საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტი 2021-ს საკვალიფიკაციო ციკლში მე-2 მატჩი ჩაატარა და ბელგრადში, E ჯგუფის აშკარა ფავორიტ სერბეთს საოცარი მატჩი 94:90 მოუგო.
სერბეთი, რომელსაც ჩვენი კარგი ნაცნობი იგორ კოკოშკოვი ავარჯიშებს, სტუმართა შევიწროვებას პრესინგის ხარჯზე ცდილობდა, რასაც შედეგი მოჰქონდა. უკვე პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებს 9 (!) დაკარგვა ჰქონდა, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია.
მიუხედავად ყველაფრისა, საწყის ნახევარში მეტოქის გაქცევის შეჩერება შევძელით, რაშიც დიდი როლი გიორგი შერმადინმა და თად მაკფადენმა ითამაშეს. ქართველმა ცენტრმა ყველა შეტევა ზუსტად დაასრულა და 10 ქულა მიითვალა, ეროვნული გუნდის ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა კი 11 ქულა ჩააგდო.
5 ქულა ჰქონდა ბექა ბურჯანაძეს. კარგად ჩაერთო თამაშში თსუ-ს ახალგაზრდა ცენტრი გიორგი ტურძილაძეც, რომელმაც 08:47 წუთში ნაკრებს 4 ქულა და 5 მოხსნა შესძინა.
შეუჩერებელი იყო მაკფადენი, რომელმაც მე-3 მეოთხედში ქულათა მონაგარი 23 ქულამდე აიყვანა. შედეგად, ერთ ეპიზოდში ანგარიშის გათანაბრებაც (65:65) კი მოხერხდა, ბოლო მეოთხედის წინ კი, მხოლოდ ორ ქულას ვაგდებდით.
საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი ათწუთეულიც კარგად დაიწყო და საფინალო სირენამდე შვიდიოდ წუთით ადრე, ანდრონიკაშვილის სწრაფი გარღვევის შემდეგ, პირველად დავწინაურდით. საინტერესოა, რომ გუნდებმა პერსონალური ფოლების ლიმიტი სწრაფად ამოწურეს, ამდენად, კალათბურთელები საჯარიმო ხაზზე ხშირად დგებოდნენ.
დასკვნით ხუთ წუთში თამაში, ფაქტობრივად, ქულა-ქულაში წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ სერბეთი ძირითადად წინ იყო, ძირითადად, სამქულიანების ხარჯზე საქართველო წამოწევას მუდმივად ახერხებდა. შორეული ტყორცნა ჯერ სანაძემ გამოიყენა, შეუდარებლად მოთამაშე მაკფადენის საოცარი ტყორცნის შემდეგ კი, ჩვენი გუნდი 92:90 დაწინაურდა.
სერბებს დასკვნითი შეტევა ჰქონდათ, რომელიც გაუცუდდათ, იქვე მაკფადენზე დაჯარიმდნენ და თადმაც 2 ზუსტი ჯარიმით საბოლოო წერტილი დასვა – 90:94. საბოლოოდ, შეხვედრის გმირი სწორედ “ქართველი ამერიკელი” გახდა, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო, გიორგი შერმადინის აქტივში კი 23 ქულა და 11 მოხსნა იყო, ბურჯანაძემ კი 11 ქულას 8 მოხსნა წაამატა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებს 2 ტურის თავზე 2 გამარჯვება მოუგროვდა და E ჯგუფს სათავეში მოექცა, რაც უდიდესი წარმატებაა.
შეგახსენებთ, რომ ვინაიდან საქართველო მომავალი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია, ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ციკლში, ასე ვთქვათ, უკონკურსოდ თამაშობს, შედეგად, ილიას ზუროსს ექსპერიმენტების განხორციელება თამამად შეუძლია.
წლეულს, საქართველოს ნაკრებს შესარჩევ რაუნდში კიდევ 2 მატჩი ელის და ორივე სტუმრად შედგება. 27 ნოემბერს, ქართველი კალათბურთელები ფინეთს ეთამაშებიან, 30-ში კი, შვეიცარიას, რომელსაც პირველ ტურში შინ ოვერტაიმში 96:88 მოვუგეთ.
წყარო: popsport.ge