ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, შემოდგომის პირველი ორი ტესტ-მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს ნაკრები 23 ოქტომბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრებს ეთამაშება, ხოლო 1 ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში რუსეთს თბილისში უმასპინძლებს. ამ მატჩებისთვის ჯამში 38 მორაგბე მოემზადება, რომელთაგან 22 მორკინალი და 16 ხაზის მოთამაშეა.
14 ნოემბრიდან ბორჯღალოსნები „შემოდგომის ერთა თასში“ ჩაერთვებიან, სადაც 14 ნოემბერს ინგლისს, 21 ნოემბერს უელსს, 29 ნოემბერს ირლანდიას და 5 დეკემბერს მეორე ჯგუფის ერთ-ერთ გუნდს (საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია, ფიჯი) ეთამაშებიან.
„გამოძახებულია ყველა, ვინც ამ ეტაპისთვის მზადაა და ვისი საქმეში ხილვაც მინდა. რეგულაციებიდან გამომდინარე, შოტლანდიასთან მატჩამდე ეს სია შემცირდება და საფრანგეთში შეკრებაზე 32-33 მორაგბე გვეყოლება. არის პოზიციები, სადაც ჯერ კიდევ არ ჩამოვყალიბებულვართ, ვინ მიიღებს მონაწილეობას პირველ ორ თამაშში. „შემოდგომის ერთა თასისთვის“ გაფართოებული შემადგენლობის ბირთვი იგივე იქნება. შესაძლოა იყოს მცირე ცვლილებები“ – განაცხადა შემადგენლობასთან დაკავშირებით ლევან მაისაშვილმა.
ხუთი დებიუტანტი
გაფართოებულ რაზმში ხუთი დებიუტანტია: ‘ბორდოს’ 28 წლის ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, ‘ბაიონის’ ახალგაზრდა მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი, ‘ორიაკის’ 9 ნომერი მიხეილ ალანია, რომელსაც პრო დე2-ში ახლახანს შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა, 20-წლამდელთა ნაკრების შუამარბი სანდრო სვანიძე და დავით ნინიაშვილი, ‘ხვამლის’ ფულბეკი, რომელსაც აქამდე მხოლოდ 18-წლამდელთა ნაკრებში და საქართველოს რეგიონალ ლიგაში უთამაშია.
მაისაშვილმა დებიუტანტები სათითაოდ დაახასიათა:
„იგივე ითქმის იოანე იაშაღაშვილზე, რომელსაც კარგად ვიცნობთ 20-წლამდელთა ნაკრებიდან. საფრანგეთში, კლუბში დაბრუნებამდე, ის მაისიდან ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა და დარწმუნებული ვარ, თავს ძალიან კარგად წარმოაჩენს“.
„კარგად ვიცნობ სანდრო სვანიძის შესაძლებლობებსაც, რომელმაც 20-წლამდელთა ნაკრებში კარგი თამაშები ჩაატარა და ეროვნულშიც გვყავდა შეკრებაზე“.
„რაც შეეხება დავით ნინიაშვილს, ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და ითამაშა მხოლოდ 18-წლამდელთა ნაკრებში, ასევე ‘ხვამლის’ შემადგენლობაში რეგიონალ ლიგაში და გამოცდილება აკლია. ის არის პერსპექტიული, კარგი უნარ-ჩვევების მქონე მორაგბე. ნინიაშვილი ნაკრებთან ერთად მაისიდან ვარჯიშობს და ფიზიკურადაც კარგ ფორმაშია. არის მეორე მომენტიც – ამ პოზიციის მორაგბეებით განებივრებული არ ვართ და მნიშვნელოვანია სიღმეების გაზრდა. დარწმუნებული ვარ, გონიერი მოთამაშე ამ ტიპის გამოცდილებას გამოიყენებს და გამოცდილების მიღების შანსიც ექნება. რამდენად მოუწევს მას შოტლანდიასთან, ან რუსეთთან თამაშის შესაძლებლობა, მომავალში გამოჩნდება“.
