუე, იარი დაინახე და პასი მივაწოდე – არაფერი განსაკუთრებული!
სამი დღე პოლიციის განყოფილებაში და აკრძალული თამაში
– რას გრძნობდით, როცა საგადასახადო საჩივრის გამო დაგაპატიმრეს?
– დაკითხვები სტრესია. პოლიციის განყოფილებაში 3 დღე გავატარე. თავიდან დამკითხეს ინგლისურად, შემდეგ რუსული ენის თარჯიმანის დახმარებიით. შემდეგ რთული კითხვები წავიდა და ქართველი თარჯიმანი მოვითხოვე. “სად ვიპოვნოთ ასეთიო?”. “რუსულის მცოდნე მონახეთ და ახლა ქართულისაც მოძებნეთ, თუ არა და, გამიშვით-მეთქი”… ნახეს ერთი ქართველი. მე ვთხოვე – დაურეკე ჩემს ახლობლებს, რომ არ ინერვიულონ. უარი მითხრა, უფლება არ მაქვსო.
– ადვოკატი “აიაქსმა” დაგიქირავათ?
– მე თვითონ დავიქირავე, ლეო სპიხტა – ძალიან მაგარი კაცი! გრძელი ამერიკული მანქანით დადიოდა. მან სწრაფად გამათავისუფლა და შემეშვნენ. სხვა საქმეა, “აიაქსთან” რომ მრავალი წლის განმავლობაში ფინანსური დავა მქონდა.
– “აიაქსმა” ადრიაანსეს თქვენი თამაში უკრძალა, სანამ ხელშეკრულებას არ განაახლებდით?
– დიახ, ასე იყო. გუნდის ლიდერი ვიყავი და “სელტასთან” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშისთვის ვემზადებოდით. “რომასთან” და “ლივერპულთან” ამხანაგურ მატჩებში მხოლოდ ბოლოს მათამაშა. მაგრამ ორივეჯერ გავიტანე. მივხვდი: აქ რაღაც კარგად არ იყო. შემდეგ ადრიაანსემ სატელევიზიო ინტერვიუში აღიარა: “შოთას დაყენება მანამდე მაქვს აკრძალული, სანამ ხელშეკრულებას არ განაახლებსო”. ჟურნალისტებმა დამირეკეს, მაგრამ მწვრთნელის სიტყვებს ვერაფერს ვამატებდი. მალე “რეინჯერსში” გამყიდეს.
– …და იქ შონ კონერის შეხვდით?
– ჩემპიონთა ლიგაზე “სპარტასთან” მატჩამდე ჩვენს ვარჯიშზე მოვიდა, რადგან გადაღებები პრაღაში ჰქონდა. რონალდ დე ბურმა თქვა: “მე ვნახე ბოლო ფილმი. ნაგავი იყო”. შონმა უპასუხა: “ესაა ამერიკა. მთავარი მოგებაა. ფილმმა 50 მილიონი შეაგროვა”. ყველაფერი რაღაცნაირად დამშვიდდა და სიტუაცია განვმუხტე: “შონ, უყურე დე ბურის ბოლო მატჩს? ნაგავი იყო”.
მეგონა, ვან გაალი დამსჯიდა…
– ჰოლანდიაში რატომ დაბრუნდით?
– “რეინჯერსთან” ძალიან სერიოზული კონტრაქტი მქონდა, შემომთავაზეს გახანგრძლივება, მაგრამ მუხლი მტკიოდა და კლუბის რისკის ქვეშ დაყენება არ მინდოდა. ეს არ იქნებოდა კაცური საქციელი. “რეინჯერსი” ჩემმა გულწრფელობამ გააკვირვა და პირობა დადეს, თუ ოპერაციის შემდეგ წესრიგში ვიქნებოდი. ხელშეკრულებას ისევ შემოთავაზებდნენ…
დავბრუნდი, ბოლო 10 ტურში 8 გოლი გავიტანე, ჩემპიონები გავხდით, მაგრამ მათ შემომთავაზეს სრულიად განსხვავებული კონტრაქტი – 65 პროცენტით ნაკლები. ეს დამოკიდებულება არ მომეწონა და “აიაქსის” მწვრთნელ დენი ბლინდს დავურეკე. მან მითხრა, რომ სურდა, კარიერა მის კლუბში დამესრულებინა. ჩემზე ხელმძღვანელობას ესაუბრა, მაგრამ მათ უპირატესობა შვედ როზენბერგს მიანიჭეს. შემდეგ ლუის ვან გაალმა დამირეკა და “ალკმაარში” მიმიწვია.
– თქვენი თანამშრომლობა როგორ დაიწყო?
– პირველივე ვარჯიშზე დამეძინა და გამოვტოვე. ველოდებოდი მის კრიტიკას ან ჯარიმას, მაგრამ მკითხა: “გამოიძინე?” – “დიახ”. – “კარგი”. ასეთი მწვრთნელია. მითხრა: “ზოგჯერ დასვენება უკეთესია, ვიდრე ვარჯიში. თუ დაიღალე, დაისვენე”.
