ჩაკვეტაძეზე ახლაც ბევრი რეკავს და ინტერესდება

432

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, საფეხბურთო მენეჯერი გოგა გახოკიძე ახლახან დაბრუნდა ათენიდან. “ლელო” მას განხორციელებულ და განსახორციელებელ ტრანსფერებზე, ასევე გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ელაპარაკა:

“ახლახან დავბრუნდი საბერძნეთიდან. ბაჩო არაბული გადავიყვანეთ ბერძნულ “პანიონიოსში”. ასევე უნგრეთში, კერძოდ “მეზოკოვეშდიში” გააგრძელებს კარიერას ბუდუ ზივზივაძე. ბუბა დაუშვილიც ჩვენი მეშვეობით მოხვდა კვიპროსულ “ანორთოსისში”. ყველა ეს ტრანსფერი განხორციელდა ჩემს პარტნიორ ლაშა ოდილაძესთან ერთად”, – გვითხრა გახოკიძემ.

ცხადია, მას ვკითხეთ იმის თაობაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ახლო მომავალში სხვა ტრანსფერებს: “რა თქმა უნდა, მოსალოდნელია. მიდის მუშაობა, მაგრამ სანამ არ მოგვარდება ყველაფერი, დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ”.

“ჩაკვეტაძე? რეაბილიტაციის პროცესი ძალიან კარგად მიდის. ის ჯერ ძუნძულს დაიწყებს, მერე კი – გუნდთან ერთად ვარჯიშს. ჩვენი გათვლით, ოქტომბრის ბოლოსთვის გიორგი სათამაშოდ მზად უნდა იყოს”.

ამასწინათ, თავად ჩაკვეტაძემ თქვა, რომ შეიძლებოდა, “რომაში” გადასულიყო, თუმცა ამაში ხელი ტრავმამ შეუშალა. საინტერესოა, ზოგადად ხომ არ შენელდა მის მიმართ ინტერესი ამ ტრავმის გამო?

“არა, უფრო პირიქით. ყველამ იცის, რომ ფეხბურთელმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება მიიღოს ტრავმა. ახლაც ძალიან ბევრი რეკავს და ინტერესდება. იტალიიდან, სხვა ქვეყნებიდან”…

წყარო: lelo.ge

SHARE