ყველანი მეორე ხაზში
გამოცდილი მორაგბეების – გიორგი ნემსაძისა და შალვა სუთიაშვილის ნაკრებიდან წასვლის ფონზე, მაისაშვილმა მეორე ხაზში ექვსი მორაგბე გამოიძახა. მათ შორისაა ‘ორიაკის’ მეორეხაზელი გიორგი ჯავახია, რომელსაც ბორჯღალოსანთა კვართით ერთხელ, შარშან ესპანეთის წინააღმდეგ უთამაშია:
„მაშინ მან ნაკრებში მესამე ხაზში ითამაშა, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი ძირითადი პოზიცია მეორე ხაზია. ეს ჩვენთვის პრობლემური პოზიციაა და მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა გამოვიძახეთ. საფრანგეთში შეკრებაზე ყველა გვეყოლება, დავაკვირდებით და შერკინებისა და დერეფნის მწვრთნელებთან ერთად გადავწყვეტთ, ვინ გვეყოლება თამაშებზე“.
9 დღე საფრანგეთში
ის ბორჯღალოსნები, რომლებიც ქართულ კლუბებში თამაშობენ, ან უკვე საქართველოში არიან, 21სექტემბრიდან შეკრებაზე „შევარდენზე“ შევიდნენ. ისინი იქ თვითიზოლაციის პირობებში 11 ოქტომბრამდე დარჩებიან, მერე კი საფრანგეთში გაემგზავრებიან.
მსოფლიო რაგბის მე-9 რეგულაციის თანახმად, ბორჯღალოსნებს სამი დღით ლეგიონერებიც შეუერთდებიან და მანდელიუში ივარჯიშებენ, მერე კი თამაშებისთვის კლუბებს დაუბრუნდებიან და ორშაბათს კვლავ საწვრთნელ ბანაკში გამოცხადდებიან.
ედინბურგში საქართველოს ნაკრები თამაშამდე სამი დღით ადრე ჩავა.
გაფართოებული რაზმი შოტლანდიასთან და რუსეთთან
შერკინება
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (61 კეპი, 10 ქულა), გურამ გოგიჩაშვილი (14 კეპი, 5 ქულა),ლექსო ყაულაშვილი, შალვა მამუკაშვილი (74 კეპი, 50 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (58 კეპი, 20 ქულა), გიორგი ჭყოიძე (11 კეპი, 5 ქულა), ლევან ჩილაჩავა (54 კეპი, 50 ქულა), ბექა გიგაშვილი (14 კეპი, 5 ქულა), გიორგი მელიქიძე (19 კეპი, 5 ქულა);
მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (64 კეპი, 10 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (25 კეპი), დავით გიგაური (6 კეპი, 5 ქულა), გრიგორ ქერდიყოშვილი (2 კეპი, 5 ქულა), ლაშა ჯაიანი (2 კეპი), გიორგი ჯავახია (1 კეპი);
მესამე ხაზი: ბექა გორგაძე (27 კეპი, 40 ქულა), ბექა საღინაძე (12 კეპი, 5 ქულა), ოთარ გიორგაძე (25 კეპი, 25 ქულა), გიორგი თხილაიშვილი (57 კეპი, 60 ქულა), მიხეილ გაჩეჩილაძე (10 კეპი, 10 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (1 კეპი), იოანე იაშაღაშვილი;
ხაზი
9: ვასილ ლობჟანიძე (51 კეპი, 40 ქულა), გელა აფრასიძე (25 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია;
10: თედო აბჟანდაძე (15 კეპი, 102 ქულა), ლაშა ხმალაძე (83 კეპი, 53 ქულა);
12-13: მერაბ შარიქაძე (66 კეპი, 62 ქულა), გიორგი კვესელაძე (24 კეპი, 20 ქულა), დემე თაფლაძე (2კეპი, 5 ქულა), ლაშა მალაღურაძე (99 კეპი, 198 ქულა), თამაზ მჭედლიძე (57 კეპი, 35 ქულა), სანდრო სვანიძე;
11-14: აკაკი ტაბუცაძე (2 კეპი, 25 ქულა), სანდრო თოდუა (85 კეპი, 70 ქულა), ზურაბ ძნელაძე (11 კეპი, 15 ქულა);
15: სოსო მათიაშვილი (27 კეპი, 152 ქულა), დავით ნინიაშვილი.