– როგორი რეაქცია გქონდათ ვან გაალის წინადადებაზე, რომ “ალკმაარის” ახალ სტადიონზე ხელოვნური საფარი დაეგოთ?
– მეზიზღებოდა სინთეტიკა. მის შემდეგ, ყველაფერი მტკივა – ზურგი, სახსრები… მახსოვს, ვან გაალთან ერთად ვიჯექი პრესკონფერენციაზე. მან ხელოვნური ბალახის ყველა უპირატესობა ჩამოთვალა. მაგრამ მე შევაწყვეტინე: “ფეხბურთელებიც გვალაპარაკე. ჩვენ უნდა ვითამაშოთ”. მაშინ ვთქვი: “ხელოვნურ საფარზე ფეხბურთი პრეზერვატივით სექსს ჰგავს-მეთქი”.
– ვან გაალს “ექსელსიორთან” მეკარის გარეშე თამაში რატომ შესთავაზეთ?
– ყველა მეკარე დაშავებული იყო, როგორც პირველ გუნდში, ასევე სარეზერვო შემადგენლობაში. მთელი კვირა მეკარეების გარეშე ვვარჯიშობდით. მათ ადგილს ისლანდიელი ჯანმრთელი მცველი სტეისონი და მე ვიკავებდით. ჩვენ გადავწყვიტეთ სტეისონის დაყენება, მაგრამ თამაშის დღეს 19-წლამდელთა გუნდის მეკარე გამოგვიგზავნეს. ლუისს ვთხოვე: “მოდი, მეკარის გარეშე ვიმოქმედოთ”. – “გიჟი ხარ!” – “მერე რა. ხვალ ყველა ჩვენზე ილაპარაკებს”. “ეს მოწინააღმდეგის უპატივცემულობააო”.
18 წლის ბავშვით 5:0 მოვიგეთ. პირველად, მეტოქემ კარის მიმართულებით 67-ე წუთზე დაგვირტყა. ეს თამაში ყველას დაავიწყდა. მეკარის გარეშე რომ მოგვეგო, დღემდე გაიხსენებდნენ.
– “ექსელსიორთან” კიდევ ერთი თამაში უფრო ხშირად გვახსენდება.
– დიახ, 2006 წელს ლიგიდან ვარდებოდა, ჩვენ კი მასთან უნდა მოგვეგო და პირველ ადგილზე გავდიოდით. მაგრამ იყო მეკარის გაძევება, პენალტი… მოკლედ, წავაგეთ. მაგრამ შემდეგ ვან გალის ასისტენტი გავხდი და ჩემპიონობა მაინც მოვიპოვეთ დემბელესთან, არისთან, დე ზეუვთან და ელ ჰამდაუისთან ერთად. მოხარული ვარ, რომ “ალკმაარის” პროექტში მონაწილეობა მივიღე. ახლა იქ შესანიშნავი აკადემია და ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი ბიჭია.
– “ალკამაარში” თამაშსა და მწვრთნელობის დაწყებას შორის, ერთი წელი “ლევანტეში” გაატარეთ. ეს დრო როგორ დაგამახსოვრდათ?
– ორი ოპერაციის გამო, მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჩავატარე. სამაგიეროდ, კარიერა “სანტიაგო ბერნაბეუზე” დავასრულე. ლამაზად გამოვიდა. დღემდე ვმეგობრობ პედრო ლეონთან, რომელიც მოგვიანებით “რეალში” გადავიდა, და ლუის რუბიალესთან, რომელიც მაშინ “ლევანტეს” მცველი იყო, ახლა კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.
ირლანდიასთან თამაშის შემდეგ კინაღამ მოვკვდი…
– 2003 წლის გაზაფხულზე რუსეთთან მატჩს ტელევიზიით რატომ უყურეთ?
– ნაკრების ახალ მწვრთნელ ივო შუშაკს შევუთანხმდი, რომ “სელტიკთან” თამაშის გამო, გუნდს ცოტა მოგვიანებით შევუერთდებოდი. თბილისში ჩასულმა ვნახე, რომ შემადგენლობაში არ ვიყავი, იმიტომ, რომ გვიან ჩამოვედი. ავიღე ჩანთა და ისე წამოვედი, არავის არაფერი ვუთხარი. ასე ცხოვრებაში პირველად გავაკეთე. რა თქმა უნდა, ეს არასწორი საქციელი იყო. განაწყენებული ვიყავი, მაგრამ არავისთან მიჩხუბია, ჩუმად წამოვედი. მადლობა ღმერთს, რომ მოვიგეთ, თორემ წარუმატებლობა მე დამაბრალებოდა.
შუშაკმა ირლანდიასთან მატჩამდეც დამირეკა და აქაც იგივე განმეორდა, ოღონდ, ახლა უკვე ქინქლაძესთან მიმართებაში. შემადგენლობაში არ მოხვდა და წასასვლელად გაემზადა. ვთხოვე დარჩენა, მაგრამ ვერ დავარწმუნე. 0:2 დავმარცხდით. ამ თამაშის შემდეგ, კინაღამ მოვკვდი… ძალიან ბევრი “ვოლტარენი” მივიღე. თავბრუსხვევა მქონდა, გულისცემა ამიჩქარდა… ვიფიქრე, მოწამლული ვიყავი, ისევე, როგორც იაშვილი – თამაშამდე, ამიტომ, უბრალოდ წყალი დავლიე, მაგრამ უარესად გავხდი. მუცელში სისხლდენა დამეწყო. ბიზნესმენმა, ანზორ კიკალიშვილმა თქვა, რომ სასწრაფოდ დუბლინის საავადმყოფოში გადაყვანა მჭირდებოდა, სადაც 4 დღე ვიწექი. მადლობა ღმერთს, მაშინ გუნდთან ერთად თბილისში არ გავფრინდი. არავინ იცის, თვითმფრინავში რა მოხდებოდა.
მიმინო ჩვენი ბიბლიაა
– ვახტანგ კიკაბიძე თქვენი სადაური ნათესავია?
– დედაჩემის ბიძაშვილია. მე მიყვარს ფილმები მისი მონაწილეობით – “არ დაიდარდო”, “მიმინო”… რეჟისორი გია დანელია, კომპოზიტორი გია ყანჩელი, მსახიობები – კიკაბიძე, ლეონოვი, მკრტჩიანი… ბრწყინვალეები, ნამდვილი გენიოსები!.. “მიმინოს” ჩვენი ბიბლიაა – ამ ფილმიდან რამდენი რამის სწავლა შეიძლება!..
ახალ წლამდე ბუბა კონსტანტინოვიჩი ტაშკენტში კონცერტზე მოვიდა. მაგრად დგას. 82 წლისაა და უკვე მე-6 წელია დიალეზზეა. 2-საათიანი კონცერტი ჩაატარა.
– “ქაისერში” თანაშემწედ ჟერარდ ვან დერ ლემა მიიწვიეთ – ვან გალის ასისტენტი “აიაქსში”. რა გახსენდებათ?
– მაგარი კაცია! მე მას “აიაქსში” საშემსრულებლო ოსტატობის ყოფილი მწვრთნელის, ლასლო იამბორის მეშვეობით დავუკავშირდი, რომელიც დღემდე “ფახთაქორში” მეხმარება. ვან დერ ლემს ვუთხარი: “ეს ჩემი პირველი დამოუკიდებელი გამოცდილებაა. მჭირდება უფროსი ასისტენტი, ვისაც შეუძლია დაამშვიდოს ჩემი ქართული სისხლი და თქვას: “გაჩუმდი, დაჯექი და მოისმინე”. ჩვენ წარმატებით ვიმუშავეთ, მე-5 ადგილი დავიკავეთ და “ქაისერი” უეფას თასზე გავიყვანეთ. ოჯახური მიზეზების გამო, ვან დერ ლემი ჰოლანდიაში დაბრუნდა, მე კი “ქასიმფაშაში” წავედი.
– თქვენ “კასიმფაშა” უჩვეულოდ დატოვეთ. რა მოხდა ბოლო თამაშში?
– “ქონიას” მეკარე დაეცა, მისი პარტნიორები შეჩერდნენ და გვთხოვეს, ბურთი მოედნიდან გადაგვეგდო. მაგრამ რაიან დონკმა 40 მეტრიდან გაიტანა. ამის შემდეგ, გულშემატკივარი უბრალოდ გაგიჟდა. ჩემს ბიჭებს ვუთხარი, რომ ეს ძალიან ცუდი საქციელი იყო და ვთხოვე, გოლი გაეშვათ. 20 წუთის შემდეგ ჩვენს კარში უსამართლო პენალტი დანიშნეს. ვუყურებდი მათ მწვრთნელს, რომელმაც მითხრა – “ჩვენ ხომ ვვარდებოდით”. თამაშის დასრულების შემდეგ, დამარცხებაზე პასუხისმგებლობა ავიღე და კლუბის პრეზიდენტს გადადგომა ვთხოვე. მაგრამ მასთან დღემდე ვმეგობრობ.
– თქვენს ერთ-ერთ კლუბს სამედიცინო ცენტრის მფლობელი მართავდა. ამბობენ, რომ რჩევებით შეგაწუხათ…
– მე კი არა, არამედ – ფეხბურთელები. ურჩევდა, როგორ დაერტყათ. ვკითხე: “გინეკოლოგსაც ურჩევ და ქირურგს?” – “არაო”. – “აბა, რატომ უხსნით ფეხბურთელს როგორ დაარტყას?”.
წყარო: lelo.ge